მიჰბაძეთ მათ რწმენას | იობი
იეჰოვამ მას ჭრილობები მოუშუშა
როგორც იქნა, გაჩუმდნენ. ალბათ, ერთადერთი, რაც ისმოდა, არაბეთის უდაბნოდან მონაბერი ცხელი ქარის ხმა იყო. ხანგრძლივი დებატებისგან გათანგულ იობს სათქმელი აღარაფერი ჰქონდა. წარმოიდგინეთ, როგორი გულისწყრომით შესცქეროდა ის თავის სამ მეგობარს — ელიფაზს, ბილდადსა და ცოფარს — თითქოს ისევ კამათში იწვევდა მათ. ისინი კი, გამწარებულები, ზედაც აღარ უყურებდნენ იობს, რადგან მათმა „ბრძნულმა არგუმენტებმა“ და ღვარძლიანმა სიტყვებმა მიზანს ვერ მიაღწია (იობი 16:3). დიახ, იობს ახლა უფრო მეტად ჰქონდა გადაწყვეტილი საკუთარი ერთგულების დაცვა, ვიდრე ოდესმე.
იობი მთელი ძალით იყო ჩაჭიდებული ღვთისადმი ერთგულებას. მან ყველაფერი დაკარგა: ათივე შვილი, მთელი ქონება, პატივისცემა მეგობრებისგან თუ მეზობლებისგან, ბოლოს კი — ჯანმრთელობაც. დაავადებისგან კანი დამსკდარი და ჩაშავებული ჰქონდა და მთელ სხეულზე მატლი მოსდებოდა. მის ამონასუნთქსაც კი საშინელი სუნი ჰქონდა (იობი 7:5; 19:17; 30:30). სამი მეგობრის მზაკვრულმა სიტყვებმა ხომ საერთოდ ბოლო მოუღო საწყალს. იმის მტკიცება უწევდა, რომ არ იყო ბოროტი და უვარგისი, რაშიც ისინი სდებდნენ ბრალს. თუმცა იობის ბოლო სიტყვებმა საბოლოოდ დაადუმა ეს სამი კაცი. ამდენი მწარე და ღვარძლიანი სიტყვების შემდეგ მათ აღარაფერი დარჩათ სათქმელი. და მაინც, იობს ტკივილი არ უყუჩდებოდა. მას ჰაერივით სჭირდებოდა ნუგეში!
გასაკვირი არ არის, თუ რატომ ვერ აფასებდა იობი სიტუაციას სწორად. ის საჭიროებდა სწორ ხელმძღვანელობას და თვალსაზრისის შეცვლას. გარდა ამისა, მას გულწრფელი ნუგეშისცემა და თანაგრძნობა სჭირდებოდა — ის, რაც სამი მეგობრისგან უნდა მიეღო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მიიღო. ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში, როცა ხელმძღვანელობა და ნუგეში რომ არა, განსაცდელს ვერ გაუძლებდით? შეხვედრიხართ იმედგაცრუებას იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მეგობრებად თვლიდით? იმის ცოდნა, თუ როგორ ანუგეშა იეჰოვამ თავისი მსახური იობი და რა რეაქცია ჰქონდა იობს ამაზე, შეიძლება თქვენც დაგეხმაროთ იმედის განმტკიცებაში.
გონიერი და კეთილი მრჩეველი
ამის შემდეგ იობის ამბავი ცოტა განსხვავებულად ვითარდება. მთელი ამ დროის განმავლობაში, მათ შორიახლოს იმყოფებოდა ერთი ახალგაზრდა კაცი, სახელად ელიჰუ, რომელიც უსიტყვოდ უსმენდა უფროსი ხალხის ხანგრძლივ დებატებს. მოსმენილმა ელიჰუ ძალიან გაანაწყენა.
იობის საუბარმა, შეიძლება ითქვას, მისი აღშფოთება გამოიწვია. მას გული ეტკინა, რომ მართალი იობი ზეწოლის შედეგად „საკუთარ სულს ღმერთზე მართლად აცხადებდა“. თუმცა ელიჰუს შეებრალა იობი; ის ხედავდა მის უდიდეს ტკივილს, მის გულწრფელობას და იმის აუცილებლობასაც, რომ ამ კაცს გულისხმიერი რჩევა და ნუგეში ძალიან სჭირდებოდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ აევსო მოთმინების ფიალა ელიჰუს, როცა უსმენდა, თუ როგორ უტევდნენ ეს ვაი-ნუგეშისმცემლები იობს, როგორ უნგრევდნენ რწმენას, როგორ ულახავდნენ ღირსებას და რა ურცხვად შეჰქონდათ ეჭვი მის ერთგულებაში. ამაზე უარესი კი ის იყო, რომ მზაკვრული სიტყვებით მათ ღმერთი ბოროტი პიროვნება გამოიყვანეს. ელიჰუ სამართლიანად აღშფოთდა და საბოლოოდ ხმა აღიმაღლა (იობი 32:2—4, 18).
„მე ახალგაზრდა ვარ, თქვენ კი მოხუცები; ამიტომ ვიხევდი უკან და ვშიშობდი თქვენთვის ჩემი ცოდნის გაცხადებას. მარტო დღეგრძელები არ არიან ბრძენები და მარტო მოხუცებულებს არა აქვთ განსჯის უნარი“,— თქვა მან (იობი 32:6, 9). შემდეგ ელიჰუმ გრძელი სიტყვა წარმოთქვა და დაამტკიცა, რომ ახალგაზრდებსაც აქვთ სიბრძნე. მას სრულიად განსხვავებული ხედვა ჰქონდა, ვიდრე ელიფაზს, ბილდადსა და ცოფარს. მან დაარწმუნა იობი, რომ თავისი საუბრით არ დაამცირებდა მას და ტკივილზე ტკივილს არ დაუმატებდა. ელიჰუმ პატივისცემა გამოავლინა იობის მიმართ, როცა სახელით მიმართა და აღნიშნა, რომ მას უპატივცემულოდ მოექცნენ. * მან თავაზიანად მიმართა იობს: „ახლა შენ გთხოვ, იობ, მოისმინო ჩემი სიტყვები“ (იობი 33:1, 7; 34:7).
ელიჰუმ იობს რამდენიმე პირდაპირი და გულწრფელი რჩევა მისცა: «შენ ჩემ გასაგონად თქვი ... „წმინდა და უცოდველი ვარ, სუფთა და უდანაშაულო. მიზეზს ეძებს იგი [ღმერთი], რომ შემეწინააღმდეგოს“. შემდეგ ელიჰუმ პირდაპირ უთხრა იობს, რა იყო მისი პრობლემა: „ეს მიგაჩნია სამართლად? ამბობ, ჩემი სიმართლე ღვთისას აღემატებაო“. ელიჰუმ არ დაუშვა, რომ იობს ამგვარი არასწორი აზროვნება განევითარებინა. „ამაში არა ხარ მართალი“, — უთხრა ახალგაზრდა კაცმა მას (იობი 33:8—12; 35:2). ელიჰუმ იცოდა, რომ იობის გამწარების მიზეზი თავსდატეხილი უმძიმესი ტრაგედია იყო, რასაც ვაი-მეგობრების უგულობა და სისასტიკე ემატებოდა. მან გააფრთხილა იობი: „გაფრთხილდი, რომ რისხვამ ღვარძლიანი ტაშის დაკვრაში არ ჩაგითრიოს“ (იობი 36:18).
ელიჰუ იეჰოვას სიკეთეზე ამახვილებს ყურადღებას
ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ელიჰუმ დაიცვა იეჰოვას სიწმინდე. უბრალო, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვებით, მან მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას გაუსვა ხაზი: „შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა ... ყოვლისშემძლე არ ამრუდებს სამართალს“ (იობი 34:10, 12). მან შეახსენა იობს, რომ იეჰოვამ არ დასაჯა იგი დაუფიქრებელი და უპატივცემულო სიტყვებისთვის, რითაც დაანახვა, რამდენად სამართლიანი და გულმოწყალე ღმერთია ის (იობი 35:13—15). ელიჰუმ ისე კი არ წარმოაჩინა თავი, თითქოს ყველაფერი იცოდა ღვთის შესახებ, პირიქით, თავმდაბლურად აღიარა, რომ „ღმერთი იმაზე მეტად არის განდიდებული, ვიდრე ჩვენ ვიცით“ (იობი 36:26).
მართალია, ელიჰუს რჩევა პირდაპირი იყო, თუმცა ის პატივისცემით ესაუბრებოდა იობს. ის მას იმ დიდებულ იმედზე ელაპარაკებოდა, რომლის თანახმადაც იეჰოვა იობს ჯანმრთელობას დაუბრუნებდა და ერთ დღესაც იტყოდა მის ერთგულ მსახურზე: „განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“. ელიჰუს სიკეთე და პატივისცემა იქიდანაც გამოჩნდა, რომ უბრალოდ ლექცია კი არ წაუკითხა იობს, არამედ საუბრის დროს აზრის გამოთქმის საშუალება მისცა. მან უთხრა: „ილაპარაკე, რადგან მომწონს შენი სიმართლე“ (იობი 33:25, 32). იობს პასუხი არ გაუცია; შესაძლოა ფიქრობდა, რომ აღარ იყო საჭირო ამ თბილი და პატივისცემით მიცემული რჩევის შემდეგ თავის მართლება და ბოდიშების ხდა. იობმა უდიდესი შვება იგრძნო; არ არის გამორიცხული, რომ ამ დროს მას თვალზე ცრემლიც კი მოსდგომოდა.
ამ ორი ერთგული კაცისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ელიჰუსგან ვსწავლობთ იმას, თუ როგორ მივცეთ რჩევა სხვებს და როგორ ვანუგეშოთ გასაჭირში მყოფნი. ნამდვილი მეგობარი თავს არ შეიკავებს რჩევის მოცემისგან, როცა სერიოზულ შეცდომას ვუშვებთ ან სახიფათო გზას ვადგავართ (იგავები 27:6). ჩვენ სწორედ ასეთი მეგობრობა უნდა გავუწიოთ ერთმანეთს; უნდა ვიყოთ თანამგრძნობნი და გავამხნეოთ ერთმანეთი მაშინაც კი, როცა ვინმე ემოციურ ნიადაგზე დაუფიქრებლად და არასწორად საუბრობს. და როცა ჩვენ ვსაჭიროებთ რჩევას, იობის მაგალითი უნდა გაგვახსენდეს და თავმდაბლურად მივიღოთ ის. რჩევები და მითითებები ყველას გვჭირდება. რჩევა-დარიგების მიღებამ შეიძლება სიცოცხლე შეგვინარჩუნოს (იგავები 4:13).
ხმა ქარიშხლიდან
საუბარში ელიჰუ ხშირად ახსენებდა ქარს, ღრუბლებს, გრგვინვას და ელვას. მან იეჰოვაზე თქვა: „მოუსმინეთ მის მქუხარე ხმას“. ცოტა ხნის შემდეგ ელიჰუმ „ქარიშხალი“ ახსენა (იობი 37:2, 9). შესაძლებელია, იმ დროს, როცა ელიჰუ იობს ესაუბრებოდა, ძლიერი ქარი ამოვარდა, რომელიც ნელ-ნელა ქარიშხალში გადაიზარდა. შემდეგ რაღაც უფრო დრამატული და გასაოცარი მოვლენა მოხდა — უეცრად იეჰოვას ხმა გაისმა! (იობი 38:1).
წარმოიდგინეთ, რა დიდი პატივია, თავად შემოქმედისგან მოისმინო ლექცია შემოქმედების შესახებ!
ბიბლიის წიგნ „იობის“ კითხვისას საოცარი გრძნობა გვეუფლება, როდესაც ვეცნობით იეჰოვას სიტყვებს, რომლებიც მან იობს უთხრა. ეს ისე იყო, თითქოს ელიფაზის, ბილდადისა და ცოფარის არაფრის მთქმელ, ფუჭ სიტყვებს, სიმართლის ქარიშხალმა გადაუარა. თავიდან იეჰოვა არც კი დალაპარაკებია ამ კაცებს. მთელი მისი ყურადღება იობისკენ იყო მიმართული. მოსიყვარულე მამის მსგავსად მან პირდაპირ, თუმცა რბილად შეაგონა თავისი საყვარელი მსახური.
იეჰოვამ იცოდა, რა დიდ ტკივილს განიცდიდა იობი და მას ძალიან შესტკიოდა მასზე გული. ის ყოველთვის თანაუგრძნობს თავის საყვარელ შვილებს განსაცდელების ჟამს (ესაია 63:9; ზაქარია 2:8). მან ისიც იცოდა, რომ იობი უცოდინარობით ლაპარაკობდა, რითაც თავის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. ამიტომ იეჰოვამ მას ბევრი კითხვა დაუსვა და თვალსაზრისი შეუსწორა. ღმერთმა ჰკითხა მას: „სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგების უნარი“. შემოქმედების დასაწყისში „დილის ვარსკვლავები“ ანუ ღვთის ანგელოზები ყიჟინებდნენ, როცა ხედავდნენ საოცარ ქმნილებებს (იობი 38:2, 4, 7). ცხადია, იობმა არაფერი იცოდა ამის შესახებ.
იეჰოვამ განაგრძო მასთან შემოქმედებაზე საუბარი და მოკლედ აუხსნა ის საკითხები, რომლებსაც დღეს საბუნებისმეტყველო მეცნიერება შეისწავლის. იგი შეეხო ისეთ სფეროებს, როგორებიცაა ასტრონომია, ბიოლოგია, გეოლოგია და ფიზიკა. ღმერთმა აღწერა რამდენიმე ცხოველი და ფრინველი, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, სადაც იობი ცხოვრობდა, მაგალითად, ლომი, ყორანი, კლდის ჯიხვი, გარეული ვირი, გარეული ხარი, სირაქლემა, ცხენი, შევარდენი, არწივი, ბეჰემოთი (სავარაუდოდ ჰიპოპოტამი) და ბოლოს ლევიათანი (სავარაუდოდ ნიანგი). წარმოგიდგენიათ, რა პატივი ხვდა იობს წილად?! მან უშუალოდ სამყაროს შემოქმედისგან მოისმინა საბუნებისმეტყველო ლექცია! *
ღმერთი იობს თავმდაბლობას და სიყვარულს ასწავლის
რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს? საჭირო იყო, რომ იობს უფრო მეტად გამოევლინა თავმდაბლობა. ის თვლიდა, რომ ღმერთი მას უსამართლოდ ექცეოდა და ასეთი აზროვნება მას თავის მოსიყვარულე მამასთანაც უფუჭებდა ურთიერთობას და ისედაც საშინელ ყოფას კიდევ უფრო უმძიმებდა. იეჰოვა მას კვლავ და კვლავ ეკითხება, თუ სად იყო ის, როცა თვითონ დასაბამს აძლევდა საოცარ ქმნილებებს. იმასაც ეკითხება, თუ შეეძლო გამოეკვება და დაემორჩილებინა ის ქმნილებები, რომლებიც მან თავისი დიდებული ძალით შექმნა. და თუ არ ჰქონდა ამ ყოველივეს უნარი, მაშინ როგორ შეეძლო, ეკარნახა ღვთისთვის, რა უნდა გაეკეთებინა და რა — არა?! იეჰოვას გზები და აზრები გაცილებით მაღლა იდგა, ვიდრე იობის. დიახ, რა თქმა უნდა, მან უკეთ იცის, როდის რა უნდა გააკეთოს!
იობი არ შეჰკამათებია იეჰოვას და არც თავის მართლება უცდია
იეჰოვას სიტყვებში სხვა ყველაფერთან ერთად იობის მიმართ უდიდესი სიყვარულიც გამოჩნდა. ეს ცხადი გახდა მისივე საუბრიდან; ფაქტობრივად, მან ასეთი რამ უთხრა იობს: „შვილო, თუ მე შევქმენი ეს ყველაფერი და ვზრუნავ მათზე, რატომ ფიქრობ, რომ შენზე არ ვიზრუნებ?! რატომ მიგატოვებდი და რატომ წაგართმევდი შვილებს, ქონებას და ჯანმრთელობას?! ნუთუ მე არ ვარ ის ერთადერთი პიროვნება, ვისაც შეუძლია აგინაზღაუროს ყველანაირი დანაკარგი და მოგაშოროს საშინელი ტკივილები?!“
ღვთის დამაფიქრებელ კითხვებს იობმა მხოლოდ ორ შემთხვევაში გასცა პასუხი. მას არ დაუწყია დავა და თავის მართლება. მან დახარა თავი ღვთის წინაშე და აღიარა, თუ რაოდენ ცოტა რამ იცოდა სინამდვილეში იეჰოვას შესახებ და უკან წაიღო დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები (იობი 40:4, 5; 42:1—6). აქ ჩვენ უკვე ვხედავთ იობის რწმენის საოცარ გამოვლინებას. ყველა იმ უბედურების შემდეგ, რაც გადაიტანა, მან მაინც შეინარჩუნა უმტკიცესი რწმენა. მან მიიღო იეჰოვას შეგონება და შეიცვალა აზროვნება. ჩვენც შეგვიძლია დავუსვათ საკუთარ თავს ასეთი დამაფიქრებელი კითხვა: „მყოფნის თავმდაბლობა საიმისოდ, რომ ადვილად მივიღო რჩევა და შეგონება?“ რა თქმა უნდა, ყველას გვჭირდება რჩევაც და შეგონებაც; და თუ უყოყმანოდ ვიღებთ რჩევებს, გამოდის, რომ ვბაძავთ იობს რწმენის გამოვლენაში.
„ჭეშმარიტება არ ილაპარაკეთ ჩემზე“
ახლა იეჰოვა იობის გამხნევებას და ნუგეშისცემას იწყებს. ის მიმართავს ელიფაზს, იობის ვითომ-ნუგეშისმცემლებიდან, როგორც ჩანს, ყველაზე უფროსს: „აღეგზნო ჩემი რისხვა შენზე და შენს ორ მეგობარზე, რადგან ჭეშმარიტება არ ილაპარაკეთ ჩემზე, როგორც ჩემმა მსახურმა იობმა ილაპარაკა“ (იობი 42:7). რა ჩანს ამ სიტყვებიდან? იმას ამბობდა იეჰოვა, რომ ყველაფერი, რაც ამ სამმა კაცმა ილაპარაკა, სიცრუე იყო და იობის ყველა სიტყვა — მართალი? რა თქმა უნდა, არა! * თუმცა იობსა და მის ბრალმდებლებს შორის უდიდესი სხვაობა იყო. იობი გულგატეხილი, მწუხარებისგან გატანჯული და ცილისწამებისგან განადგურებული კაცი იყო. ამიტომ გასაგებია, თუ რატომ საუბრობდა ის ზოგჯერ დაუფიქრებლად. თუმცა ელიფაზი და მისი ორი მეგობარი არ იყვნენ ისეთ გასაჭირში, როგორშიც იობი. სუსტი რწმენის გამო ისინი მიზანმიმართულად საუბრობდნენ სასტიკად და ქედმაღლურად. ისინი მხოლოდ უდანაშაულო ადამიანს კი არ დაესხნენ თავს, არამედ თავად იეჰოვა წარმოაჩინეს ძალიან უარყოფით შუქში — თითქოს ის იყო სასტიკი და უფრო მეტიც, ბოროტი ღმერთი.
ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვამ საკმაოდ დიდი შესაწირავი მოსთხოვა ამ სამ კაცს — შვიდი ხარი და შვიდი ვერძი. ეს საკმაოდ ძვირადღირებული შესაწირავი იყო. მოგვიანებით დაწერილ მოსეს კანონში ხარი მღვდელმთავარს იმ შემთხვევაში უნდა შეეწირა, თუ თავისი ცოდვით მთელ ერს ცოდვაში გახვევდა (ლევიანები 4:3). ეს იყო ცხოველური შესაწირავიდან ყველაზე ძვირადღირებული, რასაც მოსეს კანონი ითხოვდა. უფრო მეტიც, ღმერთმა თქვა, რომ ის იმ შემთხვევაში მიიღებდა იობის ბრალმდებლების შესაწირავს, თუ ჯერ იობი ილოცებდა მათთვის * (იობი 42:8). ნამდვილად გაუთბობდა გულს იობს იმის დანახვა, თუ რაოდენ აღმატებული იყო ღვთის სამართალი და როგორ დაუჭირა ღმერთმა მას მხარი!
„ჩემი მსახური იობი კი ილოცებს თქვენთვის“ (იობი 42:8).
იეჰოვა დარწმუნებული იყო, რომ იობი ნამდვილად გააკეთებდა იმას, რაც მან სთხოვა; ეს, თავის მხრივ, იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ იობმა აპატია თავის სამ ვაი-მეგობარს, რომლებმაც ძალიან ატკინეს გული. დიახ, იობმა იმედი არ გაუცრუა თავის მამას (იობი 42:9). საქმით გამოვლენილ მის ერთგულებას გაცილებით დიდი ფასი ჰქონდა, ვიდრე მის სიტყვებს. სწორედ მორჩილების გამო აკურთხა დიდად იეჰოვამ მისი ცხოვრება.
„სათუთი გრძნობები“
იეჰოვამ სათუთი გრძნობები და გულმოწყალება გამოავლინა იობის მიმართ (იაკობი 5:11). რაში გამოჩნდა ეს? მან განკურნა ის. წარმოიდგინეთ იობის ემოციები, როცა დაინახავდა, როგორ შესრულდა ელიჰუს შემდეგი წინასწარმეტყველება მასზე: „განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად“. როგორც იქნა, მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ნამდვილი ნუგეში აგრძნობინეს მას. იეჰოვამ სიმდიდრე და ქონებაც დაუბრუნა იობს, თანაც ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე მანამდე ჰქონდა. მაგრამ ოჯახურ ტრაგედიას რა ეშველებოდა, მან ხომ ათი შვილი დაკარგა?! ღმერთმა მას და მის ცოლს კიდევ ათი შვილი აჩუქა. მართალია, ეს ბოლომდე ვერ მოუშუშებდა მათ უდიდეს ტკივილს, მაგრამ ოდნავ მაინც მოჰგვრიდა სიხარულსა და ნუგეშს. და ბოლოს, იეჰოვამ სასწაულებრივად გაუხანგრძლივა იობს სიცოცხლე; მან 140 წელზე მეტი იცოცხლა და მოესწრო ოთხ თაობას; იობმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ უზრუნველად ცხოვრობდნენ მისი შთამომავლები. „ბოლოს მოკვდა იობი, მოხუცი და დღეებით მაძღარი“, — ვკითხულობთ ბიბლიაში (იობი 42:10—17). სამოთხეში იობი და მისი ძვირფასი მეუღლე კვლავ ერთად იქნებიან და მათი დიდი ოჯახიც აღდგება; მათ შორის იქნება ის ათი შვილიც, რომლებიც სატანამ უმოწყალოდ წაართვა ამ ერთგულ კაცს (იოანე 5:28, 29).
რატომ აკურთხა იეჰოვამ იობი ასე უხვად? ბიბლიაში ვკითხულობთ: „თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე“ (იაკობი 5:11). იობმა ისეთი განსაცდელები გადაიტანა, რისი წარმოდგენაც კი რთულია ჩვენთვის. სიტყვა „მოთმინება“ უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ განსაცდელების გადატანას. ამ ერთგულმა კაცმა რწმენით მოითმინა და მას იეჰოვასადმი სიყვარული არ შესუსტებია. ნაცვლად იმისა, რომ გაბრაზებულიყო და განაწყენებულიყო, მან მთელი გულით აპატია თავის ვაი-მეგობრებს, რომლებმაც შეგნებულად ატკინეს მას გული. იობს არ დაუკარგავს დიდებული იმედი და ყოველთვის ღვთისადმი ერთგულების სადარაჯოზე იდგა (იობი 27:5).
დღეს ყველა ჩვენგანს გვჭირდება მოთმინების გამოვლენა. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ სატანა შეეცდება გული გაგვიტეხოს, როგორც ამას იობის შემთხვევაში ცდილობდა. მაგრამ, თუ რწმენით მოვითმენთ, თავმდაბლობას გამოვავლენთ, სხვებს მთელი გულით ვაპატიებთ და მტკიცედ გვექნება გადაწყვეტილი ერთგულების შენარჩუნება, შევძლებთ ჩავეჭიდოთ დიდებულ იმედს (ებრაელები 10:36). თუ იობს მივბაძავთ, იმედს გავუცრუებთ სატანას და გულს გავუხარებთ მოსიყვარულე მამას, იეჰოვას!
^ აბზ. 6 ელიფაზი, ბილდადი და ცოფარი დიდხანს ესაუბრნენ იობს. ამ საუბარს იობის წიგნის ცხრა თავი ეთმობა. თუმცა ამ კაცებს ერთხელაც არ მიუმართავთ იობისთვის სახელით.
^ აბზ. 14 იობთან საუბარში იეჰოვა ზოგჯერ კონკრეტულად აღწერს საგნებს და მოვლენებს, ზოგჯერ კი ხატოვან ენას იყენებს (მაგალითისთვის იხილეთ იობის 41:1, 7, 8, 19—21). ორივე შემთხვევაში მიზანი ერთი იყო — მოწიწება და პატივისცემა გაღვივებოდა იობს შემოქმედის მიმართ.
^ აბზ. 18 საუკუნეების შემდეგ პავლე მოციქულმა ელიფაზის ნათქვამიდან მოიყვანა ციტატა (იობი 5:13; 1 კორინთელები 3:19). ელიფაზის ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა, თუმცა ის იობთან მიმართებით იყო არასწორად გამოყენებული.
^ აბზ. 19 ბიბლიაში არ წერია, რომ იობს ცოლის სახელზეც უნდა შეეწირა მსგავსი შესაწირავი.