რას ნიშნავს რიცხვი 666?
ბიბლია გვპასუხობს:
ბიბლიის ბოლო წიგნში, „გამოცხადებაში“ წერია, რომ რიცხვი 666 არის მხეცის რიცხვი ანუ სახელი. გამოცხადების წიგნიდან ვიგებთ, რომ ამ მხეცს შვიდი თავი და ათი რქა აქვს და ზღვიდან ამოდის (გამოცხადება 13:1, 17, 18). მხეცი ასიმბოლოებს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას, რომელსაც ემორჩილება „ყოველი ტომი და ხალხი, ენა და ერი“ (გამოცხადება 13:7). მხეცის რიცხვი ანუ სახელი 666 იმაზე მეტყველებს, რომ ღვთის თვალში ეს სისტემა სრულიად უსუსური და წარუმატებელია. რატომ შეგვიძლია ამის თქმა?
სახელზე გაცილებით მეტი. ღვთის მიერ დარქმეულ ამა თუ იმ სახელს თავისი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ღმერთი ერთ თავის მსახურს, აბრამს შეჰპირდა, რომ „მრავალი ერის მამად“ აქცევდა. ამიტომ უთხრა, რომ აღარ ერქმეოდა აბრამი, რაც „დიდების მამას“ ნიშნავს, არამედ აბრაამი, რომლის მნიშვნელობაცაა „სიმრავლის მამა“ (დაბადება 17:5, სქოლიოები). მსგავსად ამისა, მხეცის სიმბოლური სახელიც 666 ბევრ რამეს გვაგებინებს თავად ამ მხეცის შესახებ.
რიცხვი ექვსი არასრულყოფილებისა და ნაკლოვანების სიმბოლოა. ბიბლიაში ხშირად რიცხვებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ჩვეულებრივ, ბიბლიაში რიცხვი 7 სისრულისა და სრულყოფილების სიმბოლოდ გამოიყენება. რიცხვი 6 შვიდზე ერთით ნაკლებია; შესაბამისად, მას საპირისპირო მნიშვნელობა აქვს — ის არასრულყოფილებისა და ნაკლოვანების სიმბოლოა. ეს რიცხვი ღვთის მტრებთან დაკავშირებითაც გამოიყენება (1 მატიანე 20:6; დანიელი 3:1).
სამი ექვსიანი ხაზს უსვამს მის სიმბოლურ მნიშვნელობას. ზოგჯერ ბიბლია რაიმეს მნიშვნელობის ხაზგასასმელად ერთსა და იმავეს სამჯერ იმეორებს (გამოცხადება 4:8; 8:13). აქედან გამომდინარე, რიცხვი 666 იმას ნიშნავს, რომ ღვთის თვალში პოლიტიკურ სისტემას სერიოზული ნაკლი აქვს. და ეს ნამდვილად ასეა, რადგან პოლიტიკური სისტემა სრულიად უსუსური და წარუმატებელი აღმოჩნდა — მან ვერ მიაღწია ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამას მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სამეფო შეძლებს!
მხეცის ნიშანი
ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანები „მხეცის ნიშანს“ მიიღებენ, რადგან ისინი „აღტაცებით მიჰყვებიან“ ანუ თაყვანს სცემენ მხეცს (გამოცხადება 13:3, 4; 16:2). ამის თვალსაჩინო მაგალითი ისაა, რომ ბევრი თაყვანს სცემს სამშობლოს, სახელმწიფო დროშასა თუ სამხედრო ძალებს. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ნაციონალიზმი თანამედროვე მსოფლიოში წამყვან რელიგიად იქცა“. a
ბიბლიაში წერია, რომ მხეცის ნიშანი ადამიანებს მარჯვენა ხელზე ან შუბლზე დაესმებათ; რას ნიშნავს ეს? (გამოცხადება 13:16). ამის გასაგებად შეგვიძლია ბიბლიიდან ერთი მონაკვეთი გავიხსენოთ. კანონის მიცემის შემდეგ ღმერთმა თავის ხალხს მოუწოდა: „გულსა და სულში ჩაიბეჭდეთ ეს სიტყვები, შეიბით ნიშნად ხელზე და გაიკეთეთ შუბლზე“ (კანონი 11:18). ღვთის სიტყვები იმას არ ნიშნავდა, რომ ისრაელებს პირდაპირი გაგებით ნიშანი უნდა დაედოთ ხელსა და შუბლზე; უბრალოდ მათ ყოველთვის უნდა ხსომებოდათ ღვთის კანონი და მას გავლენა უნდა მოეხდინა მათ აზროვნებასა თუ საქციელზე. ამის მსგავსად, მხეცის ნიშანს 666 პირდაპირი გაგებით არავინ იღებს. ამ ნიშანს სიმბოლური გაგებით ისინი იღებენ, რომლებიც პოლიტიკურ სისტემას ნებას რთავენ, მართოს მათი ცხოვრება. ასე რომ, ისინი, ვინც მხეცის ნიშანს ატარებენ, ღვთის მოწინააღმდეგეები გამოდიან (გამოცხადება 14:9, 10; 19:19—21).
a აგრეთვე იხილეთ Nationalism in a Global Era, გვერდი 134; და Nationalism and the Mind: Essays on Modern Culture, გვერდი 94.