რა დამოკიდებულება აქვთ მედიკოსებს სისხლის გადასხმაზე?
ათწლეულებია იეჰოვას მოწმეებს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ იმის გამო, რომ უარს ამბობენ სისხლის გადასხმაზე. მათ ამისთვის ბიბლიური საფუძველი გააჩნიათ. ბიბლიაში წერია: „მოერიდეთ სისხლს“ (საქმეები 15:29). ზოგჯერ ეს შეხედულება ეწინააღმდეგება მედიცინის მუშაკების მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ რა არის პაციენტისთვის საუკეთესო მკურნალობის მეთოდი.
საბედნიეროდ, სულ უფრო იზრდება ისეთ მედიცინის მუშაკთა რიცხვი, რომლებიც ასაბუთებენ, თუ რატომაა სამედიცინო თვალსაზრისით უკეთესი უსისხლო მკურნალობის მეთოდების გამოყენება.
2013 წლის სტანფორდის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ჟურნალის (Stanford Medicine Magazine) ერთ-ერთ ნომერში დაიბეჭდა სტატია სისხლის თემაზე. სტატიის ერთ-ერთი ნაწილი, სათაურით „დინების საწინააღმდეგოდ — რატომ იკლო სისხლის გადასხმის შემთხვევების რაოდენობამ?“, უსისხლო მკურნალობის მეთოდებს დაეთმო. ამ სტატიის ავტორმა, სარა უილიამზმა აღნიშნა: „გასული ათწლეულების მანძილზე არაერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მსოფლიოს კლინიკებში ოპერაციებისა და სტაციონალური მკურნალობის დროს უფრო და უფრო ხშირად და დიდი რაოდენობით იყენებენ სისხლს, ვიდრე ეს სინამდვილეში პაციენტებს სჭირდებათ“.
ზემოხსენებული სტატიის ავტორს მოჰყავს პენსილვანიის უსისხლო მედიცინისა და ქირურგიის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებლისა და დირექტორის, მედიცინის დოქტორ პატრიცია ფორდის სიტყვები: „სტუდენტობიდან იმას გვინერგავენ, რომ ადამიანის ორგანიზმში აუცილებლად უნდა იყოს სისხლის გარკვეული მოცულობა, რადგან ეს სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გარანტია ... ზოგ შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, მაგრამ მეტწილად ეს უბრალოდ არ ამართლებს“. a
დოქტორი ფორდი, რომელიც ყოველ წელს დაახლოებით 700 იეჰოვას მოწმეს მკურნალობს, დასძენს: „ბევრ ექიმს, ვისთანაც მისაუბრია ... მცდარი აზრი აქვს, რომ თითქოს პაციენტების უმეტესობა ვერ გადარჩება სისხლის გადასხმის გარეშე ... რაღაც კუთხით მეც ვეთანხმებოდი მათ აზრს, მაგრამ ერთ რამეს მალევე მივხვდი — პაციენტების მკურნალობა უბრალო და მარტივი მეთოდებითაც შეიძლება“.
2012 წლის აგვისტოს ერთ სამედიცინო ჟურნალში (Archives of Internal Medicine) გამოქვეყნდა ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ბოლო 28 წლის განმავლობაში ამ კლინიკაში იმ პაციენტებზე მოხდა დაკვირვება, ვისაც გულის ოპერაცია გაუკეთდა. ამ პაციენტებს შორის იეჰოვას მოწმეებიც იყვნენ. აღსანიშნავია, რომ მოწმეებმა უფრო სწრაფად გაიარეს რეაბილიტაციის პერიოდი, ვიდრე იმ პაციენტებმა, რომლებმაც სისხლი გადაისხეს. ისიც საგულისხმოა, რომ მათთან შედარებით მოწმეებს უფრო იშვიათად აღენიშნებოდათ გართულებები; უფრო მეტიც, მოწმეების შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო როგორც ოპერაციიდან მოკლე დროში, ისე 20 წლის გასვლის შემდეგ.
ერთი სამედიცინო ჟურნალის 2013 წლის 8 აპრილის გამოცემაში (The Wall Street Journal) აღნიშნული იყო: „უსისხლო ქირურგიას — ოპერაცია, რომელიც უსისხლოდ კეთდება — წლების განმავლობაში მიმართავდნენ იმ პაციენტებთან მიმართებით, რომლებიც რელიგიური მოსაზრების გამო ამბობდნენ უარს სისხლის გადასხმაზე. ამჟამად კლინიკებში სულ უფრო მეტ პაციენტს უკეთებენ უსისხლო ოპერაციებს ... უსისხლო ქირურგიის მხარდამჭერი მედიკოსები აღნიშნავენ, რომ უსისხლო ქირურგია არა მხოლოდ ზოგავს სისხლის საყიდლად, მის შესანახად, დასამუშავებლად, შესამოწმებლად თუ გადასასხმელად გამოყოფილ თანხებს, არამედ საგრძნობლად ამცირებს სისხლით გადამდები დაავადებებით დაინფიცირების რისკს და პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობას“.
გასაკვირი არ არის, რატომ თქვა კლივლენდის კლინიკის ერთ-ერთმა წამყვანმა ექიმმა, რობერტ ლორენსმა, ასეთი სიტყვები: „როცა პაციენტს სისხლს უსხამ, მომენტალურად გეუფლება ისეთი გრძნობა, რომ ამ დროს შენ მას ეხმარები ... მაგრამ ხანგრძლივი დროის მანძილზე დაკვირვებების შედეგად სრულიად საპირისპირო სურათი გამოიკვეთა“.