მიჰბაძეთ მათ რწმენას | იობი
„არ დავთმობ უმწიკვლობას!“
თავიდან ფეხებამდე დაწყლულებულს მთელი სხეული სტკივა. წარმოიდგინეთ თავდახრილი, მხრებჩამოყრილი, დაბეჩავებული კაცი, რომელიც მიწაზე ზის და იმის თავიც არა აქვს, რომ დასეული ბუზები მოიგერიოს. გლოვის ნიშნად ნაცარში ზის და დაავადებულ კანს თიხის ნატეხით იქავებს. ერთ დროს პატივდებული კაცი, ახლა აღარაფერს წარმოადგენს. ყველამ მიატოვა — მეგობრებმა, მეზობლებმა, ნათესავებმა; ყველა აბუჩად იგდებს, ბავშვებიც კი დასცინიან. ის არასწორად ასკვნის, რომ იეჰოვას, მისი ღვთის, ხელია მის წინააღმდეგ (იობი 2:8; 19:18, 22).
ეს იობია — კაცი, რომელზეც ღმერთმა თქვა: „არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე“ (იობი 1:8). იეჰოვა საუკუნეების შემდეგაც კი ფიქრობდა, რომ იობი თავისი სიმართლით გამორჩეული იყო სხვებისგან (ეზეკიელი 14:14, 20).
თუ თქვენც მძიმე პერიოდი გიდგათ ცხოვრებაში და სერიოზულ განსაცდელებს ებრძვით, იცოდეთ, რომ იობის ისტორია დიდ შვებას მოგგვრით. ამასთანავე, უკეთ ჩასწვდებით ღვთის ყველა მსახურისთვის საჭირო თვისების, ერთგულების, მნიშვნელობას. ერთგულებას მაშინ ვავლენთ, როცა მძიმე განსაცდელის დროსაც კი არ ვივიწყებთ ღმერთს და მის ნებას ვასრულებთ. მოდი, უფრო დაწვრილებით მიმოვიხილოთ იობის ცხოვრება და უფრო მეტი ვისწავლოთ ამ კაცისგან.
რა არ იცოდა იობმა?
როგორც ჩანს, იობის ისტორია, მისი სიკვდილიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ღვთის ერთგულმა მსახურმა, მოსემ დაწერა. ღვთის შთაგონებით მოსემ შეძლო, აღეწერა არა მარტო ის უბედურებები, რაც იობს გადახდა, არამედ ზეცაში განვითარებული ზოგიერთი მოვლენაც.
დასაწყისში მოსე გვამცნობს, რომ იობს ბედნიერი და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება ჰქონდა. იგი მდიდარი, ცნობილი და პატივდებული კაცი იყო უცის ქვეყანაში. უცი სავარაუდოდ ჩრდილოეთ არაბეთში მდებარეობდა. იობი უანგაროდ ეხმარებოდა გაჭირვებულებს და იცავდა უმწეოებს. მას ათი შვილი ჰყავდა. რაც ყველაზე მთავარია, იობს კარგი ურთიერთობა ჰქონდა იეჰოვასთან. ის მთელი გულით ცდილობდა, ესიამოვნებინა ღვთისთვის, როგორც ამას მისი შორეული ნათესავები — აბრაამი, ისაკი, იაკობი და იოსები — აკეთებდნენ. ამ პატრიარქების მსგავსად, იობიც მღვდლის მოვალეობას ასრულებდა; რეგულარულად სწირავდა შესაწირავს თავისი შვილების სახელზე (იობი 1:1—5; 31:16—22).
თუმცა ბიბლიაში იობის შესახებ თხრობა აქ წყდება და მოვლენები ზეცაში ვითარდება. ჩვენ ისეთ რამეს ვიგებთ, რის შესახებაც იობს წარმოდგენაც არ ჰქონდა. იეჰოვას წინაშე შეკრებილან ერთგული ანგელოზები; შეკრებაზე ჩნდება ურჩი ანგელოზი სატანაც. იეჰოვამ იცის, რომ სატანა დასანახავად ვერ იტანს იობს, ამიტომ ის მიმართავს მას და ამ მართალი კაცის გამორჩეულ ერთგულებაზე უმახვილებს ყურადღებას. სატანა ურცხვად პასუხობს ღმერთს: „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში? შენ არ მფარველობ მას, მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს?“ სატანა ვერ იტანს ვერცერთ ღვთის ერთგულ ადამიანს. ისინი ხომ თავიანთი ერთგულებით ამტკიცებენ, რომ სატანა უდიდესი მატყუარაა და რომ მას არავინ უყვარს ამ უკიდეგანო სამყაროში. სატანა დაჟინებით ამტკიცებდა, რომ იობი მხოლოდ და მხოლოდ გამორჩენის მიზნით ემსახურებოდა ღმერთს და თუ ყველაფერს დაკარგავდა, იეჰოვას პირში დაუწყებდა გმობას (იობი 1:6—11).
იობმა არ იცოდა, რომ იეჰოვამ მას უდიდესი პატივი არგუნა წილად: მას უნდა დაემტკიცებინა სატანის სიცრუე. ღმერთმა მისცა სატანას უფლება, წაერთმია იობისთვის ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, ოღონდ თავად იობს არ უნდა შეხებოდა ფიზიკურად. სატანამაც სიამოვნებით წამოიწყო თავისი სადისტური კამპანია. სულ რაღაც ერთ დღეში იობის ცხოვრება თავდაყირა დადგა. მან შეიტყო, რომ მთლიანად გაუწყდა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, ისე რომ ერთიც არ გადარჩენილა — ჯერ ძროხები და ვირები, შემდეგ კი ცხვრის ფარა და აქლემები. უარესი, საქონლის მწყემსები უკლებლივ ყველა დახოცეს. ერთ-ერთმა ამბის მიმტანმა უთხრა იობს, რომ მისი ცხვრები და მსახურები ზეციდან ჩამოსულმა ცეცხლმა, სავარაუდოდ, მეხმა გაანადგურა და მოსპო. ფაქტობრივად, ერთ დღეში გაღატაკდა კაცი. იობმა იმის გააზრებაც კი ვერ მოასწრო, თუ რამდენი მსახური და ქონება დაკარგა, რომ გაცილებით უარესი განსაცდელი დაატყდა თავს. უფროსი შვილის სახლი, სადაც მისი ათივე შვილი იყო შეკრებილი, უეცრად ამოვარდნილმა ქარიშხალმა მიწასთან გაასწორა და მისი ყველა შვილი შეიწირა (იობი 1:12—19).
შეუძლებელია იმის სრულად წარმოდგენა, თუ რას გრძნობდა იმ დროს იობი. მან ტანსაცმელი შემოიხია, თმა გადაიპარსა და მიწაზე დაემხო. ის ფიქრობდა, რომ ყველაფერი ღვთისგან ჰქონდა მიცემული და მანვე წაართვა. დიახ, სატანამ ყველაფერი ეშმაკურად გათვალა და ისე გააკეთა, რომ იობს ყველა უბედურების მიღმა ღმერთი დაენახა. ყველაფრის მიუხედავად, იობმა არ დასწყევლა ღმერთი, როგორც ამას სატანა ამტკიცებდა. პირიქით, მან ასეთი სიტყვები თქვა: „კვლავაც კურთხეული იყოს იეჰოვას სახელი“ (იობი 1:20—22).
„თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“
გაავებული და გაშმაგებული სატანა დანებებას არ აპირებდა. ის კვლავ წარდგა იეჰოვას წინაშე ანგელოზთა შეკრების დროს. იეჰოვამ ამჯერადაც შეაქო იობი იმ დიდი ერთგულებისთვის, რომელიც მან გამოავლინა სატანის არაერთი თავდასხმის მიუხედავად. თუმცა სატანა კვლავ უტიფრად შეეპასუხა ღმერთს: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი. აბა, გაიწოდე ხელი, შეახე მის ძვალსა და ხორცს, და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“. სატანა დარწმუნებული იყო, რომ თუ იობი მძიმედ დაავადდებოდა, აუცილებლად დასწყევლიდა ღმერთს. იეჰოვამ სრული ნდობა გამოუცხადა იობს და სატანას იმის ნება მისცა, რომ მისთვის ჯანმრთელობაც წაერთმია, ოღონდ გააფრთხილა, რომ მის სიცოცხლეს არ შეხებოდა, ანუ არ მოეკლა ის (იობი 2:1—6).
მალე იობი საშინელ მდგომარეობაში ჩავარდა. მისი ტკივილი და მწუხარება აღწერილი იყო ამ სტატიის შესავალ სიტყვებში. წარმოიდგინეთ მისი საცოდავი მეუღლე. ისედაც სულგამწარებული დედა, რომელმაც ათი შვილი დაკარგა, ხედავს, რა საშინლად იტანჯება მისი ქმარი. აგონიაში მყოფ ქალს აღმოხდა: „ისევ შენს უმწიკვლობას ეჭიდები? დასწყევლე ღმერთი და მოკვდი“. ეს არ იყო იმ ქალის სიტყვები, რომელსაც იობი იცნობდა და რომელიც ძალიან უყვარდა; მას უკვე დაკარგული ჰქონდა გონიერება და განსჯის უნარი. ამიტომ იობმა უთხრა მას, რომ უგუნური ქალივით ლაპარაკობდა. იობს არც ამ დროს დაუწყევლია ღმერთი და ცუდი არაფერი დასცდენია მასზე (იობი 2:7—10).
იცოდით, რომ ეს სევდიანი და ამავე დროს რეალური ისტორია თითოეულ ჩვენგანს უკავშირდება? ალბათ შენიშნეთ, რომ სატანამ გესლიანი ბრალდება მხოლოდ იობს კი არ წაუყენა, არამედ მთელ კაცობრიობას. მან თქვა: „სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას სჯერა, რომ ადამიანს არ შეუძლია ერთგულების გამოვლენა ბოლომდე, რომ ეს აღემატება მოკვდავი ადამიანის ძალებს. ის ამტკიცებს, რომ პირადად თქვენ არ გაგაჩნიათ ღვთის მიმართ ნამდვილი სიყვარული და რა წამსაც გაგიჭირდებათ, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, მაშინვე უღალატებთ ღმერთს. ფაქტობრივად, ის აცხადებს, რომ თქვენც ისეთივე ეგოისტი ხართ, როგორიც თვითონ არის. დაამტკიცებთ, რომ ის ცრუობს? დიახ, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ეს დიდი პატივი (იგავები 27:11). მოდი ვნახოთ, კიდევ რა გამოწვევის წინაშე დადგა ცოტა ხანში იობი?
უსუსური ნუგეშისმცემლები
იობის უბედურების შესახებ შეიტყო სამმა კაცმა, და ისინი მის სანუგეშებლად გაემგზავრნენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი იობის მეგობრები იყვნენ. შორიდან დაინახეს, მაგრამ ვერ იცნეს. დასნეულებულს და ტკივილებისგან გატანჯულს კანი ალაგ-ალაგ გაშავებოდა. ის იმ იობს აღარ ჰგავდა, რომელსაც ისინი ერთ დროს იცნობდნენ. სამივემ — ელიფაზმაც, ბილდადმაც და ცოფარმაც — ისე დაიჭირეს თავი, თითქოს ძალიან მოხვდათ გულზე იობის გასაჭირი: ხმამაღლა მორთეს გოდება და ტირილი და თავზე ნაცარს იყრიდნენ. მერე იობს წინ ჩამოუსხდნენ და ისხდნენ ასე ხმაამოუღებლად. ისე გავიდა ერთი კვირა, რომ არცერთს სიტყვა არ დასცდენია. მათი მდუმარება თანაგრძნობაზე ნამდვილად არ მიუთითებდა; ერთი კითხვაც არ დაუსვამთ, რომ მეტი გაეგოთ მისი ტრაგედიის შესახებ. მათ უბრალოდ იცოდნენ, რომ იობი საშინელ მდგომარეობაში იყო, რაც, პრინციპში, ერთი შეხედვითაც კარგად ჩანდა (იობი 2:11—13; 30:30).
ბოლოს ისევ იობმა დაიწყო საუბარი. თითოეულ მის სიტყვაში უდიდესი ტკივილი გამოსჭვიოდა. საწყალმა საკუთარი გაჩენის დღეც კი დასწყევლა. ის ფიქრობდა, რომ მისი ტრაგედიის მიღმა ღმერთი იდგა და ეს ანადგურებდა ყველაზე მეტად (იობი 3:1, 2, 23). მართალია, მას არ დაუკარგავს ღვთისადმი რწმენა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ძალიან სჭირდებოდა ნუგეშისცემა და მხარში დგომა. როცა მისმა სტუმრებმა საუბარი დაიწყეს, იობი მალევე მიხვდა, რომ ჯობდა, საერთოდ არ ამოეღოთ ხმა (იობი 13:5).
საუბარი ელიფაზმა დაიწყო, რომელიც, როგორც ჩანს, სამიდან ყველაზე უფროსი იყო. ის, სავარაუდოდ, იობსაც ბევრად აღემატებოდა ასაკით. ცოტა ხანში ბილდადი და ცოფარიც ჩაერთნენ საუბარში. მთლიანობაში დიდად განსხვავებული რამ მათაც არ უთქვამთ; ბრიყვებივით აჰყვნენ ელიფაზს. ერთი შეხედვით ცუდს არაფერს ამბობდნენ, გაცვეთილ ფრაზებს იმეორებდნენ, თუ როგორი აღმატებულია ღმერთი, რომ ის სჯის ბოროტებს და აკურთხებს თავის მოშიშებს. თუმცა დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ მათ დიდად არ შესტკიოდათ გული იობზე. ელიფაზი მარტივ ლოგიკას დაეყრდნო: თუ ღმერთი კარგია და ცუდებს სჯის, და აშკარა იყო, რომ იობი ისჯებოდა, მაშინ რა გამოდიოდა? გამოდიოდა, რომ იობსაც რაღაც ცუდი ჰქონდა ჩადენილი (იობი 4:1, 7, 8; 5:3—6).
გასაკვირი არაა, რომ იობი არ დაეთანხმა ამ მსჯელობას. მან კატეგორიულად უარყო ელიფაზის არგუმენტები (იობი 6:25). მაგრამ სამივე მრჩეველმა უფრო მეტი თავგამოდებით დაუწყო იობს იმის მტკიცება, რომ მას რაღაც ცუდი ჰქონდა ჩადენილი და მალავდა და სწორედ ამის გამო დაატყდა თავს ეს უბედურებები. ელიფაზმა იობს კადნიერებასა და ბოროტებაში დასდო ბრალი და იმაშიც კი დაადანაშაულა, რომ საერთოდ არ გააჩნდა ღვთის შიში (იობი 15:4, 7—9, 20—24; 22:6—11). ცოფარმა ურჩია იობს, მოეშორებინა ბოროტება და მეტად აღარ ეხარა ცოდვით (იობი 11:2, 3, 14; 20:5, 12, 13). ბილდადმა ხომ საერთოდ საშინელი რამ უთხრა: თითქოს მის შვილებს რაღაც ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი და ამიტომაც დაიმსახურეს სიკვდილი (იობი 8:4, 13).
შეტევა ერთგულებაზე
ეს უგუნურად მოსაუბრე მამაკაცები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არა მხოლოდ იობის ერთგულება, არამედ, ზოგადად, ადამიანის ერთგულება ღვთისადმი. საუბრის დასაწყისში ელიფაზმა აღწერა თავისი მოულოდნელი შეხვედრა მისტიკურ უხილავ სულთან. დასკვნა, რომელიც ელიფაზმა დემონურ არსებასთან შეხვედრის შემდეგ გამოიტანა, მომწამლავ აზრებს შეიცავდა. მან ღმერთზე თქვა: „არ ენდობა ის თავის მსახურებს და თავის მაცნეებს ბრალსა სდებს“. ამ მსჯელობის თანახმად, მოკვდავი ადამიანები, ვერასოდეს შეძლებენ ღმერთის გულის მოგებას. მოგვიანებით ბილდადმა ისიც კი განაცხადა, რომ ღვთისთვის სულერთი იყო, იქნებოდა თუ არა იობი ერთგული; მას ეს ისევე არ ანაღვლებდა, როგორც მატლის მდგომარეობა (იობი 4:12—18; 15:15; 22:2, 3; 25:4—6).
გიცდიათ ოდესმე, გენუგეშებინათ ადამიანი, რომელიც დიდ ტკივილს განიცდიდა? ეს ადვილი ნამდვილად არაა. ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იობის არასწორად მოაზროვნე მრჩევლებისგან, ძირითადად იმის შესახებ, რა არ უნდა ვთქვათ ასეთ დროს. ამ მაღალფარდოვანი მრავალსიტყვაობითა და არასწორი ლოგიკით მოლაპარაკე მამაკაცებს ერთხელაც არ მიუმართავთ იობისთვის სახელით. მათ ოდნავადაც არ გაუწევიათ ანგარიში გულმოკლული კაცისთვის და არც კი უფიქრიათ, რომ რბილად მოპყრობოდნენ მას. * ასე რომ, თუ ხედავთ, თქვენ გარშემო ვინმე ნუგეშისცემას საჭიროებს, ეცადეთ, თბილად და კეთილად მოეპყროთ მას; გაამხნევეთ და გაუძლიერეთ რწმენა; დაეხმარეთ, უფრო მეტად მიენდოს იეჰოვას — კეთილ, მწყალობელ და სამართლიან ღმერთს. სწორედ ასე მოიქცეოდა იობი, იმ სამი მრჩევლის ადგილას რომ ყოფილიყო (იობი 16:4, 5). და მაინც, რა რეაქცია ჰქონდა იობს, როდესაც მისი ერთგულება ეჭვქვეშ დააყენეს?
იობი მტკიცედ იდგა
საბრალო იობი ისედაც სასოწარკვეთილი იყო, სანამ ეს უსასრულო დებატები დაიწყებოდა. დასაწყისში იობმა აღიარა, რომ დათრგუნული და სულგამწარებული, ვეღარ საზღვრავდა, რას ამბობდა (იობი 6:3, 26). გასაგებია, რატომაც. მისი სიტყვები ძლიერი გულისტკივილის გამოძახილი იყო. მისი საუბრიდან ისიც ჩანდა, რომ ბოლომდე არ ესმოდა, რა ხდებოდა მის თავს. ზებუნებრივად მოვლენილი მოულოდნელი უბედურებების შემდეგ იობმა დაასკვნა, რომ მათ მიღმა იეჰოვა იდგა. მან არ იცოდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები და ამის გამო იყო, რომ თავისი მსჯელობა არასწორ დასკვნებზე დააფუძნა.
მიუხედავად ყველაფრისა, იობი ძლიერი რწმენის მქონე კაცი იყო, რაც მისსავე საუბარში გამოჩნდა. მისი მრავლისმთქმელი სიტყვები დღესაც ძვირფასი და გამამხნევებელია ჩვენთვის. ბუნების საოცრებებზე საუბრისას ის ღმერთს განადიდებდა და ისეთ ფაქტებს მოიხსენიებდა, რაც შეუძლებელია იმ დროს ვინმეს სცოდნოდა დედამიწის ზურგზე ღვთიური თანადგომის გარეშე. მაგალითად, მან თქვა, რომ იეჰოვამ „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“ (იობი 26:7). ამ ფაქტის შესახებ მეცნიერებს საუკუნეების შემდეგაც კი არ ჰქონდათ წარმოდგენა. * მას მომავლის ისეთივე უტყუარი იმედი ჰქონდა, როგორიც ბიბლიურ დროში მცხოვრებ სხვა ერთგულ მამაკაცებს. იობს სჯეროდა, რომ თუ სიკვდილის ძილით დაიძინებდა, ღმერთი დაიმახსოვრებდა მას, მოენატრებოდა იგი და ბოლოს სიცოცხლეს დაუბრუნებდა (იობი 14:13—15; ებრაელები 11:17—19, 35).
რის თქმა შეიძლება ერთგულების საკითხზე? ელიფაზის და მისი მეგობრების აზრით, ერთგულებას არავითარი ფასი არა აქვს ღვთის თვალში. დაიჯერა იობმა ეს მცდარი შეხედულება? სრულებითაც არა. იობი ირწმუნებოდა, რომ ღმერთი აფასებდა ერთგულებას. მან დამაჯერებლად თქვა იეჰოვაზე: „გაიგებს ღმერთი, რომ უმწიკვლო ვარ“ (იობი 31:6). იობმა აშკარად დაინახა, რომ ამ ვაინუგეშისმცემლების მსჯელობა მის ერთგულებაზე თავდასხმა იყო და მეტი არაფერი. ამან აღძრა იობი, წარმოეთქვა გრძელი სიტყვა, რამაც, ფაქტობრივად, დაადუმა სამივე „კეთილისმსურველი“.
იობს ესმოდა, რომ ღვთისადმი ერთგულება მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო; ამიტომ მან თავისი ერთგულების დამამტკიცებელი კონკრეტული ფაქტები მოიყვანა. მაგალითად, მან თქვა, რომ არასოდეს გაუსვრია ხელი კერპთაყვანისმცემლობაში. ის კეთილად და პატივისცემით ეპყრობოდა სხვებს; ზნეობრივად სუფთად ცხოვრობდა და უფრთხილდებოდა მეუღლესთან ურთიერთობას. რაც ყველაზე მთავარია, ის ჭეშმარიტი ღვთისადმი ერთგულებას ინარჩუნებდა. ამიტომაც შეეძლო მთელი გულით ეთქვა: „სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას!“ (იობი 27:5; 31:1, 2, 9—11, 16—18, 26—28).
მიჰბაძეთ იობის რწმენას
თქვენც იობის მსგავსი შეხედულება გაქვთ ერთგულებაზე? მარტო სიტყვები არ კმარა, ერთგულება საქმით მტკიცდება. იობს კარგად ესმოდა ეს. ღვთისადმი სრულ, მთელი გულით ერთგულებას მაშინ გამოვხატავთ, როდესაც ვემორჩილებით მას და ყოველდღე იმას ვაკეთებთ, რაც ღვთის თვალშია სწორი, თუნდაც მძიმე განსაცდელის დროს. ამგვარი ცხოვრებით თუ ვიცხოვრებთ, უდავოდ გავუხარებთ გულს ჩვენს ზეციერ მამას და იმედს გავუცრუებთ მის მტერს, სატანას. ასე საუკეთესოდ მივბაძავთ იობის რწმენას.
ეს ყველაფერი არაა, რის თქმაც იობზე შეგვიძლია. მან დაკარგა წონასწორობა, როცა საკუთარ სიმართლეზე მეტისმეტად დიდი ყურადღება გაამახვილა და მხედველობიდან გამორჩა გაცილებით მნიშვნელოვანი — იეჰოვას სახელის დაცვა. მას თვალსაზრისის შესწორება და სულიერი დახმარება ესაჭიროებოდა. ტკივილითა და მწუხარებით გატანჯულს წყალივით სჭირდებოდა ნუგეში. რას მოიმოქმედებდა იეჰოვა ამ ერთგული და ძლიერი რწმენის მქონე მამაკაცის მხარდასაჭერად? ამ რუბრიკის შემდეგ სტატიაში სწორედ ეს საკითხები იქნება განხილული.
^ აბზ. 17 უცნაურია, რომ ელიფაზის აზრით, ის და მისი მეგობრები თბილად ესაუბრებოდნენ იობს. ის ამას ალბათ იმიტომ ფიქრობდა, რომ ხმამაღლა არ უსაუბრიათ (იობი 15:11). თუმცა ფაქტია, რომ დაბალი და მშვიდი ტონით წარმოთქმული სიტყვებიც შეიძლება იყოს უხეში და მტკივნეული.
^ აბზ. 19 როგორც ცნობილია, მხოლოდ 3 000 წლის შემდეგ მივიდნენ მეცნიერები იმ დასკვნამდე, რომ დედამიწას არ სჭირდებოდა არანაირი ფიზიკური საყრდენი. სანამ ადამიანებმა მტკიცებულებები არ ნახეს კოსმოსიდან გადაღებული სურათების სახით, არ ირწმუნეს ეს ჭეშმარიტება.