ᲠᲩᲔᲕᲔᲑᲘ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲡ | ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ
Მისაღებია ქორწინებამდე ერთად ცხოვრება?
Ბევრი წყვილი ერთად ცხოვრებას ქორწინებამდე იწყებს. ზოგი ამას იმიტომ აკეთებს, რომ განსაზღვროს, შეეწყობიან თუ არა ერთმანეთს. ისინი იმედოვნებენ, რომ ამით ბედნიერი ქორწინების შანსს გაზრდიან. აქედან გამომდინარე, რამდენად სწორი გამოსავალია ქორწინებამდე თანაცხოვრება?
ამ სტატიაშია:
რას ამბობს ბიბლია?
Ბიბლია განსჯის ქორწინებამდე სექსს. იქ ვკითხულობთ: „არ მოიქცეთ უზნეოდ“ (1 თესალონიკელები 4:3; 1 კორინთელები 6:18). უზნეო საქციელში იმ წყვილებს შორის სქესობრივი ურთიერთობაც იგულისხმება, ვინც ერთად ცხოვრობენ, თუნდაც ისინი დაქორწინებას გეგმავდნენ Მომავალში. a ბიბლიური ნორმები წყვილებს იცავს არასასურველი ორსულობისა და სხვა უარყოფითი შედეგებისგან, რაც ქორწინებამდე ერთად ცხოვრებას შეიძლება ახლავდეს თან.
Ზოგადად, ქორწინების იდეა ღვთისგან მომდინარეობს. Როდესაც მან ეს კავშირი დააფუძნა, თქვა: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24). ქორწინებაში არსებული ვალდებულებები კარგ საფუძველს ქმნის, რომ ოჯახში სიყვარული და სტაბილური გარემო იყოს.
Ნამდვილად მოგამზადებთ ქორწინებისთვის ერთად ცხოვრება?
Ზოგის აზრით ასეა. ისინი ფიქრობენ, რომ სახლის საქმეების ერთად კეთება დაეხმარებათ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. გარდა ამისა, ასე უკეთ დაინახავენ ერთმანეთის ხასიათსა თუ ჩვევებს. თუმცა ბედნიერი ქორწინებისთვის აუცილებელი კომპონენტი წყვილს შორის არსებული ვალდებულებებია.
ქორწინება „ჭირსა და ლხინში“ ერთად ცხოვრებას გულისხმობს. ისწავლიან წყვილები ამას ქორწინებამდე თანაცხოვრებით? ეგრეთ წოდებულ „საცდელ პერიოდში“ წყვილები ურთიერთობას სხვაგვარად უყურებენ, ისინი ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაასრულონ ურთიერთობა. Შესაბამისად, ეს ვერ იქნება ბედნიერი ქორწინების წინაპირობა. ამის საპირისპიროდ, როდესაც ცოლიცა და ქმარიც თავის წილ ვალდებულებას გრძნობს ქორწინებაში, ცდილობენ, რომ წამოჭრილი პრობლემები ერთიანი ძალებით გადაჭრან.
დასკვნა: როცა წყვილი ქორწინებამდე ერთად ცხოვრებას არჩევს, ქორწინებისთვის მზადება დაშორებისთვის მზადებას უფრო ემსგავსება.
Ბიბლიური პრინციპი: „კაცი, რასაც დათესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).
დაგეხმარებათ ქორწინებამდე თანაცხოვრება თანხის გადადებაში?
ზოგი თვლის რომ ასეა. Შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკითხვის თანახმად, ყოველი ათი ახალგაზრდიდან ოთხი ქორწინებამდე თანაცხოვრებას საქორწინო დანაზოგის გასაკეთებლად იწყებს (Pew Research Center). თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც იგივე ჯგუფი გამოიკითხა, ბევრმა მთავარ მიზეზად, თუ რატომ ვერ ქორწინდებოდა, კვლავ ფინანსები დაასახელა.
გარდა ამისა, ქორწინებამდე თანაცხოვრებას შესაძლოა უფრო არასასიამოვნო შედეგებიც მოჰყვეს, განსაკუთრებით ქალებისთვის. Მაგალითად, ურთიერთობის დასრულების შემთხვევაში, უმეტესად ქალებს უწევთ ბავშვების აღზრდის პასუხიმგებლობის თავის თავზე აღება.
დასკვნა: ის უარყოფითი შედეგები, რაც ქორწინებამდე თანაცხოვრებას მოჰყვება, ბევრად აღემატება იმ დადებით მოლოდინს, რომელიც ბევრ წყვილს აქვს.
ბიბლიური პრინციპი: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ [და] შენ სასიკეთოდ გასწავლი“ (ესაია 48:17).
დაგეხმარებათ ქორწინებამდე თანაცხოვრება, რომ საბოლოოდ სწორი არჩევანი გააკეთოთ?
ზოგი თვლის რომ ასეა. თუმცა ერთი წიგნის თანახმად, წყვილები, რომლებიც ქორწინებამდე ერთად ცხოვრობენ, ისე მარტივადაც ვერ ასრულებენ ურთიერთობას, როგორც ეს მათ წარმოედგინათ (Fighting for Your Marriage). Რატომ? ზოგმა წყვილმა თანაცხოვრების დროს შეიძლება აღმოაჩინოს, რომ საერთოდ ვერ ეწყობა ერთმანეთს. Მაგრამ ისეთი ვალდებულებების გამო, როგორიც არის ქირის საზიარო გადასახადი ან არასასურველი ორსულობა, შეიძლება მათ მაინც განაგრძონ ერთად ცხოვრება. ასეთ ურთიერთობას მკვლევრებმა „თანაცხოვრების ინერცია“ b უწოდეს. Სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ზოგი წყვილი მხოლოდ იმიტომ ქორწინდება, რომ არ უნდა ცხოვრების უფრო მეტად გართულება, სხვა შემთხვევაში, ქორწინებამდე დაშორდებოდა ერთმანეთს“ (Fighting for Your Marriage).
დასკვნა: Სინამდვილეში ქორწინებამდე თანაცხოვრება სწორი არჩევანის გაკეთებაში კი არ ეხმარება ადამიანს, პირიქით, პრობლემური ურთიერთობის დასრულებას ურთულებს.
Ბიბლიური პრინციპი: „წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება, გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს“ (იგავები 22:3).
არსებობს უკეთესი გამოსავალი?
თქვენ შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ ის რისკები, რაც ქორწინებამდე თანაცხოვრებას ახლავს თან და ცხოვრების ისეთი თანამგზავრი იპოვოთ, ვისთანაც დიდი ალბათობით, ბედნიერ ოჯახს შექმნით. Როგორ არის ეს შესაძლებელი? იმ ბიბლიური ნორმების გათვალისწინებით, რომლებიც ქორწინებას ეხება. საკმარისი დრო დაუთმეთ თქვენი მომავალი მეუღლის გაცნობას სანამ დაქორწინდებით და ერთ ჭერქვეშ იცხოვრებთ. Მეორე ნახევრის შერჩევისას აქცენტი საერთო ფასეულობებსა და ღირებულებებზე გააკეთეთ და არა მიმზიდველობასა და სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებაზე.
Ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები დაგეხმარებათ, რომ ბედნიერი და მტკიცე ოჯახი გქონდეთ. c Მაგალითად, ბიბლიური პრინციპები გეხმარებათ . . .
უერთგულოთ მეუღლეს.
გახდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც მომავალში კარგი მეუღლე იქნება.
გაცნობის პერიოდშივე აღმოაჩინოთ, შეგეფერებათ თუ არა ის, ვისაც ხვდებით.
მსგავს თემებზე მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებსაიტზე jw.org, განყოფილებაში „ქორწინება და ოჯახი“.
Ბიბლიური პრინციპი: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად“ (2 ტიმოთე 3:16).
a წაიკითხეთ სტატია „ამართლებს რომანტიკული სიყვარული ქორწინებამდე სექსს?“
b სტატია: “Sliding Versus Deciding: Inertia and the Premarital Cohabitation Effect,” by Scott M . Stanley , Galena Kline Rhoades , and Howard J . Markman. გამოქვეყნდა ერთ-ერთ ჟურნალში (Family Relations).
c Ზოგიერთ კულტურაში მიღებულია, რომ მშობლებმა შეურჩიონ თავიანთ შვილს მეუღლე. ასეთ შემთხვევებში ბიბლია მშობლებსაც ეხმარება შვილისთვის მეუღლის შერჩევისას Სწორი პრინციპებით იხელმძღვანელონ.