არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲕᲘᲜ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ?

უჯრედის გზა საბოლოო „დანიშნულებამდე“

უჯრედის გზა საბოლოო „დანიშნულებამდე“

 ადამიანის სიცოცხლე ერთი პაწაწინა უჯრედიდან, ზიგოტიდან (განაყოფიერებული კვერცხუჯრედი), იწყება. ეს უჯრედი, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით არც თუ ისე ადვილია, რამდენიმე თვეში სრულფასოვან ბავშვად ყალიბდება. განვითარების პროცესში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მრავლდება და წარმოიქმნება 200-ზე მეტი სახეობის მილიარდობით უჯრედი, რომლებსაც განსხვავებული ზომა, ფორმა და ფუნქცია გააჩნია.

 დაფიქრდით: ზიგოტა თავისი დნმ-ის ასლს ქმნის და ორად იყოფა. წარმოქმნილი უჯრედები თავის მხრივ კიდევ იყოფიან და ეს პროცესი არაერთხელ მეორდება. თავიდან ყველა წარმოქმნილი უჯრედი თითქმის ერთმანეთის იდენტურია. მათ დნმ-ში ერთგვარი ინსტრუქცია აქვთ, რომლის მეშვეობითაც ისინი სხვადასხვა თვისებების მქონე უჯრედებად ყალიბდებიან.

 ჩასახვიდან ერთ კვირაში უჯრედები ორ ჯგუფად იყოფა. ერთი ჯგუფი ემბრიონად იქცევა, მეორე კი – პლაცენტად და ემბრიონის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ სხვა ქსოვილებად.

 ჩასახვიდან სამ კვირაში ემბრიონის უჯრედები სამ შრედ იყოფა – გარე, შუა და შიდა შრეებად. შრეებად დაყოფილი უჯრედები განსაზღვრულ ფორმასა და ფუნქციას იძენენ, რასაც დიფერენციაცია (სპეციალიზაცია) ეწოდება. გარე შრეში არსებული უჯრედების დიფერენციაციის შედეგად ყალიბდება ნერვები, ტვინი, პირის ღრუ, კანი და სხვა. შუა შრეში არსებული უჯრედების დიფერენციაციის შედეგად ყალიბდება სისხლი, ძვლები, თირკმელები, კუნთები და სხვა ქსოვილები, ხოლო შიდა შრეში არსებული უჯრედების დიფერენციაციის შედეგად – შინაგანი ორგანოები, როგორიცაა ფილტვები, შარდის ბუშტი და საჭმლის მომნელებელი სისტემის შემადგენელი ზოგიერთი ორგანო.

ნაყოფის განვითარების პროცესში წარმოიქმნება 200-ზე მეტი სახეობის მილიარდობით უჯრედი, რომლებსაც განსხვავებული ზომა, ფორმა და ფუნქცია გააჩნია.

 ორსულობის პერიოდში ზოგიერთი უჯრედი ემბრიონის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაადგილდება. სხვა უჯრედები კი ჯგუფდებიან და სხვადასხვა სახის სტრუქტურულ ფორმებს ქმნიან. Მაგალითად, ფურცლის, ძაფის და ჩაზნექილი ფორმის სტრუქტურებს. ამ პროცესების განსახორციელებლად უჯრედები საოცარი სიზუსტით და შეთანხმებულად მოქმედებენ. Მაგალითად, ემბრიონის განვითარების რაღაც ეტაპზე სიფრიფანა ფურცლის ფორმის უჯრედები ერთმანეთს ეხვევა და მილაკებს ქმნის. ეს პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს ემბრიონის სხვადასხვა ნაწილში. მილები სიგრძეში იზრდება და იტოტება. შემდეგ ერთმანეთს უკავშირდება და სისხლძარღვთა სისტემას ქმნის.

 იმ დროისთვის, როცა ბავშვი იბადება, ასობით მილიარდ უჯრედს უკვე იდეალურად აქვს შესრულებული თავისი საქმე, რადგან თითოეული მათგანი საჭირო დროს, საჭირო ადგილას, საჭირო სახით განვითარდა.

 რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად განუვითარდა უჯრედს „დანიშნულების“ არჩევის უნარი, თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?