რჩევები ოჯახებს | ქორწინება
შინაარსიანად გაატარეთ დრო
ბევრმა ცოლ-ქმარმა შენიშნა, რომ ნაკლებად უზიარებენ ერთმანეთს აზრებს მაშინაც კი, როცა ერთად არიან. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
რატომ ხდება ისე, რომ ზოგჯერ ცოლ-ქმარი ერთად არის, მაგრამ ერთმანეთს დროს არ უთმობს?
გადაღლილობა
„მაშინაც კი, როცა ერთმანეთისთვის ვიცლით, ხან მე ვარ ხოლმე ისეთი დაღლილი, რომ ლაპარაკის თავიც არ მაქვს, ხან კი — ჩემი ქმარი. როცა დაღლილი ვარ, პატარა რაღაცაც კი მაღიზიანებს. ამიტომ ორივეს ტელევიზორის ყურება გვირჩევნია“ (ანა).
ელექტრონული მოწყობილობები
„სოციალური ქსელები თუ სხვა ონლაინ გასართობი საშუალებები დიდ დროს გვართმევს. შეიძლება საათებიც კი გავიდეს ისე, რომ მეუღლეს სიტყვაც არ უთხრა, თითქოს მის არსებობას ვერც კი ამჩნევ“ (კეტრინი).
განსხვავებული ინტერესები
„როცა ჩემი ქმარი სამსახურიდან ბრუნდება, ხშირად იმას აკეთებს, რაც სიამოვნებს. შრომისმოყვარე მეუღლე მყავს, ამიტომ დასვენება და განტვირთვა ნამდვილად სჭირდება, თუმცა ვისურვებდი, რომ ერთად მეტი დრო გაგვეტარებინა“ (ჯენი).
სამსახური
„თანამედროვე ტექნოლოგიებმა თითქმის მთლიანად წაშალა ზღვარი სამსახურსა და ოჯახს შორის. საკუთარი თავი ბევრჯერ გამოვიჭირე იმაში, რომ არასამუშაო საათებშიც კი ვპასუხობ სამსახურიდან მიღებულ იმეილებსა თუ ტექსტურ შეტყობინებებს; არადა, შემეძლო ეს დრო მეუღლისთვის დამეთმო“ (მარკი).
როგორ უნდა მოიქცეთ?
ნუ დაუთმობთ მეუღლეს მორჩენილ დროს.
ბიბლიური პრინციპი: დაინახეთ, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).
დაფიქრდით: ცხადყოფთ, რომ ჰობიზე და სამსახურზე მნიშვნელოვანი თქვენთვის ქორწინებაა? მიზანმიმართულად გეგმავთ მეუღლესთან დროის გატარებას თუ მხოლოდ მორჩენილ დროს უთმობთ მას?
რჩევა: შემთხვევითობის იმედად ნუ იქნებით. ხშირად გაატარეთ დრო მეუღლესთან ისე, რომ ხელი არაფერმა შეგიშალოთ.
„მიხარია, როცა ჩემი მეუღლე გეგმავს, რომ დრო ერთად გავატაროთ — მხოლოდ ჩვენ ორმა. ამ დროს ვგრძნობ, რომ მისთვის განსაკუთრებული ვარ და ჩემ გვერდით ყოფნა სიამოვნებს. ეს კიდევ უფრო მიძლიერებს მისადმი სიყვარულს“ (ანა).
გადადეთ ელექტრონული მოწყობილობები.
ბიბლიური პრინციპი: „ყველაფერს თავისი დრო აქვს“ (ეკლესიასტე 3:1).
დაფიქრდით: ხშირად ხომ არ გიშლით ხელს შეტყობინებები, რომ მთელი ყურადღება მეუღლეს დაუთმოთ?
რჩევა: ეცადეთ, ყოველდღე ერთად ისადილოთ ან ივახშმოთ. ეს მეუღლესთან საუბრის კარგ შესაძლებლობას მოგცემთ. როცა ერთად ხართ, მობილური მოწყობილობები სხვა ოთახში დატოვეთ, რომ ხელი არაფერმა შეგიშალოთ.
შეძლებისდაგვარად ერთად იარეთ საყიდლებზე ან ერთად აკეთეთ სახლის საქმეები.
ბიბლიური პრინციპი: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას, რადგან კარგ საზღაურს მიიღებენ თავიანთი გარჯის სანაცვლოდ“ (ეკლესიასტე 4:9).
დაფიქრდით: ხშირად ხომ არ ხდება ისე, რომ ოჯახურ საკითხებს ცალ-ცალკე აგვარებთ?
რჩევა: ეცადეთ, ერთად აკეთოთ ისეთი საქმეებიც კი, რომლებსაც ერთი ადამიანიც გაუმკლავდება.
„ყოველდღიური საქმეები, მაგალითად საყიდლებზე სიარული, ჭურჭლის რეცხვა, ტანსაცმლის დაკეცვა ან ბაღში მუშაობა, იმის შესაძლებლობად აქციეთ, რომ მეუღლესთან ერთად დრო გაატაროთ“ (ნინა).
გქონდეთ რეალისტური მოლოდინი.
ბიბლიური პრინციპი: „ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება“ (ფილიპელები 4:5).
დაფიქრდით: მეტისმეტს ხომ არ ითხოვთ მეუღლისგან?
რჩევა: კარგი კომუნიკაცია ერთმანეთის საჭიროებებს დაგანახვებთ. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ ორივენი კმაყოფილები დარჩეთ.
„ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხშირად თავს სუსტად ვგრძნობ, ჩემი მეუღლე კი ჯან-ღონით სავსე და ენერგიულია. როცა თავს ცუდად ვგრძნობ, არ მინდა, რომ ჩემ გამო ისიც სახლში იჯდეს. ამიტომ ხშირად ვეუბნები, რომ ის აკეთოს, რაც მას სიამოვნებს. ასეთ დროს თავს ორივე კარგად ვგრძნობთ, რადგან მე დასვენებისთვის მრჩება დრო, მას კი — აქტიური ცხოვრებისთვის“ (დანიელა).
კითხვები მსჯელობისთვის
ჯერ ცალ-ცალკე დაფიქრდით ქვემოთ მოცემულ კითხვებზე; შემდეგ კი, მეუღლესთან ერთად იმსჯელეთ.
საკმარის დროს უთმობთ მეუღლეს?
რა ძალისხმევას ახმარს თქვენი მეუღლე, რომ დრო ერთად გაატაროთ და რა მხრივ იმსახურებს ის შექებას?
რის გაუმჯობესებას ისურვებდით?
ხშირად გიშლით ელექტრონული მოწყობილობები ხელს, რომ ყურადღებით მოუსმინოთ მეუღლეს?
რით ცხადყოფთ, რომ რეალისტური მოლოდინი გაქვთ ერთმანეთის მიმართ?
რას შეცვლიდით კვირის განრიგში, რომ მეუღლესთან ურთიერთობისას ხელი არაფერმა შეგიშალოთ?