ღვთისმშობელია მარიამი?
ბიბლიის თვალსაზრისი
არა. ბიბლიაში არ წერია, რომ მარიამი ღვთისმშობელია; არც ის წერია, რომ ქრისტიანებმა მას თაყვანი უნდა სცენ. a დაფიქრდით:
მარიამს არასოდეს უთქვამს, რომ ღვთისმშობელი იყო. ბიბლიაში წერია, რომ მარიამმა „ღვთის ძე“ შვა და არა თავად ღმერთი (მარკოზი 1:1 სსგ; ლუკა 1:32).
იესო ქრისტეს არასოდეს უთქვამს, რომ მარიამი ღვთისმშობელი იყო, ან რომ ის უნდა განედიდებინათ. უფრო მეტიც, იესომ თვალსაზრისი შეუსწორა ერთ ქალს, რომელმაც მარიამს განსაკუთრებული პატივი მიაგო, და უთხრა: „ბედნიერი ის არის, ვინც ისმენს ღვთის სიტყვას და იცავს მას!“ (ლუკა 11:27, 28).
ბიბლიაში არსად არის მოხსენიებული სიტყვები: „ღვთისმშობელი“ და „თეოტოკოს“ (დედა ღვთისა).
ბიბლიაში „ცის დედოფალი“ მარიამს კი არ ეწოდება, არამედ ცრუ ქალღმერთს, რომელსაც განდგომილი ისრაელები სცემდნენ თაყვანს (იერემია 44:15—19). შესაძლოა „ცის დედოფალი“ ბაბილონის ქალღმერთი იშთარი (ასტარტე) იყო.
პირველი საუკუნის ქრისტიანები მარიამს არც თაყვანს სცემდნენ და არც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. ადრინდელი ქრისტიანების შესახებ ერთი ისტორიკოსი თავის ნაშრომში აღნიშნავს: „ისინი უარყოფდნენ ნებისმიერ კულტს. შესაძლოა შიშობდნენ, რომ მარიამის მიმართ გადამეტებული ყურადღების გამოვლენით სხვებში იმის ეჭვი არ გამოეწვიათ, რომ თითქოსდა ისინი ქალღმერთის თაყვანისმცემლები იყვნენ“ (In Quest of the Jewish Mary).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა (ფსალმუნი 90:1, 2; ესაია 40:28). რამდენადაც ღმერთს დასაბამი არ აქვს, შეუძლებელია, რომ მას დედა ჰყავდეს. გარდა ამისა, როგორ დაიტევდა მარიამი მუცელში ღმერთს, რომლის შესახებაც ბიბლიაში ნათქვამია, რომ მას ზეცათა ზეცაც კი ვერ იტევს?! (1 მეფეები 8:27).
მარიამი — იესოს დედა და არა ღვთისმშობელი
მარიამი იყო ებრაელი, დავით მეფის შთამომავალი (ლუკა 3:23—31). თავისი რწმენისა და ერთგულების გამო მას ღმერთი ძვირფასად თვლიდა (ლუკა 1:28). ღმერთმა სწორედ მარიამი აირჩია, რომ იესოს დედა გამხდარიყო (ლუკა 1:31, 35). მარიამსა და იოსებს, მის მეუღლეს, იესოს გარდა სხვა შვილებიც ჰყავდათ (მარკოზი 6:3).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მარიამი იესოს მოწაფე გახდა, თუმცა მის შესახებ ბევრი არაფერია ნათქვამი (საქმეები 1:14).
a ზოგიერთი რელიგია ასწავლის, რომ მარიამი ღვთისმშობელია. ისინი მარიამს მოიხსენიებენ როგორც „ცის დედოფალს“ ან თეოტოკოს, რაც ბერძნულად ნიშნავს „დედა ღვთისას“.