რას ამბობს ბიბლია მეგობრობაზე?
ბიბლია გვპასუხობს:
მეგობრები ამდიდრებენ ჩვენს ცხოვრებას და ბედნიერებას გვანიჭებენ. კარგი მეგობრები ერთმანეთს უკეთესობისკენ ცვლიან (იგავები 17:17).
ბიბლია მოგვიწოდებს, დაკვირვებით შევარჩიოთ მეგობრები და გვაფრთხილებს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ცუდ არჩევანს. ცუდი მეგობრების ზეგავლენით შეიძლება არასწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ. მათთან მეგობრობა შეიძლება ჩვენს პიროვნულ თვისებებზეც ცუდად აისახოს (იგავები 13:20; 1 კორინთელები 15:33).
ამ სტატიაშია:
ვინ არის კარგი მეგობარი?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ კარგი მეგობრობისთვის საერთო ინტერესებზე მეტია საჭირო. მაგალითად, ფსალმუნის 119:63-ში ვკითხულობთ: „ყველა შენი * მოშიშისა და ყველა შენი ბრძანების შემსრულებლის მეგობარი ვარ“. ამ სიტყვების ავტორი მათთან მეგობრობდა, ვისაც ღვთის შიში ჰქონდა და მისი დადგენილი ნორმების თანახმად ცხოვრობდა.
ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს მეგობარი. მაგალითად:
„ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).
„ზოგი მოძმის გასაგლეჯადაც მზადაა, ზოგი მეგობარი კი ძმაზე ერთგულია“ (იგავები 18:24).
ამ მუხლებიდან ვიგებთ, რომ ნამდვილი მეგობარი ერთგული, მოსიყვარულე, კეთილი და ხელგაშლილია. ასეთი მეგობარი ყოველთვის მხარში გვიდგას, ჭირში თუ ლხინში. ის არც რჩევის მოცემისგან იკავებს თავს, როცა ხედავს, რომ ცუდ გზას ვადგავართ ან არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ (იგავები 27:6, 9).
ნამდვილი მეგობრობის რა მაგალითებს ვხვდებით ბიბლიაში?
ბიბლიაში მოთხრობილია ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც ასაკობრივი სხვაობის, განსხვავებული კულტურის, წარმომავლობის თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად, კარგი მეგობრები იყვნენ. მოდი ვიმსჯელოთ სამ შემთხვევაზე.
რუთი და ნაომი. რუთი ნაომის რძალი იყო და, რა თქმა უნდა, მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იქნებოდა. გარდა ამისა, მათ სხვადასხვა წარმომავლობა ჰქონდათ. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისინი ძალიან ახლო მეგობრები გახდნენ (რუთი 1:16).
დავითი და იონათანი. იონათანი დავითზე დაახლოებით 30 წლით უფროსი იყო, მაგრამ ისინი ისე დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, რომ „ძმებივით გახდნენ“ (1 სამუელი 18:1).
იესო და მისი მოციქულები. იესოს თავის მოციქულებთან შედარებით ბევრად მაღალი მდგომარეობა ეკავა. ის მათი მოძღვარი და უფალი იყო (იოანე 13:13). მიუხედავად ამისა, ის უარს არ ამბობდა მათთან მეგობრობაზე. პირიქით, ახლო ურთიერთობა ჰქონდა მათთან, ვინც მისგან სწავლობდა. მან ასეთი რამ თქვა: „მეგობრები გიწოდეთ, რადგან რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“ (იოანე 15:14, 15).
შესაძლებელია ღმერთთან დამეგობრება?
დიახ, ადამიანებს შეუძლიათ დაუმეგობრდნენ ღმერთს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის მეგობრობს მართლებთან ანუ პატიოსან და წესიერ ადამიანებთან, რომლებიც ცდილობენ, მის მოსაწონად იცხოვრონ (იგავები 3:32). მაგალითად, ღვთის ერთგული მამაკაცი აბრაამი ბიბლიაში მის მეგობრად არის მოხსენიებული (2 მატიანე 20:7; ესაია 41:8; იაკობი 2:23).
^ აბზ. 3 კონტექსტიდან ჩანს, რომ ამ ფსალმუნის ავტორი ღმერთს მიმართავს.