როგორ გავუმკლავდე სექსუალურ შეურაცხყოფას?
ბიბლია გვპასუხობს:
მოდი, ვნახოთ, რა პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს ბიბლია.
შემოიფარგლეთ საქმიანი ურთიერთობით. თანამშრომლებს პატივისცემით მოეპყარით, მაგრამ ძალიან ნუ გაუშინაურდებით, რათა არ აფიქრებინოთ, რომ რომანტიკულ ურთიერთობაზეც იქნებით თანახმა (მათე 10:16; კოლოსელები 4:6).
ჩაიცვით მოკრძალებულად. მოერიდეთ გამომწვევ ჩაცმულობას, რომ ვინმეში არ აღძრათ ვნება. ბიბლია გვირჩევს, რომ შევიმოსოთ „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით“ (1 ტიმოთე 2:9).
ბრძნულად აირჩიეთ მეგობრები. თუ მათთან ატარებთ დროს, ვისაც უყვარს არშიყი და არც სექსზე ამბობს უარს, თქვენც ასეთად ჩაგთვლიან (იგავები 13:20).
ყურს ნუ ათხოვებთ უხამს საუბრებს. თუ ვინმე „სულელურ ლაპარაკს და უწმაწურ ხუმრობას“ დაიწყებს, გაეცალეთ იქაურობას (ეფესოელები 5:4).
მოერიდეთ სახიფათო სიტუაციებს. ნუ დარჩებით ვინმეს თხოვნით სამსახურში არასამუშაო საათებში, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს (იგავები 22:3).
იყავით მტკიცე და შეუვალი. თუ ვინმე სექსუალურ შეურაცხყოფას გაყენებთ, გასაგებად უთხარით, რომ თქვენთვის მიუღებელია მისი საქციელი (1 კორინთელები 14:9). შეგიძლიათ უთხრათ: „ასე ახლოს ნუ მოდიხართ ჩემთან. არ მსიამოვნებს. შეწყვიტეთ!“. წერილობითი სახით აუხსენით, რომ რაც მოხდა, ამან შეურაცხგყოთ და აღარ გსურთ, ეს განმეორდეს. გასაგებად აუხსენით ისიც, რომ ასე თქვენი რელიგიური შეხედულების და ზნეობრივი ფასეულობების გამო იქცევით (1 თესალონიკელები 4:3—5).
მიიღეთ დახმარება. თუ შეურაცხმყოფელი იმავეს აკეთებს, გაანდეთ საწუხარი სანდო მეგობარს, ოჯახის წევრს, რომელიმე თანამშრომელს ან ისეთ ადამიანს, ვისაც მსგავსი რამ საკუთარ თავზე გამოუცდია (იგავები 27:9). ბევრისთვის, ვინც შეურაცხმყოფელთა მსხვერპლი გამხდარა, ლოცვა დიდად დახმარებია. თუ აქამდე არ გილოციათ, ჯეროვნად შეაფასეთ დახმარება, რომელიც იეჰოვასგან, „ყოველგვარი ნუგეშის მამისგან“, შეგიძლიათ მიიღოთ (2 კორინთელები 1:3).
მართალია, სექსუალური შეურაცხყოფის გამო მილიონობით ადამიანს სამსახურისკენ აღარ მიუწევს გული, მაგრამ ბიბლიას ძალუძს, დაგეხმაროთ.