შესაძლებელია ბიბლიაში მანუგეშებელი აზრების პოვნა?
ბიბლია გვპასუხობს:
დიახ, შესაძლებელია (რომაელები 15:4). განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მუხლი, რომლებიც რთულ სიტუაციაში მყოფი არაერთი ადამიანისთვის აღმოჩნდა ნუგეშისა და გამხნევების წყარო.
ამ სტატიაშია:
გასაჭირი
ფსალმუნი 23:4: „წყვდიადით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ არაფერი მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: როცა დახმარებისთვის ღმერთს მივმართავთ ლოცვით და მისი სიტყვის, ბიბლიის, ხელმძღვანელობას მივყვებით, გასაჭირის დროს მხნეობას არ ვკარგავთ.
ფილიპელები 4:13: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთს შეუძლია ნებისმიერ განსაცდელთან გასამკლავებლად მოგვცეს ძალა.
საყვარელი ადამიანის სიკვდილი
ეკლესიასტე 9:10: „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: გარდაცვლილები არ იტანჯებიან; მათ არც არანაირი ზიანის მოყენება შეუძლიათ ჩვენთვის. ისინი უგრძნობ მდგომარეობაში არიან.
საქმეები 24:15: „იქნება მკვდრეთით აღდგომა“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთს შეუძლია სიცოცხლე დაუბრუნოს ჩვენს საყვარელ ადამიანებს, რომლებიც სიკვდილმა წაგვართვა.
დანაშაულის გამძაფრებული გრძნობა
ფსალმუნი 86:5: „იეჰოვა, a რაოდენ კარგი და მიმტევებელი ხარ; სიყვარულს არ იშურებ მისთვის, ვინც გიხმობს“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთი პატიობს მათ, ვინც გულწრფელად წუხს ჩადენილი დანაშაულის გამო და გადაწყვეტილი აქვს, აღარ გაიმეოროს მსგავსი შეცდომები.
ფსალმუნი 103:12: „როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: როცა ღმერთი გვპატიობს ცოდვებს, ის ივიწყებს და აღარასოდეს გვახსენებს მათ.
დარდი და გულგატეხილობა
ფსალმუნი 31:7: „დაინახე ჩემი გაჭირვება; შენ უწყი, რა მიფორიაქებს სულს“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთმა იცის, რა გვაფორიაქებს და რა გვიკარგავს მოსვენებას. ის კარგად ხედავს, რა ხდება ჩვენს გულში მაშინაც, როცა უახლოეს ადამიანსაც კი არ ესმის ჩვენი ბოლომდე.
ფსალმუნი 34:18: „იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთი გვპირდება, რომ მხარს დაგვიჭერს, როცა რაღაცაზე ვდარდობთ. ის ემოციური ტკივილის მოშუშებაში დაგვეხმარება.
ავადმყოფობა
ფსალმუნი 41:3: „იეჰოვა მხარში ამოუდგება მას ავადმყოფობის დროს“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: სერიოზული ავადმყოფობის დროს ღმერთს შეუძლია მოგვცეს შინაგანი სიმშვიდე, ძალა და მოთმინება; აგრეთვე, სიბრძნე გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ესაია 33:24: „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღვთის დაპირების თანახმად, დადგება დრო, როცა ყველას შესანიშნავი ჯანმრთელობა ექნება.
სტრესი და შფოთვა
ფსალმუნი 94:19: „როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა, შენ მანუგეშე და დამამშვიდე“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: თუ სტრესულ სიტუაციაში ღმერთს მივმართავთ დახმარებისთვის, ის გვანუგეშებს და სიმშვიდეს გვაპოვნინებს.
1 პეტრე 5:7: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღვთისთვის სულ ერთი არ არის ჩვენი საწუხარი. ის მოგვიწოდებს, რომ მას გავანდოთ ყველანარი სატკივარი.
ომი
ფსალმუნი 46:9: „ის წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: მალე ღვთის სამეფო ყველანაირ ომს დაუსვამს წერტილს.
ფსალმუნი 37:11, 29: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით … მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: კარგი ადამიანები მარადიულად გაიხარებენ მშვიდობით დედამიწაზე.
მომავლის შიში
იერემია 29:11: „ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის, — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას; მინდა, რომ მომავლის იმედი გქონდეთ“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთი შესანიშნავი მომავლის იმედს აძლევს თავის ხალხს.
გამოცხადება 21:4: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.
რას ნიშნავს ეს სიტყვები: ღმერთი გვპირდება, რომ ყველაფერი ცუდი, რაც დღეს ხდება, წარსულს ჩაჰბარდება.
a იეჰოვა არის ღვთის სახელი (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.