მიჰბაძეთ მათ რწმენას
„ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას“
წარმოიდგინეთ შემაღლებულ ადგილზე დაბანაკებული ჯარი. ფილისტიმელი მეომრები გახრიოკებულ და კლდოვან მხარეს გადაჰყურებენ. უცებ მათ რაღაც საინტერესო შენიშნეს: ველზე, ვიწრო ხევის გადაღმა, ორი ისრაელი მამაკაცი იდგა. მათ დანახვაზე ჯარისკაცები ხუმრობას იწყებენ; ისინი ვერავითარ საშიშროებას ვერ ხედავენ. ფილისტიმელები უკვე დიდი ხანია, რაც ისრაელებს ჩაგრავენ. ისრაელებს სამუშაო იარაღების გალესვაც კი არ შეუძლიათ ფილისტიმელი მტრების დახმარების გარეშე. ამიტომაა, რომ ეს ისრაელი მეომრები ძალიან ცუდად არიან შეიარაღებულები. ამას ისიც ემატება, რომ ისინი მხოლოდ ორნი არიან. კბილებამდე შეიარაღებულნიც რომ იყვნენ, განა ასეთ ძლიერ მტერს რამეს დააკლებდენ?! ფილისტიმელები დამცინავი ხმით გაჰყვირიან: „ამოდით და გიჩვენებთ სეირს!“ (1 სამუელი 13:19—23; 14:11, 12).
სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით მოხდა — სეირი ფილისტიმელებმა ნახეს. აი, როგორ მოხდა ეს: ორი ისრაელი მამაკაცი ხევისკენ დაეშვა; ხევიდან კი მეორე მხარეს დაიწყეს აცოცება. კლდე ისეთი ციცაბო იყო, რომ ფორთხვა-ფორთხვით ძლივს ადიოდნენ მასზე და პირდაპირ მოწინავე ჯარისკენ მიემართებოდნენ (1 სამუელი 14:13). ფილისტიმელებმა ახლა უკვე დაინახეს, რომ კაცი, რომელიც წინ მიდიოდა, შეიარაღებული იყო. მას უკან საჭურველთმტვირთველი მიჰყვებოდა. მართლა აპირებდა ის ამხელა გარნიზონთან შეტაკებას? ნუთუ საღ ჭკუაზე იყო?
ის ნამდვილად არ იყო შეშლილი; მას უდიდესი რწმენა გააჩნდა. ეს მამაკაცი იონათანი გახლდათ. დღეს მისი ისტორია რწმენის ცოცხალი მაგალითია ნამდვილი ქრისტიანებისთვის. მართალია, ჩვენ ფიზიკურ ბრძოლაში არ ვართ ჩაბმული, მაგრამ იონათანისგან ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ გაბედულებაზე, ერთგულებასა და თავგანწირულობაზე. ეს ყველაფერი კი დაგვეხმარება, ნამდვილი რწმენა განვივითაროთ (ესაია 2:4; მათე 26:51, 52).
ერთგული შვილი და მამაცი მეომარი
იმის გასაგებად, თუ რატომ შეუტია იონათანმა მოწინავე ჯარს, წარსულში გადავინაცვლოთ და მის ცხოვრებას გავეცნოთ. იონათანი ისრაელის პირველი მეფის, საულის, უფროსი ვაჟი იყო. როცა საული მეფედ სცხეს, იონათანი უკვე ზრდასრული, დაახლოებით 20 წლის ან უფრო მეტის იქნებოდა. როგორც ჩანს, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, რომელიც, თავის მხრივ, ძალიან ენდობოდა მას. იონათანმა მარტო ის კი არ იცოდა, რომ მამამისი მაღალი, წარმოსადეგი და მამაცი მებრძოლი იყო, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანიც, კერძოდ ის, რომ საული ძლიერი რწმენის მქონე თავმდაბალი კაცი იყო. იონათანს არ გაუჭირდებოდა იმის დანახვა, თუ რატომ ამოირჩია იეჰოვამ საული მეფედ. წინასწარმეტყველმა სამუელმაც ხომ თქვა, რომ მთელ იმ მიწაზე არავინ იყო საულის მსგავსი! (1 სამუელი 9:1, 2, 21; 10:20—24; 20:2).
იონათანისთვის დიდი პატივი იქნებოდა მამის ბრძანების შესრულება და იეჰოვას ხალხის დასაცავად მტერთან შებრძოლება. ეს ბრძოლები არ ჰგავდა სამშობლოს დასაცავად გამართულ თანამედროვე ბრძოლებს. იმ დროს იეჰოვას თავის წარმომადგენლად ისრაელი ერი ჰყავდა არჩეული და ეს ერი მეზობლად მცხოვრები ცრუთაყვანისმცემელი ერების მუდმივი თავდასხმის ობიექტი იყო. მაგალითად, ფილისტიმელები, რომლებიც უამრავ ცრუ ღმერთს, მათ შორის, დაგონს ეთაყვანებოდნენ, ხშირად ავიწროებდნენ იეჰოვას რჩეულ ხალხს და მათ განადგურებასაც კი ცდილობდნენ.
იონათანისნაირ კაცს ასეთი ბრძოლები იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ იეჰოვასადმი თავისი ერთგულება დაემტკიცებინა. იეჰოვამ აკურთხა მისი თავდადება. გამეფებიდან მალევე საულმა იონათანს 1 000 ჯარისკაცი ჩააბარა, რის შემდეგაც მან ფილისტიმელების წინააღმდეგ გაილაშქრა გებაში. ჯარის ცუდი შეიარაღების მიუხედავად, იეჰოვას დახმარებით, იონათანმა მტერს სძლია. ამის შემდეგ ფილისტიმელებმა დიდძალი ლაშქარი შეკრიბეს. ამის გაგებაზე საულის მრავალი მებრძოლი შიშმა მოიცვა. ზოგი ბრძოლის ველიდან გაიქცა და დაიმალა, ზოგი კი ფილისტიმელთა მხარეს გადავიდა, მაგრამ იონათანს ოდნავადაც არ შესუსტებია მხნეობა (1 სამუელი 13:2—7; 14:21).
როგორც დასაწყისში იყო აღწერილი, იონათანმა გადაწყვიტა, ჩუმად წასულიყო მტერთან შესაბრძოლებლად და თან მხოლოდ საჭურველთმტვირთველი წაეყვანა. როცა ისინი მიქმაში დაბანაკებულ ფილისტიმელთა ჯარს მიუახლოვდნენ, იონათანმა თავისი გეგმა გაანდო საჭურველთმტვირთველს და უთხრა, რომ მტერს იმ ადგილიდან უნდა დანახვებოდნენ. თუ ფილისტიმელები ეტყოდნენ, რომ მათთან შესაბრძოლებლად ასულიყვნენ, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ იეჰოვა იხსნიდა თავის მსახურებს. საჭურველთმტვირთველი დასთანხმდა. შესაძლოა მას ძალა შემატა იონათანის შემდეგმა სიტყვებმა: „ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, ბევრითაც იხსნის და მცირედითაც“ (1 სამუელი 14:6—10). რას გულისხმობდა იონათანი?
იონათანი კარგად იცნობდა ღმერთს. მას უდავოდ ეცოდინებოდა, რომ წარსულში იეჰოვამ თავის ხალხს არაერთხელ დაამარცხებინა მათზე გაცილებით მრავალრიცხოვანი მტერი. ზოგჯერ იეჰოვა მთელი ერისთვის გამარჯვების მოსაპოვებლად ერთ კონკრეტულ ადამიანს იყენებდა (მსაჯულები 3:31; 4:1—23; 16:23—30). ამიტომ იონათანს კარგად ესმოდა, რომ გამარჯვებისთვის მთავარი არც ურიცხვი ჯარი იყო, არც ძალა და არც განსაკუთრებული საომარი აღჭურვილობა, არამედ იეჰოვასადმი რწმენა. იონათანი რწმენით მოქმედებდა და ამიტომაც დაეკითხა იეჰოვას, შებრძოლებოდა თუ არა ფილისტიმელებს, მერე კი ნიშანს დაელოდა. ნიშნის მიღების შემდეგ, იონათანი უშიშრად გაემართა საბრძოლველად.
განვიხილოთ ორი ფაქტორი, საიდანაც ჩანს, რომ იონათანი ძლიერი რწმენის მქონე კაცი იყო. პირველი: ის მოწიწებით იყო გამსჭვალული ყოვლისშემძლე ღმერთის, იეჰოვას, მიმართ და იცოდა, რომ თავისი განზრახვის შესასრულებლად ის ადამიანურ ძალებზე არ არის დამოკიდებული, თუმცა მას ძალიან ახარებს, როდესაც თავისი ერთგული მსახურების მეშვეობით ასრულებს თავის განზრახვას (2 მატიანე 16:9). მეორე: იონათანი იეჰოვასგან კონკრეტულ ხელმძღვანელობას ეძებდა, სანამ რაიმეს მოიმოქმედებდა. დღეს ჩვენ ზებუნებრივი ნიშნები არ გვეძლევა იმის დასტურად, იწონებს თუ არა იეჰოვა ჩვენ მიერ არჩეულ კურსს. თუმცა ღვთივშთაგონებული სიტყვის დახმარებით, ადვილად შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის ღვთის ნება (2 ტიმოთე 3:16,17). ყურადღებით ვიკვლევთ ბიბლიურ პრინციპებს, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მივიღებთ? თუ დიახ, ვაჩვენებთ, რომ იონათანის მსგავსად, ჩვენთვის მთავარი ღვთის ნებაა და არა ჩვენი სურვილები.
ასე რომ, ეს ორი მამაკაცი — ჯარისკაცი და მისი საჭურველთმტვირთველი — ციცაბო აღმართს აუყვა. ფილისტიმელები მიხვდენენ, რომ ისინი მათთან შებრძოლებას აპირებდნენ და მათ წინააღმდეგ კაცები გაგზავნეს. ფილისტიმელები არა მხოლოდ რიცხობრივად აღემატებოდნენ თავდამსხმელებს, არამედ სტრატეგიულადაც უკეთეს ადგილზე იყვნენ დაბანაკებულები და შესაბამისად, მათთვის არანაირი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ორი კაცის დამარცხება. მაგრამ სრულიად საკვირველი რამ მოხდა: იონათანი ერთი მეორის მიყოლებით აქეთ-იქით ისროდა ჯარისკაცებს, მის უკან მომავალი საჭურველთმტვირთველი კი ხოცავდა მათ. სულ რაღაც რამდენიმე მეტრის მანძილზე მათ ოცი კაცი დახოცეს. თუმცა იეჰოვამ უფრო დიდი რამ მოიმოქმედა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „შიშმა შეიპყრო ბანაკი და მთელი მოწინავე ჯარი. მძარცველთა რაზმიც კი შიშმა მოიცვა; ზანზარი დაიწყო მიწამ და ღვთის შიშმა მოიცვა იქაურობა“ (1 სამუელი 14:15).
საული და მისი კაცები შორიდან ხედავდნენ, როგორ მოიცვა მტრის ჯარი შიშმა და არეულობამ. მათ ერთმანეთზეც კი აღმართეს ხელი (1 სამუელი 14:16, 20). ამის დანახვაზე ისრაელებმა გამბედაობა მოიკრიბეს და მტერს შეუტიეს. შესაძლოა მათ დახოცილ ფილისტიმელებს ააცალეს იარაღი. იმ დღეს იეჰოვამ თავის ხალხს უდიდესი გამარჯვება მოაპოვებინა. იეჰოვა არ იცვლება; ჩვენ არასოდეს გვექნება სინანულის მიზეზი, თუ რწმენას გამოვავლენთ იონათანისა და მისი საჭურველთმტვირთველის მსგავსად, რომლის სახელიც ჩვენთვის ცნობილი არა არის (მალაქია 3:6; რომაელები 10:11).
“ღმერთმა გაამარჯვებინა“
იონათანისგან განსხვავებით საულმა ეს გამარჯვება სასიკეთოდ ვერ გამოიყენა. მან რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა. ის არ დაემორჩილა იეჰოვას წინასწარმეტყველს და მსხვერპლი შესწირა ღმერთს, რისი უფლებამოსილებაც მხოლოდ წინასწარმეტყველს ჰქონდა, რომელიც ამავე დროს ლევიანიც იყო. სამუელმა საულს უთხრა, რომ ამგვარი დაუმორჩილებლობის გამო მისი სამეფო ხაზი აღარ გაგრძელდებოდა. საულმა სხვა სერიოზული შეცდომაც დაუშვა: როცა მან თავისი კაცები საბრძოლველად გაგზავნა, არაგონივრული ფიცი დაადებინა მათ: „წყეული იყოს, ვინც საღამომდე, ჩემს მტერზე შურისძიებამდე, პური ჭამოს!“ (1 სამუელი 13:10—14; 14:24).
ეს სიტყვები საულის პიროვნებაში დაწყებულ სავალალო ცვლილებებზე მიუთითებდა. ნუთუ ეს თავმდაბალი და სულიერად მოაზროვნე მამაკაცი ამბიციურ და ეგოისტ კაცად იქცეოდა?! თავად იეჰოვა ხომ არასოდეს დაუდგენდა ასეთ ერთგულ და მძიმედ მშრომელ ჯარისკაცებს მსგავს არაგონივრულ აკრძალვას?! რას გულისხმობდა საული სიტყვებში „ჩემს მტერზე შურისძიებამდე!“ — ხომ არ ფიქრობდა, რომ მთელი ეს ბრძოლა მხოლოდ მის გამო ხდებოდა? ხომ არ დაავიწყდა მას, რომ ეს ბრძოლა იეჰოვას სამართლიანობის დასაცავად იმართებოდა და არა საულის შურისძიების წყურვილის მოსაკლავად, ბრძოლის ჟინის დასაკმაყოფილებლად ან დიდების მოსახვეჭად?
იონათანმა არაფერი იცოდა მამის ახირებული ფიცის შესახებ. მან ბრძოლით დაქანცული ჯარისკაცები თაფლით სავსე ფიჭასთან მიიყვანა. იონათანმა თაფლი შეჭამა და ძალები განუახლდა. ამ დროს ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მამამისის ფიცის შესახებ უთხრა. იონათანმა კი მას მიუგო: „მამაჩემმა უბედურება დაატეხა ამ მიწას. ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, თაფლი რომ ვიგემე. რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან რომ ეჭამა. მაშინ უფრო დიდი იქნებოდა ფილისტიმელების ხოცვა-ჟლეტა“(1 სამუელი 14:25—30). იგი მართალს ამბობდა. იონათანი ერთგული შვილი იყო, მაგრამ არა ბრმად ერთგული. ის ავტომატურად არ ეთანხმებოდა ყველაფერს, რასაც მამამისი ამბობდა ან აკეთებდა; სწორედ ასეთი ხედვის გამო მოიპოვა იონათანმა სხვების თვალში პატივისცემა.
როდესაც საულმა შეიტყო, რომ იონათანმა დაარღვია მამის ფიცი, მაინც არ აღიარა, რომ ეს აკრძალვა უადგილო იყო. უფრო მეტიც, მან გადაწყვიტა, საკუთარი ვაჟი სიკვდილით დაესაჯა. იონათანი მეფეს არც შეჰკამათებია და არც შეწყალება უთხოვია. ნახეთ, როგორ გაბედულად უპასუხა მას: „აქა ვარ, დაე, მოვკვდე!“ ამაზე ისრაელები აღშფოთდნენ და საულს უთხრეს: „განა უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც დიდებულად იხსნა ისრაელი?! ეს არ მოხდება! ცოცხალია იეჰოვა, თმის ერთი ღერიც კი არ ჩამოვარდება მისი თავიდან, რადგან ღმერთმა გაამარჯვებინა“. შედეგად, საული დაჰყვა მათ ნებას. ბიბლიაში წერია: „ასე გადაარჩინა ხალხმა იონათანი სიკვდილს“ (1 სამუელი 14:43—45).
ასეთი სიმამაცით, თავგანწირულობითა და უანგარობით იონათანმა კარგი სახელი მოიპოვა. სწორედ კარგმა რეპუტაციამ იხსნა ის საფრთხისგან. კარგია, თუ ჩვენც ყოველდღიურად ვუფრთხილდებით ჩვენს სახელს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ კარგი სახელი ძალიან ძვირფასია (ეკლესიასტე 7:1). თუ იონათანის მსგავსად ვცდილობთ, კარგი სახელი მოვიპოვოთ იეჰოვას წინაშე, ეს სიცოცხლეს შეგვინარჩუნებს.
სულიერი დაცემა
იონათანი წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა მამის გვერდით, მას შემდეგაც კი, რაც საულმა შეცდომები დაუშვა. როგორ გაუცრუვდებოდა იმედი იონათანს, როცა დაინახავდა, რომ მამამისი ურჩ და ამაყ ადამიანად იქცა. საული ნელ-ნელა ეცემოდა სულიერად, იონათანი კი ვერაფრით შველოდა მას.
ყველაზე მეტად მდგომარეობა მაშინ გამწვავდა, როცა იეჰოვამ საულს უბრძანა, გაენადგურებინა ამალეკი — ერი, რომელიც იმდენად იყო ჩაფლული ბოროტებაში, რომ იეჰოვამ ჯერ კიდევ მოსეს დროს იწინასწარმეტყველა მისი მთლიანად განადგურება. (გამოსვლა 17:14). ღმერთმა საულს უთხრა, გაენადგურებინა ამალეკელების მთელი შინაური პირუტყვი, ხოლო მეფე აგაგი სიცოცხლეს გამოესალმებინა. საულმა ბრძოლა მოიგო, რაშიც უდავოდ იონათანის წვლილიც დიდი იქნებოდა; როგორც ყოველთვის, მამის მითითებისამებრ, იგი ამჯერადაც ვაჟკაცურად ეკვეთებოდა მტერს. წარმატებული ბრძოლის მიუხედავად საულმა უხეშად დაარღვია ღვთის კანონი; დაინდო აგაგი, წამოიღო მისი ქონება და წამოასხა საუკეთესო პირუტყვი. წინასწარმეტყველმა სამუელმა იეჰოვას საბოლოო განაჩენი განუცხადა მეფეს: „როგორც შენ უარყავი იეჰოვას სიტყვა, ისიც ისე უარყოფს შენს მეფობას“ (1 სამუელი 15:2, 3, 9, 10, 23).
ამ ამბიდან მალევე იეჰოვამ წმინდა სული წაართვა საულს. იეჰოვას სიყვარულს მოკლებული საული ხშირად ცუდ ხასიათზე დგებოდა, ადვილად ფეთქდებოდა და შიში იპყრობდა. ღვთის კარგი სული, რომელიც მანამდე იყო მასში, ბოროტმა სულმა ჩაანაცვლა (1 სამუელი 16:14; 18:10—12). რა გულსატკენი იქნებოდა იონათანისთვის იმის დანახვა, როგორ საშინლად შეიცვალა მისი ერთ დროს კეთილშობილი მამა! მამის საქციელის მიუხედავად, იონათანი ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩა. ის ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო, რომ როგორმე დახმარებოდა მამას; ამ მიზნით მას დროდადრო მასთან საკმაოდ პირდაპირი ლაპარაკიც უწევდა, მაგრამ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მამის რეაქცია, იონათანს მზერა ყოველთვის ზეციერი მამისკენ, იეჰოვასკენ, ჰქონდა მიპყრობილი (1 სამუელი 19:4, 5).
გამოგიცდიათ ოდესმე, როგორ იცვლება თქვენი საყვარელი ადამიანი კარგიდან ცუდისკენ? მსგავს რამეს ძალიან დიდი ტკივილი მოაქვს. იონათანის მაგალითი შეგვახსენებს იმ აზრს, რომელიც მოგვიანებით ფსალმუნმომღერალმა თავის ერთ-ერთ ფსალმუნში გადმოსცა: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“ (ფსალმუნი 27:10). იეჰოვა ერთგული ღმერთია. რა საშინლადაც არ უნდა მოგექცნენ და რა დიდი გულისტკივილიც არ უნდა მოგაყენონ, იეჰოვა განუგეშებთ, ხელში აგიყვანთ და საუკეთესო მამობას გაგიწევთ.
როგორც ჩანს, იონათანმა შეიტყო, რომ იეჰოვა საულისთვის მეფობის ჩამორთმევას აპირებდა. როგორი იყო მისი რეაქცია? ხომ არ ფიქრობდა იმაზე, თავად როგორი მმართველი იქნებოდა? ხომ არ იმედოვნებდა, რომ თავად გამოასწორებდა მამის შეცდომებს და როგორც ერთგული და მორჩილი მეფე, სხვებს კარგ მაგალითს მისცემდა? ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობდა იონათანი. მხოლოდ ის ვიცით, რომ, მსგავსი სურვილები რომც ჰქონდა, ისინი არასოდეს შეუსრულდებოდა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვამ მიატოვა ეს ერთგული კაცი? პირიქით, იონათანი ერთ-ერთია ბიბლიაში მოხსენიებულ იმ ადამიანთა შორის, რომლებმაც საუკეთესო მეგობრობისა და ერთგულების მაგალითი დაგვიტოვეს. იონათანის სამაგალითო მეგობრობის შესახებ შემდეგ სტატიაში იქნება საუბარი.