რჩევები ოჯახებს
როგორ დავეხმაროთ შვილებს, გადალახონ წარუმატებლობა?
ადრე თუ გვიან თქვენი შვილები არაერთ მარცხსა და წარუმატებლობას შეხვდებიან. რის გაკეთება შეგიძლიათ ამ დროს?
რა უნდა იცოდეთ
მარცხი ცხოვრების თანმდევია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2). „ყველაში“ ბავშვებიც იგულისხმებიან. თუმცა მარცხსა და წარუმატებლობას დადებითი მხარეებიც აქვს. ამ დროს ბავშვებს იმის შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ისწავლონ „ფეხზე წამოდგომა“. წონასწორობის აღდგენის უნარი დაბადებიდან არავის დაგვყოლია, თუმცა ამის სწავლა ბავშვობიდანვე შეიძლება. „მე და ჩემმა ქმარმა დავინახეთ, რომ ჩავარდნების დროს უკეთესია ბავშვებმა ისწავლონ, როგორ გადალახონ წარუმატებლობა, ვიდრე ისე დავიჭიროთ თავი, თითქოს არაფერი მომხდარა, — ამბობს ლორა, — ასეთ დროს ისინი სწავლობენ მოთმინებას და იმას, რომ მარცხის დროს, ხელი არ უნდა ჩაიქნიონ“.
ბევრ ბავშვს უჭირს წარუმატებლობასთან გამკლავება. ზოგ ბავშვს არ აქვს ნასწავლი, როგორ გადალახოს წარუმატებლობა, რადგან ასეთ დროს მშობლები უბრალოდ ამშვიდებენ და ეუბნებიან, რომ ისეთი არაფერი მომხდარა. მაგალითად, თუ ბავშვი ცუდ ნიშანს იღებს, ზოგი მშობელი ავტომატურად მასწავლებელს ადანაშაულებს, ან თუ ბავშვი მეგობართან ვერ რიგდება, მშობლებს მაშინვე მისი მეგობარი გამოჰყავთ დამნაშავე.
თუ მშობელი ყოველთვის გაამართლებს შვილს და დაიცავს იმ შედეგებისგან, რაც არასწორ საქციელს მოჰყვება, როგორღა შეძლებს შვილი საკუთარ შეცდომებზე სწავლას და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას?!
გამოსავალი
ასწავლეთ შვილებს, რომ მათ ყოველ ქმედებას შესაბამისი შედეგი მოჰყვება.
ბიბლიაში წერია: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).
ყველა საქმეს თავისი შედეგი სდევს თან. ზარალს ყოველთვის სჭირდება ანაზღაურება. შეცდომებს, რა თქმა უნდა, უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა შედეგს თავისი გამომწვევი მიზეზი აქვს. ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ ცუდ შედეგში მათაც მიუძღვით რაღაც დოზით ბრალი. ამიტომ, თქვენი შვილის დანაშაული სხვას არ გადააბრალოთ და არც გამართლება მოუძებნოთ მის საქციელს. დაე, საკუთარ თავზე იწვნიოს არასწორი საქციელის შედეგები, რა თქმა უნდა, ასაკის შესაბამისად. ცხადია, ბავშვმა უნდა დაინახოს, რა კავშირია მის არასწორ საქციელსა და შედეგს შორის.
დაეხმარეთ შვილებს, იპოვონ გამოსავალი.
ბიბლიური პრინციპი: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება (იგავები 24:16).
მარცხი ტკივილის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ეს სამყაროს დასასრულს არ ნიშნავს. შვილებს ყურადღება იმაზე გაუმახვილეთ, როგორ იპოვონ გამოსავალი, რათა სხვა დროს თავიდან აირიდონ მსგავსი შეცდომები. ნურც წუწუნს მოჰყვებით, თითქოს თქვენი შვილი უსამართლობის მსხვერპლი გახდა. მაგალითად, თუ თქვენმა ბიჭმა ტესტი ვერ ჩააბარა, უთხარით მას, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად უფრო მეტი უნდა იმეცადინოს (იგავები 20:4); ან თუ თქვენს გოგონას მეგობართან უთანხმოება მოუვიდა, დაანახვეთ, როგორ შეიძლება პირველმა გადადგას ნაბიჯი შესარიგებლად, თუნდაც თვითონ არ იყოს დამნაშავე (რომაელები 12:18; 2 ტიმოთე 2:24).
ასწავლეთ შვილებს, იყვნენ მოკრძალებულები.
ბიბლიური პრინციპი: „ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“ (რომაელები 12:3).
როცა თქვენს შვილს ეუბნებით, რომ ის ყველაზე მაგარია, ფაქტობრივად, მას ატყუებთ და ვერც ვერაფერში ეხმარებით. ის ბავშვებიც კი, რომლებიც კარგად სწავლობენ, ყოველთვის კარგ ნიშნებს ვერ იღებენ და ვერც ის ბავშვები იმარჯვებენ ყოველთვის, რომლებიც სპორტის ამა თუ იმ სახეობაში წარმატებულნი არიან. ბავშვები, რომელთაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არა აქვთ, უფრო ადვილად უმკლავდებიან ჩავარდნებსა და მარცხს.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ სირთულეებს შეუძლია გაგვაძლიეროს და მოთმინების გამომუშავებაში დაგვეხმაროს (იაკობი 1:2—4). ბუნებრივია, წარუმატებლობა და კრახი არავის სიამოვნებს. ამიტომ ასწავლეთ შვილებს, რომ ცხოვრება ამის გარეშე წარმოუდგენელია.
როგორც სხვა ნებისმიერი რამის სწავლება მოითხოვს დროსა და ენერგიას, ასევე მოითხოვს დროსა და ენერგიას შვილებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ აღიდგინონ წონასწორობა წარუმატებლობის შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს უნარი ბავშვს ბევრ რამეში გამოადგება მოზარდობის წლებშიც. ერთ სახელმძღვანელოში ნათქვამია: „მოზარდები, რომლებიც ადვილად აგვარებენ პრობლემებს, კრიტიკულ მომენტებში ნაკლებად სჩადიან უგუნურ და სულელურ საქციელს. ისინი ადვილად ერგებიან ახალ და მოულოდნელად შექმნილ სიტუაციებს“ (Letting Go With Love and Confidence). რა თქმა უნდა, პრობლემების მოგვარების უნარი ბავშვს მთელი ცხოვრება გამოადგება.
რჩევა: მიეცით შვილს კარგი მაგალითი. ის, თუ როგორ უმკლავდებით წარუმატებლობას თქვენ, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, როგორ გაუმკლავდებიან წარუმატებლობას თქვენი შვილები.