არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲡ | ᲛᲨᲝᲑᲚᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ

ასწავლეთ შვილებს, ადვილად არ დანებდნენ

ასწავლეთ შვილებს, ადვილად არ დანებდნენ

 თქვენი ბიჭი ტირილით ამბობს: „აუ, ძნელია, ამას ვერ ვისწავლი“ და მალევე ანებებს თავს იმის გაკეთებას, რაც რთული ეჩვენება. ცხადია, არ გსიამოვნებთ, Როცა ხედავთ, როგორ წვალობს თქვენი შვილი, თუმცა ისიც გინდათ, რომ სირთულეებთან გამკლავება ისწავლოს. Როგორ მოიქცევით: მაშინვე დაეხმარებით? საშუალებას მისცემთ, თავი დაანებოს იმას, რაც ეძნელება, თუ ასწავლით, რომ ადვილად არ დანებდეს?

რა უნდა იცოდეთ

 დაბრკოლებები ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. როცა მშობლები თავიანთ პატარებს ასწავლიან, დამოუკიდებლად გადალახონ პატარ-პატარა დაბრკოლებები, ფაქტობრივად, ამით სკოლაში სწავლისთვისაც ამზადებენ. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს მათ ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და სხვებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებასაც გაუადვილებს. ამის საპირისპიროდ, ბავშვები, რომლებსაც მშობლები თავიდან არიდებდნენ სირთულეებს, ზრდასრულობის ასაკში უფრო დეპრესიულები არიან, თავდაჯერებულობა აკლიათ და კმაყოფილებასაც ნაკლებად განიცდიან.

 დაბრკოლების გადალახვის უნარის განვითარება. მშობლებს შეუძლიათ ძალიან პატარა ასაკიდანვე დაეხმარონ შვილებს, განავითარონ დაბრკოლებების გადალახვის უნარი. ერთი კვლევის თანახმად, წლის და სამი თვის ბავშვებსაც კი შეუძლიათ უფრო მეტი ძალისხმევა მოახმარონ დაბრკოლების გადალახვას, თუ დაინახავენ, რომ უფროსებსაც ძალისხმევის ფასად უჯდებათ გარკვეული საქმის შესრულება.

 „მახსოვს, როგორ ვასწავლე ჩემს გოგონებს ფეხსაცმლის თასმების შეკვრა. ეს ისეთი რამაა, რასაც ბავშვი ერთ დღეში ვერ ისწავლის. ყოველ ჯერზე, როცა თასმების შეკვრას ცდილობდნენ 10–15 წუთი წვალობდნენ, შემდეგ კი მე ვეხმარებოდი. რამდენიმე თვე კი იწვალეს და იტირეს კიდეც, მაგრამ საბოლოოდ, ისწავლეს თასმების შეკვრა. შემეძლო გამეადვილებინა საქმე და მათთვის უთასმო ფეხსაცმელი მეყიდა, მაგრამ, თუ გვინდა, რომ ბავშვები ადვილად არ დანებდნენ, არც ჩვენ უნდა დავნებდეთ და პრინციპულები უნდა ვიყოთ“, ­– ამბობს ერთი დედა სახელად კოლენი.

 დაბრკოლების გადალახვის უნარის დაქვეითება. ზოგმა მშობელმა შეიძლება თავისდა უნებურად შეუშალოს ხელი ბავშვს ამ უნარის განვითარებაში. როდის შეიძლება მოხდეს ეს? თუ მშობელი შვილის გასაკეთებელს თვითონ გააკეთებს. ამ დროს შეიძლება მშობლის მოტივი ის იყოს, რომ შვილს თავიდან აარიდოს იმედგაცრუება თუ მარცხი და ამით ღირსების გრძნობა აუმაღლოს. მაგრამ ასეთ მიდგომას თავისი უარყოფითი მხარეები აქვს. ერთ-ერთი წიგნის ავტორი, ჯესიკა ლაჰე ამბობს: „ყოველ ჯერზე, როცა ბავშვს სირთულეს ვარიდებთ და მის გასაკეთებელს ჩვენ ვაკეთებთ, ამით ფაქტობრივად ვამბობთ, რომ ის უუნაროა და ჩვენს ნდობას არ იმსახურებს“. a რა შეიძლება მოჰყვეს ამას შედეგად? ბავშვმა შეიძლება მაშინვე შეწყვიტოს რაიმე საქმის კეთება, როგორც კი სირთულეს შეხვდება, იმის იმედად, რომ უფროსები დაეხმარებიან.

ნაცვლად იმისა, რომ თქვენ „მოუგვაროთ“ შვილს პრობლემა, ასწავლეთ, თავად როგორ გადალახოს დაბრკოლებები.

გამოსავალი

 მიაჩვიეთ შრომას. კარგი იქნება, თუ მშობლები შვილებს მათი ასაკის შესაფერის საქმეებს დაავალებენ. მაგალითად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შეიძლება სათამაშოების მილაგება დაავალოთ ან გასარეცხი ტანსაცმლის დახარისხებაში დაიხმაროთ. შედარებით უფროსებს შეიძლება სურსათის ამოლაგება, მაგიდის გაშლა-ალაგება ან ნაგვის გადაყრა დაავალოთ. თინეიჯერებს კი უფრო რთული საქმეების შესრულება შეუძლიათ. მაგალითად, სახლის დალაგება, სხვადასხვა ნივთის მოვლა ან შეკეთება. ბავშვებს ყოველთვის არ ეხალისებათ საქმის კეთება, მაგრამ, კარგი იქნება, თუ მშობლები შვილებს პატარაობიდანვე მიანდობენ სხვადასხვა პასუხისმგებლობას. რა მხრივ წაადგება ეს მათ? განუვითარდებათ ერთგვარი სამუშაო ეთიკა, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარება, რომ სირთულეების მიუხედავად, ბოლომდე მიიყვანონ დაწყებული საქმე.

 ბიბლიური პრინციპი: „ყოველგვარი შრომა სასარგებლოა“ (იგავები 14:23).

 „ბავშვებს არ უყვართ, როცა რაიმეს მხოლოდ იმიტომ ავალებენ, რომ დაკავებულები იყვნენ. პრინციპში ეს არავის სიამოვნებს. ეცადეთ მათ ისეთი რამ დაავალოთ, რაც მართლა გასაკეთებელია. თუ თქვენი შვილი პატარაა, უთხარით მტვერი გადაწმინდოს იმ ადგილებიდან, რომლებსაც მისწვდება. შეგიძლიათ ის მანქანის რეცხვაშიც დაიხმაროთ. შემდეგ კი სხვებთან საუბრისას აღნიშნეთ, როგორ გეხმარებიან შვილები“ (კრისი).

 ასწავლეთ შვილებს, თავი გაართვან რთულ საქმეებს. ზოგჯერ ბავშვები ადვილად ყრიან ფარ-ხმალს, რადგან არ იციან, როგორ შეასრულონ დავალებული საქმე. ასე რომ, როცა ბავშვს რაიმე ახალს ასწავლით, შეგიძლიათ ამ მეთოდით იხელმძღვანელოთ: თავიდან, თავად შეასრულეთ ეს საქმე შვილის თვალწინ. შემდეგ ერთად გააკეთეთ, მერე კი მას გააკეთებინეთ ეს საქმე თქვენი თანდასწრებით. საჭიროების შემთხვევაში რჩევებიც მიეცით. ბოლოს უთხარით, რომ დამოუკიდებლად შეუდგეს საქმის კეთებას.

 ბიბლიური პრინციპი: „მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე გააკეთოთ“ (იოანე 13:15).

 „საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ თუ გვინდა, ჩვენმა შვილებმა დაბრკოლებების გადალახვა ისწავლონ, მშობლებმა უნდა მივცეთ მათ კარგი მაგალითი. შვილებმა უნდა დაინახონ, რომ არც ჩვენ ვნებდებით ადვილად“ (დაგი).

 ასწავლეთ შვილებს, რომ მიზნის მისაღწევად ზოგჯერ შეიძლება წვალება მოგვიწიოს და მარცხიც განვიცადოთ. მოუყევით შვილებს იმ შემთხვევების შესახებ, Როცა რაღაცის გაკეთება დიდი ძალისხმევის ფასად დაგიჯდათ და ისიც აუხსენით, თუ რატომ იყო კარგი, რომ არ დანებდით. უთხარით მათ, რომ ახალი რამის სწავლას სირთულეებიც ახლავს თან და ამ დროს დაშვებული შეცდომებიდანაც ბევრ რამეს ისწავლიან. დაარწმუნეთ, რომ თუ რამე კარგად არ გამოუვათ, ისინი მაინც უწინდებურად გეყვარებათ. როგორც ვარჯიშით ვითარდება კუნთები, ისე სირთულეებთან გამკლავებით ვითარდება დაბრკოლებების გადალახვის უნარი. ასე რომ, როცა თქვენი შვილი სირთულის წინაშე აღმოჩნდება, მაშინვე ნუ ჩაერევით. დრო მიეცით, რომ თავად გაუმკლავდეს მას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მცდელობის პროცესში არაერთხელ განიცდის მარცხს. „ბავშვს მტკიცე ხასიათი და ნებისყოფა რომ ჩამოუყალიბდეს, ისეთი რაღაცების გაკეთებაც უნდა სცადოს, რაც დიდი ალბათობით არ გამოუვა“, – აღნიშნულია ერთ წიგნში (How Children Succeed).

 ბიბლიური პრინციპი: „კარგია, კაცი ახალგაზრდობაშივე რომ ატარებს ტვირთს“ (გოდება 3:27).

 „Როცა მშობლები შვილებს საშუალებას აძლევენ გარკვეული დროის მანძილზე დაბრკოლებებს დამოუკიდებლად შეეჭიდონ, ამას საბოლოოდ კარგი შედეგი მოაქვს. დროთა განმავლობაში ბავშვებს საქმის კეთება გაუადვილდებათ და იმაშიც დარწმუნდებიან, რომ თუ არ დანებდებიან, შედეგს ყოველთვის მიაღწევენ“ (ჯორდანი).

 შვილები ძალისხმევისთვის შეაქეთ. Მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ: „ყოჩაღ, რა ნიჭიერი ხარ!“, უთხარით: „ყოჩაღ, რომ ამდენი იშრომე!“. რატომ ჯობია, რომ ბავშვი მცდელობისთვის შევაქოთ და არა ნიჭიერებისთვის? დოქტორი კეროლ დვეკი აღნიშნავს: „ბავშვს, რომელსაც ნიჭის გამო აქებენ, წარუმატებლობის დროს შეიძლება საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ადვილად შეეპაროს. ამიტომ, თუ მშობელს სურს, ბავშვი სწორად აღზარდოს, უნდა შეაყვაროს გამოწვევებთან ჭიდილი, დაეხმაროს, ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე, სიამოვნებით აკეთოს რთული დავალებები, მოძებნოს პრობლემის გადაჭრის ახალი გზები და ყველაფრიდან რაღაც ისწავლოს. ასეთ შემთხვევაში ბავშვები ზედმეტად ორიენტირებული არ იქნებიან შექებაზე“. b

 ბიბლიური პრინციპი: „ქება ადამიანის გამოსაცდელად [არის]“ (იგავები 27:21).

a წიგნიდან The Gift of Failure

b წიგნიდან Mindset