რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი
როგორ მოვიქცე, თუ ჩემმა შვილმა მოიწყინა?
თუ თქვენს შვილს სახლში უწევს ყოფნა და გასართობიც გამოელია, სანამ მას ტელევიზორის ყურებით ან საყვარელი ვიდეოთამაშით დააკავებთ, მხედველობაში იქონიეთ ქვემოთ მოცემული რჩევები.
გაითვალისწინეთ სხვების გამოცდილება
ცუდად შერჩეულმა გართობამ ან მისთვის ზომაზე მეტი დროის დათმობამ შეიძლება პრობლემა გააღრმავოს. ერთი მამა, სახელად რობერტი, ამბობს: „ბავშვებს, როგორც წესი, ტელევიზორის ყურება და ვიდეოთამაშებით გართობა უფრო ეხალისებათ, ვიდრე ყოველდღიურ საქმეებში ჩაბმა“.
რობერტს მისი მეუღლე ბარბარაც ეთანხმება: „რეალურ ცხოვრებაში ფიქრი და შრომაა საჭირო საიმისოდ, რომ რაღაც დროის შემდეგ გარკვეულ შედეგს მიაღწიო. სწორედ ამიტომ გაურბიან ფიქრსა და შრომას ბავშვები და ტელევიზორის ყურებასა და ვიდეოთამაშებით გართობას ამჯობინებენ“.
გამუდმებით სოციალურ ქსელში ყოფნა გულგატეხილობას იწვევს. თანატოლების სურათებისა და ვიდეოების თვალიერებამ შეიძლება აფიქრებინოს ახალგაზრდას, რომ სხვებთან შედარებით მისი ცხოვრება უღიმღამოა. ერთი გოგონა, სახელად ბეტი, თავის გრძნობებს გვიზიარებს: „ხანდახან მგონია, რომ მარტო მე ვზივარ სახლში და ჩემ გარდა ყველა ერთობა“.
სოციალურ ქსელში საათობით ყოფნა ვერ გაგახალისებს, უფრო მეტიც, ამან შესაძლოა მარტოობის გრძნობა გაგიმძაფროს. ერთი ახალგაზრდა, კრისი, ამბობს: „მართალია, სოციალურ ქსელში დროს კლავ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აღმოაჩენ, რომ მთელი ეს დრო ფუჭად გაგიფლანგავს“.
ზოგი ჭირი მარგებელია. ერთი მშობელი, სახელად კეტრინი, ამბობს, რომ მოწყენილობის ფონზე ბავშვებში შეიძლება შემოქმედებითმა უნარმა გაიღვიძოს. ის დასძენს, რომ მოწყენილობისას უბრალო ყუთიც კი შეიძლება დროის მანქანად, გემად ან კოსმოსურ ხომალდად იქცეს, ხოლო ავეჯზე გადაფარებული საბანი — კარვად“.
ფსიქოლოგი შერი ტერკლი აღნიშნავს, რომ „მოწყენილობა ტვინს აიძულებს, მოუხმოს წარმოსახვით უნარს“. a ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ზოგი ჭირი მარგებელია. ერთ ნაშრომში (Disconnected) ვკითხულობთ: „მოწყენილობა გონებისთვის ისევეა, როგორც კუნთებისთვის — ჰანტელებით ვარჯიში“.
გახსოვდეთ: თუ თქვენმა შვილმა მოიწყინა, ამას ტრაგედიად კი ნუ აღიქვამთ, არამედ შესაძლებლობად აქციეთ, რომ მათში შემოქმედებითი უნარი გააღვიძოთ.
რა დაგეხმარებათ, გაახალისოთ შვილი?
თუ შესაძლებელია, ბავშვი ეზოში გაუშვით სათამაშოდ. ზემოხსენებული ბარბარა ამბობს: „სუფთა ჰაერსა და მზის სხივებს ნამდვილად ძალუძს მოღუშული განწყობის გახალისება. თუკი ბავშვს ეზოში გაუშვებთ, შენიშნავთ, როგორ გაიღვიძებს თქვენს პატარაში წარმოსახვის უნარი“.
ბიბლიური პრინციპი: „ყველაფერს თავისი დრო აქვს;.. [არის] სიცილის დრო ... და ცეკვის დრო“ (ეკლესიასტე 3:1, 4).
დაფიქრდით: რისი გაკეთება შემიძლია, რომ ჩემმა შვილებმა მეტი დრო გაატარონ სუფთა ჰაერზე? თუ ბავშვების გარეთ გაყვანა არ ხერხდება, რისი დაგეგმვა შეიძლება მათ გასართობად სახლის პირობებში?
ასწავლეთ შვილებს, იზრუნონ სხვებზე. ლილიანი გვირჩევს: „შეგიძლიათ ხანში შესულ ახლობელს გაზონის გაკრეჭა ან ჩამოცვენილი ფოთლების მოგროვება შესთავაზოთ, ანდა რაიმე გემრიელი მოუმზადოთ და შეუაროთ; სხვებისთვის სიკეთის კეთებას სიხარული მოაქვს“.
ბიბლიური პრინციპი: „ხელგაშლილს არაფერი მოაკლდება; ვინც სხვას არწყულებს, თავადაც დარწყულდება“ (იგავები 11:25).
დაფიქრდით: რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ თქვენმა შვილებმაც იგრძნონ ის სიხარული, რომელიც სიკეთის კეთებას მოაქვს?
მიეცით შვილებს მაგალითი. თუ ყოველდღიურ საქმეებს უხალისოდ და წუწუნით აკეთებთ, ეს თქვენს შვილებზეც მოახდენს გავლენას. სარა თავის დაკვირვებას გვიზიარებს: „თუკი ბავშვებს ჩვენგან გამუდმებით ის ესმით, რომ ეს ცხოვრება დამღლელი და მოსაწყენია, შეიძლება ითქვას, მათაც გულს ვუტეხთ. მაგრამ თუ დადებით განწყობას ვინარჩუნებთ, ბავშვებსაც იმავესკენ ვუბიძგებთ“.
ბიბლიური პრინციპი: „დაჩაგრულისთვის ყოველი დღე მწარეა, გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს“ (იგავები 15:15).
დაფიქრდით: როგორ ვსაუბრობ ყოველდღიურ საქმეებზე? რა ესმით ბავშვებს ჩემგან? თავად როგორ ვუმკლავდები მოწყენილობას?
რჩევა: შესთავაზეთ ბავშვებს, ჩამოწერონ თავიანთი იდეები, თუ როგორ გაერთონ. ელისონი გვიზიარებს, რა ეხმარება მის ოჯახს: „ყველას ქაღალდზე გადაგვაქვს ჩვენი იდეები, შემდეგ მათ ერთ ყუთში ვყრით; ასე რომ, იდეების ნაკლებობას არასდროს ვუჩივით“.
a ამონარიდი ერთ-ერთი წიგნიდან (Reclaiming Conversation).