არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვინ შექმნა?

მიქსინების ლორწო

მიქსინების ლორწო

 დიდი ხანია, მეცნიერების ყურადღებას იპყრობს მიქსინების მიერ გამოყოფილი ჟელესებრი ლორწო, იგივე ჰიდროგელი. რატომ გახდა მიქსინების ლორწო კვლევის საგანი? მიქსინების ჰიდროგელი მიჩნეულია, როგორც ყველაზე რბილი და დრეკადი ბიოლოგიური მასალა.

 დაფიქრდით: მიქსინები გველთევზასმაგვარი ქმნილებები არიან, რომლებიც ოკეანის ფსკერზე ბინადრობენ. როცა მტაცებლები თავს ესხმიან, ისინი ჯირკვლებიდან ლორწოს გამოყოფენ. მიქსინების მიერ გამოყოფილი ჰიდროგელი ლორწოვანი ცილებისა და გრძელი ძაფისებრი ცილებისგან შედგება, რომელთა რაოდენობაც ათასებს აღწევს. ამ ცილების შეერთების შედეგად მიქსინების გარშემო არსებული წყალი წებოვან ლორწოდ გარდაიქმნება. ლორწო მტაცებლების ლაყუჩებს აცობს, ამიტომაც ამოანთხევენ მიქსინებს და ეცლებიან იქაურობას.

 მიქსინების ჰიდროგელი განსაკუთრებული მასალაა. ძაფისებრი ცილები ადამიანის თმის ღერზე ასჯერ უფრო თხელია, მაგრამ თითქმის ათჯერ უფრო მტკიცე, ვიდრე ნეილონის ძაფი. ლორწოვანი ცილისა და ძაფისებრი ცილის ზღვის წყალთან შერევის შედეგად იქმნება ნაზი სამგანზომილებიანი საცრისებრი ფაქტურა. ამ ბიოლოგიურ მასალას შეუძლია თავის წონაზე 26 000-ჯერ მეტი სიმძიმის წყლის შეკავება. ფაქტობრივად, მიქსინების მიერ გამოყოფილი ლორწოს თითქმის 100 პროცენტი წყალია.

 მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებენ მსგავსი ჰიდროგელის შექმნას. ერთ-ერთი მეცნიერის თქმით, ეს ბიოლოგიური მასალა საკმაოდ კომპლექსური აგებულებისაა. თუმცა მეცნიერებს სურთ, შექმნან გენეტიკურად მოდიფიცირებული ძაფისებრი ცილა, რისთვისაც ბაქტერიას გამოიყენებენ. მათი მიზანია, მიიღონ მსუბუქი, ელასტიკური და ბიოხრწნადი მასალა. ამ სინთეტიკური ცილის ძაფის გამოყენებას შეძლებენ როგორც სამედიცინო მიზნით, ისე გამძლე ქსოვილების საწარმოებლად. კიდევ ვინ მოთვლის, რამდენ რამეში შეიძლება გამოიყენონ ეს სინთეტიკური მასალა.

 რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგია მიქსინების ლორწო, ეს საკმაოდ კომპლექსური ბიოლოგიური მასალა, თუ შემოქმედის დამსახურებაა?