რას ნიშნავს, იყო წმინდა?
ბიბლიის თვალსაზრისი
იყო წმინდა, ნიშნავს, თავი შორს დაიჭირო ყოველგვარი სიბილწისგან. სიწმინდედ ნათარგმნი ებრაული სიტყვა მომდინარეობს სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „გამოცალკევებას“. ასე რომ, ის, რაც წმინდად ითვლება, გამოცალკევებულია; სიწმინდე სისუფთავისა და სისპეტაკის მნიშვნელობასაც ატარებს.
ღმერთი ყველას აღემატება სიწმინდით. ბიბლიაში წერია: „არავინაა შენსავით წმინდა, იეჰოვა“ a (1 სამუელი 2:2). ამიტომ ღმერთს სრული უფლება აქვს, სიწმინდესთან დაკავშირებით ნორმები დაგვიდგინოს.
წმინდად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი რამ, რაც ღმერთს უკავშირდება, განსაკუთრებით ის, რაც ღვთის მსახურებისთვისაა გამოყოფილი. მაგალითად, ბიბლიაში მოხსენიებულია:
წმინდა ადგილები: როცა მოსე ცეცხლმოკიდებულ ბუჩქთან იდგა, ღმერთმა უთხრა: „წმინდა მიწაზე დგახარ“ (გამოსვლა 3:2—5).
წმინდა დღესასწაულები: ისრაელები თაყვანს სცემდნენ იეჰოვას რელიგიურ დღესასწაულებზე, რომლებსაც „წმინდა შეკრებებს“ უწოდებდნენ (ლევიანები 23:37).
წმინდა ნივთები: ის ნივთები, რომლებიც იერუსალიმის ტაძარში იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის გამოიყენებოდა, „წმინდა ნივთებად“ ითვლებოდა (1 მეფეები 8:4). ასეთ ნივთებს დიდი პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ, თუმცა თაყვანი არ უნდა ეცათ. b
შესაძლებელია, არასრულყოფილი ადამიანი იყოს წმინდა?
დიახ. ღმერთი ქრისტიანებს მოუწოდებს: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“ (1 პეტრე 1:16). რა თქმა უნდა, არასრულყოფილი ადამიანი ვერასოდეს იქნება ღმერთივით წმინდა. თუმცა, ის ვინც ღვთის სამართლიან ნორმებს ემორჩილება, „წმინდა [და] ღვთისთვის მოსაწონია“ (რომაელები 12:1). ადამიანი თავისი სიტყვებით და საქმეებით ცხადყოფს, რომ ცდილობს სიწმინდის შენარჩუნებას. მაგალითად, ასეთი ადამიანი ითვალისწინებს ღვთის რჩევას, განიწმინდეთ, მოერიდეთ სიძვას და „ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით“ (1 თესალონიკელები 4:3; 1 პეტრე 1:15).
შესაძლებელია, რომ ადამიანი აღარ ჩაითვალოს ღვთის თვალში წმინდად?
დიახ. თუ ადამიანი ზურგს აქცევს ღვთის ნორმებს, ღვთის თვალში ის წმინდად აღარ ჩაითვლება. მაგალითად, ბიბლიაში, ებრაელების მიმართ წერილში მოხსენიებულნი არიან „წმინდა ძმები“, თუმცა იქვე მათთვის მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა ჩაწერილი: „რომელიმე თქვენგანს ბოროტი და ურწმუნო გული არ განუვითარდეს“ (ებრაელები 3:1, 12).
მცდარი შეხედულებები სიწმინდეზე
მცდარი შეხედულება: სიწმინდის შენარჩუნება ასკეტური ცხოვრებით მიიღწევა.
სინამდვილე: ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „სხეულის დათრგუნვა“ ან საკუთარი თავის სრული უგულებელყოფა უსარგებლოა ღვთისთვის (კოლოსელები 2:23). ნაცვლად ამისა, ღმერთს სურს, რომ სიცოცხლით გავიხაროთ. „ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:13).
მცდარი შეხედულება: სიწმინდის შესანარჩუნებლად ადამიანმა უნდა დაიცვას ცელიბატი.
სინამდვილე: ქრისტიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, დაუქორწინებელი დარჩეს, მაგრამ ეს მას ავტომატურად ღვთის თვალში წმინდას არ გახდის. დაუქორწინებლობა ადამიანს საშუალებას აძლევს, მოუცდენლად ემსახუროს ღმერთს (1 კორინთელები 7:32—34). თუმცა ბიბლიის თანახმად, ისინიც შეიძლება ჩაითვალონ წმინდებად, ვისაც ოჯახები ჰყავთ. მაგალითად, ბიბლიიდან ვიცით, რომ ქრისტეს მოციქული პეტრე დაქორწინებული იყო (მათე 8:14; 1 კორინთელები 9:5).
a იეჰოვა არის ღვთის პირადი სახელი. ასობით ბიბლიურ მუხლში ეს სახელი მოიხსენიება სიტყვებთან „წმინდა“ და „სიწმინდე“.
b ბიბლია გმობს რელიგიური რელიკვიების თაყვანისცემას (1 კორინთელები 10:14).