რჩევები ოჯახებს | ქორწინება
როგორ გამოვიმუშაოთ მოთმინება?
„ცოლ-ქმრის მოთმინება ყოველდღიურად იცდება. ეს თვისება დაქორწინებამდე ისე არ გჭირდება, როგორც დაქორწინების შემდეგ; ის ქორწინების წარმატების საწინდარია“ (ჯონი).
რატომ არის საჭირო მოთმინება?
დაქორწინების შემდეგ უფრო მეტად ხედავ მეუღლის სისუსტეებს.
„დროთა განმავლობაში უფრო ადვილად ამჩნევ მეუღლის უარყოფით თვისებებს და თუ ამ თვისებებზე დაიწყებ ფიქრს, ადვილად დაკარგავ მოთმინებას“ (ჯესენა).
მოუთმენლობას დაუფიქრებელი ლაპარაკი ახასიათებს.
„იმპულსური ვარ, ზოგჯერ ზედმეტადაც. ცოტა მეტი მოთმინება რომ შემეძლოს, დავფიქრდებოდი, სანამ რამეს ვიტყოდი“ (კარმენი).
ბიბლიაში წერია: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია“ (1 კორინთელები 13:4). ბუნებრივია, თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, მოთმინების გამოვლენაც არ უნდა გაუჭირდეთ ერთმანეთის მიმართ, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. „დროთა განმავლობაში ადამიანები ვკარგავთ კარგ თვისებებს, მათ შორის, მოთმინებასაც. დიდი მონდომებაა საჭირო იმისთვის, რომ ყოველდღიურად გამოიმუშაო მოთმინება“, — ამბობს ზემოთ მოხსენიებული ჯონი.
როგორ უნდა გამოავლინოთ მოთმინება?
როცა თქვენი მოთმინება მოულოდნელად იცდება.
პირობითი სიტუაცია: მეუღლე რაღაცას უხეშად გეუბნებათ. ავტომატურად გინდებათ, რომ თქვენც იმავეთი უპასუხოთ.
ბიბლიური პრინციპი: „ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას, რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს“ (ეკლესიასტე 7:9).
როგორ უნდა გამოავლინოთ მოთმინება: შეჩერდით! სანამ რამე რეაქცია გექნებათ, ეცადეთ გონებაში გამართლება მოუძებნოთ მეუღლის სიტყვებს და ნუ დაასკვნით, რომ თქვენთვის გულის ტკენა უნდოდა. „უმეტესობა ჩვენგანის რეაგირება ხშირ შემთხვევაში ნათქვამის ჩვენეული ინტერპრეტაციის შესაბამისია და იმას სულაც არ ვუფიქრდებით, სინამდვილეში რა ჰქონდა მხედველობაში ჩვენს მეუღლეს“, — აღნიშნულია წიგნში „ბრძოლა ქორწინების გადასარჩენად“.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეუღლე მართლა განზრახ ცდილობს, რომ მდგომარეობიდან გამოგიყვანოთ, მოთმინების გამოვლენით და სიმშვიდის შენარჩუნებით სიტუაციის განმუხტვას შეუწყობთ ხელს. „შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 26:20).
„როცა გეფიქრება, რომ საკუთარი ცოლი მტრად გექცა, შეჩერდი და იმაზე დაფიქრდი, რატომ გიყვარს ის; შემდეგ, რაც შეიძლება მალე, გააკეთე ისეთი რამ, რითაც მას ასიამოვნებ“ (ეთანი).
დაფიქრდი:
როგორ რეაგირებთ, როდესაც მეუღლეს რაღაც ეშლება?
როგორ შეგიძლიათ უფრო მეტი მოთმინების გამოვლენა შემდეგ სიტუაციებში?
როდესაც მეუღლის ერთი და იგივე შეცდომები ცდის თქვენს მოთმინებას.
პირობითი სიტუაცია: მეუღლე ყოველთვის აგვიანებს და გიწევთ ლოდინი.
ბიბლიური პრინციპი: მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს (კოლოსელები 3:13).
როგორ უნდა გამოავლინოთ მოთმინება: მეუღლესთან ურთიერთობა საკუთარ „მე“-ზე მაღლა დააყენეთ. დაფიქრდით ერთ რამეზე: თუ გაბრაზდებით, ეს თქვენს ურთიერთობას აღაშენებს თუ პირიქით? ისიც გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით (იაკობი 3:2). ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენც ბევრ რამეზე გაქვთ სამაშუაო.
„ზოგჯერ მეგობარს უფრო ვუთმენ, ვიდრე ქმარს. ალბათ იმიტომ, რომ ქმართან უფრო მეტ დროს ვატარებ და მის შეცდომებსაც უფრო მეტად ვხედავ. მაგრამ, ვხვდები, რომ სიყვარული მოთმინების გარეშე არ არსებობს; მოთმინება პატივისცემის ნიშანია. ეს აუცილებელია ოჯახში“ (ნია).
დაფიქრდი:
ხართ მომთმენი მეუღლის მიმართ?
როგორ შეგიძლიათ უფრო მეტი მოთმინება გამოავლინოთ მეუღლის მიმართ?