არჩეულ მასალაზე გადასვლა

რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი

ბავშვები და სმარტფონები: უნდა ჰქონდეს ჩემს შვილს სმარტფონი? (ნაწილი პირველი)

ბავშვები და სმარტფონები: უნდა ჰქონდეს ჩემს შვილს სმარტფონი? (ნაწილი პირველი)

 დღეს უფრო და უფრო მეტი ბავშვისთვის ხდება ხელმისაწვდომი სმარტფონი a და ბევრ მათგანს თავისუფლად შეუძლია ინტერნეტით სარგებლობა. რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ თქვენი შვილები, თუ მათ სმარტფონები ექნებათ? რა დადებითი მხარეები აქვს სმარტფონის გამოყენებას? რამდენი დრო უნდა დაუთმონ ყოველდღიურად თქვენმა შვილებმა სმარტფონით სარგებლობას?

 რა უნდა იცოდეთ

 დადებითი მხარეები

  •   მშობლებს გული დამშვიდებული აქვთ, რადგან ტელეფონით ამოწმებენ შვილების უსაფრთხოებას. „დღეს ყველა ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით საფრთხეს; ამიტომ აუცილებელია, შვილებს ხშირად დაუკავშირდე“, — ამბობს ბეთანი, ორი მოზარდის დედა.

     ერთი დედა, სახელად ქეთრინი, ამბობს: „არსებობს ისეთი აპლიკაციები, რითაც შეგიძლია შენი შვილის მობილურს დაუკავშირდე და ნახო, სად იმყოფება. თუ საჭესთან ზის, იმის დანახვაც შეგიძლია, რა სიჩქარით მოძრაობს“.

  •   პრაქტიკულია საშინაო დავალებების მომზადებისას. „ზოგჯერ ბავშვები საშინაო დავალებებს იმეილით ან ტექსტური შეტყობინებებით იღებენ და თვითონაც იმავე საშუალებებით უკავშირდებიან მასწავლებლებს“, — ამბობს ერთი დედა, სახელად მარია.

 საფრთხეები

  •   ეკრანთან დიდი დროის გატარება. ყოველდღიურად ახალგაზრდები საათობით იყენებენ მობილურებს. იმავეს თქმა შეიძლება მშობლებზეც — ყოველდღიურად ისინი იმდენ დროს უთმობენ ელექტრონულ მოწყობილობებს, რამდენსაც თავიანთ შვილებს. ერთი ექსპერტი ასეთ რამეს ამბობს: „ზოგი ოჯახი უცხო ადამიანების თავშეყრის ადგილს დაემსგავსა, სადაც ყველა თავის ელექტრონულ მოწყობილობაშია თავჩარგული“. b

  •   პორნოგრაფია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მოზარდების ნახევარზე მეტი ყოველთვე უყურებს პორნოგრაფიას. ეს ფაქტი არც არის გასაკვირი, რადგან დღეს ამგვარ მასალაზე წვდომა მობილურითაც არის შესაძლებელი. „როცა შენს შვილს სმარტფონს აძლევ, გინდა თუ არა, ამით გზას უხსნი პორნოგრაფიისკენაც“ (უილიამი, ორი მოზარდის მამა).

  •   მიჯაჭვულობა. ბევრი ემოციურად დამოკიდებული ხდება მობილურ ტელეფონზე. თუ თან არ აქვთ ტელეფონი, პანიკაში ცვივდებიან, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და ცუდად ხდებიან. ზოგი მშობელი აღნიშნავს, რომ ელექტრონული მოწყობილობით სარგებლობის დროს მათი შვილები უხეშები ხდებიან. „ზოგჯერ, როცა ჩემს ბიჭს ტელეფონი უჭირავს და ამ დროს რაღაცას ვეუბნები, თვალებს მიბრიალებს და უხეშ რეპლიკებს ისვრის, რადგან თვლის, რომ ხელს ვუშლი“ (კარმენი).

  •   სხვა საფრთხეები. სმარტფონის გამოყენებას თან ახლავს კიბერბულინგის და სექსტინგის საფრთხე. გარდა ამისა, დიდი ხნის მანძილზე სხეულის არასწორ მდგომარეობაში ყოფნამ და უძილობამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ზოგი ახალგაზრდა იყენებს აპლიკაციას „Ghost“, რომელიც ერთი შეხედვით ჰგავს ისეთ აპლიკაციას, როგორიცაა კალკულატორი. ამ აპლიკაციის მეშვეობით ბავშვებს შეუძლიათ დამალონ, სინამდვილეში რაც აქვთ გახსნილი, რათა მშობლებმა არ ნახონ.

     მოზარდი გოგონას მამა დანიელი ასეთ რამეს ამბობს: „სმარტფონში ინტერნეტის მეშვეობით ყველაფერი ხელმისაწვდომია — კარგიც და ცუდიც“.

 რაზე უნდა დაფიქრდეთ

  •   ნამდვილად სჭირდება ჩემს შვილს სმარტფონი?

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15). დაფიქრდით ამ სიტყვებზე და ჰკითხეთ საკუთარ თავს:

     „ღირს, ჩემს შვილს სმარტფონი ვუყიდო მისი უსაფრთხოებისა თუ სხვა მიზეზების გამო? კარგად ავწონ-დავწონე სმარტფონის დადებითი და უარყოფითი მხარეები? სმარტფონის გარდა სხვა ალტერნატივაც ხომ არ არსებობს?“.

     „ჯერ კიდევ იყიდება ჩვეულებრივი მობილურები, რომლითაც დარეკვაც შეიძლება და ტექსტური შეტყობინენების გაგზავნაც. მათი შეძენით კარგ ფულსაც დაზოგავთ“, — ამბობს ერთ-ერთი მამა, სახელად ტოდი.

  •   მზად არის ჩემი შვილი პასუხისმგებლობისთვის?

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბრძენს თავისი გული სწორი გზით ატარებს“ (ეკლესიასტე 10:2). დაფიქრდით ამ სიტყვებზე და ჰკითხეთ საკუთარ თავს:

     რა მარწმუნებს იმაში, რომ ჩემი შვილი ნდობას იმსახურებს? თავისუფლად და გულახდილად მესაუბრება? გულწრფელია თუ მიმალავს თავისი მეგობრების ვინაობას? იცის, როგორ გამოიყენოს გონივრულად სხვა ელექტრონული მოწყობილობები, მაგალითად, ტელევიზორი, პლანშეტი ან ლეპტოპი? „სმარტფონი ძალიან საჭირო ნივთია, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ სახიფათოც, — ამბობს ერთი დედა, სახელად სერენა, — დაფიქრდი, რამხელა პასუხისმგებლობას აკისრებ მოზარდ შვილს, როცა სმარტფონს ყიდულობ“.

  •   მე თუ ვარ მზად პასუხისმგებლობისთვის?

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს“ (იგავები 22:6). დაფიქრდით ამ სიტყვებზე და ჰკითხეთ საკუთარ თავს:

     ვერკვევი ტელეფონში იმდენად კარგად, რომ გასაგებად ავუხსნა ჩემს შვილს, რა საფრთხეები არსებობს და როგორ აიცილოს თავიდან ისინი? ვიცი, როგორ დავაყენო აპლიკაცია „მშობლის მიერ კონტროლი“? როგორ დავეხმარო შვილს, გონივრულად გამოიყენოს ტელეფონი? „ბევრჯერ მინახავს, რომ მშობლები შვილს ტელეფონს აძლევენ და მერე საერთოდ აღარ ამოწმებენ, როგორ იყენებს მას“,— ამბობს ზემოთ მოხსენიებული დანიელი.

 დასკვნა: ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ სმარტფონები ისე, რომ ესმოდეთ, რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ დროს. „მშობლების გარეშე ბავშვებს ძალიან გაუჭირდებათ დროის გაკონტროლება ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობისას, რადგან მათი დიდხანს გამოყენების ცდუნება ძალიან დიდია“, — აღნიშნულია ერთ-ერთ წიგნში („Indistractable“).

a ამ სტატიაში „სმარტფონში“ იგულიხმება მობილური ტელეფონი, რომელსაც წვდომა აქვს ინტერნეტთან.

b ციტატა აღებულია ტომას კერსტინგის ერთ-ერთი წიგნიდან („Disconnected“).