რჩევები ოჯახებს | მშობლის როლი
როცა თქვენი შვილი იმედს გიცრუებთ
ზოგი მოზარდი მშობლების მიერ დადგენილ დროზე გვიან ბრუნდება სახლში. ზოგი მშობლებს ატყუებს ან სახლიდან იპარება, მეგობრებს რომ შეხვდეს. რა უნდა გააკეთოთ, თუ თქვენი შვილი იმედს გიცრუებთ?
ურჩია ჩემი შვილი?
ნაჩქარევად ნუ დაასკვნით, რომ თქვენი შვილი ურჩია. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“. ამ სიტყვების სიმართლეს ხშირად ახალგაზრდების ქცევები ამტკიცებს (იგავები 22:15). „მოზარდები ხშირად იღებენ ნაჩქარევ და არაგონივრულ გადაწყვეტილებებს“, — წერს დოქტორი ლორენს სტეინბერგი, — „ამიტომ მათგან შეცდომები მოსალოდნელია“. a
როგორ მოვიქცე, თუ შვილი მატყუებს?
ნუ დაასკვნით, რომ თქვენი შვილის თვითმიზანი მშობლებისადმი დაუმორჩილებლობაა. გამოკვლევები აჩვენებს, რომ მოზარდებს ნამდვილად აღელვებთ, რას ფიქრობენ მშობლები მათზე, თუნდაც მათი ქცევა საპირისპიროზე მეტყველებდეს. თუ შვილმა თქვენი იმედი ვერ გაამართლა, ამას შესაძლოა თავადაც განიცდიდეს თუმცა შეიძლება გარეგნულად არ იმჩნევდეს. b
ვინ არის დამნაშავე?
გარემოს ბრალი ხომ არაა? ბიბლიაში ნათქვამია: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). ეჭვგარეშეა, მეგობრები უდიდეს გავლენას ახდენენ მოზარდებზე. იმავეს თქმა შეიძლება ისეთ ფაქტორებზეც, როგორებიცაა სოციალური მედია და სარეკლამო ინდუსტრია. გარდა ამისა, ახალგაზრდებს არ აქვთ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება. მათ შეიძლება სწორედ ამ მიზეზების გამო მიიღონ არასწორი გადაწყვეტილებები. თუმცა, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანებად რომ ჩამოყალიბდნენ, მათ დღესვე უნდა ისწავლონ, როგორ აგონ პასუხი საკუთარ გადაწყვეტილებებზე.
ჩემი ბრალი ხომ არ არის? შესაძლოა ფიქრობთ, რომ ზედმეტად მკაცრად ექცეოდით შვილს და ამან გამოიღო ასეთი ცუდი შედეგი. ან პირიქით, ის გაფიქრებთ, რომ ზოგჯერ მეტისმეტად ლმობიერად ეპყრობოდით და ზედმეტ თავისუფლებას აძლევდით მოზარდ შვილს. ნაცვლად იმისა, რომ იფიქროთ, რა წვლილი მიგიძღვით პრობლემის წარმოქმნაში, აჯობებს იმაზე ფიქრით დაკავდეთ, ახლა რის გაკეთება შეგიძლიათ გამოსავლის საპოვნელად.
როგორ დავეხმარო შვილს, რომ კვლავ დაიმსახუროს ჩემი ნდობა?
აკონტროლეთ საკუთარი რეაქციები. შესაძლოა თქვენი შვილი ფიქრობს, რომ, როცა რაიმეს დააშავებს, აუცილებლად გაუბრაზდებით. ხომ არ აჯობებს, ასეთ სიტუაციებში განსხვავებული რეაქცია იქონიოთ?! ჯობია, მშვიდად იმსჯელოთ შვილთან და ერთად გაარკვიოთ, რამ გამოიწვია პრობლემა. ცნობისმოყვარეობამ ხომ არ სძლია? მოწყენილობა ან მარტოობის გრძნობა ხომ არ გახდა ამის მიზეზი? მეგობრების მხრიდან ხომ არ შეხვდა იმედგაცრუებას? რა თქმა უნდა, ცუდი საქციელი არცერთ შემთხვევაში არაა გამართლებული, თუმცა მშვიდი საუბარი დაგეხმარებათ თქვენც და თქვენს შვილსაც, უკეთ გაერკვეთ, რამ გამოიწვია პრობლემა.
ბიბლიური პრინციპი: „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19).
დაეხმარეთ შვილს, თავისუფლად ისაუბროს მომხდარზე. დაუსვით ისეთი შეკითხვები, როგორიცაა: „რა გასწავლა ამ შემთხვევამ?“ „როგორ მოიქცევი მომავალში, თუ იმავე პრობლემის წინაშე დადგები?“ მსგავსი შეკითხვებით თქვენს შვილს მსჯელობის უნარის განვითარებაში დაეხმარებით.
ბიბლიური პრინციპი: „გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით“ (2 ტიმოთე 4:2).
დაანახვეთ შვილს, რომ ყველა გადაწყვეტილებას შესაბამისი შედეგი მოჰყვება. ამის გაკეთება განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა თქვენი შვილი რაიმეს არასწორად აკეთებს. ამ დროს შეგიძლიათ მას გარკვეული შეზღუდვები დაუწესოთ. მაგალითად, თუ ის თქვენი ნებართვის გარეშე გამოიყენებს თქვენს ავტომობილს, შეგიძლიათ რაღაც დროის განმავლობაში მას მანქანის მართვასთან დაკავშირებით აკრძალვები დაუდგინოთ.
ბიბლიური პრინციპი: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).
ყურადღება გაუმახვილეთ თქვენს შვილს იმაზე, თუ როგორ შეუძლია დაკარგული ნდობის აღდგენა. მართალია, ეს შეიძლება ერთ დღეში არ მოხდეს, მაგრამ თქვენმა შვილმა უნდა იცოდეს, რომ დროთა განმავლობაში შესაძლებელია ნდობის კვლავ მოპოვება. თუ თქვენი მოზარდი შვილი იფიქრებს, რომ ვეღარასოდეს დაიბრუნებს თქვენს ნდობას, შეიძლება ფარ-ხმალი დაყაროს და აღარასდროს სცადოს ამის გაკეთება.
ბიბლიური პრინციპი: „ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21).