ბეთელის სამრეცხაო: ადრე თუ გვიან ყველაფერი გასარეცხი ხდება
იეჰოვას მოწმეების ამერიკის შეერთებული შტატების ფილიალის კომპლექსებში უამრავი ახალგაზრდა სამრეცხაოში მუშაობს და დროსა და ენერგიას არ იშურებს, რათა ყოველწლიურად 1 800 ტონამდე სარეცხი გარეცხონ მთელი ოჯახისთვის ბრუკლინში, პატერსონსა და უოლკილში (ნიუ-იორკი). ეს ციფრიც კი საკმარისია იმისათვის, რომ წარმოიდგინო, რამდენად შრომატევადია მათი საქმე. ამ საქმეს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ და-ძმებს ყველანაირი სარეცხის გარეცხვა უწევთ.
ყოველდღიურად ამერიკის შეერთებული შტატების ბეთელის კომპლექსში მომსახურეები 11 000 ხელზე მეტ ტანსაცმელს აგზავნიან სამრეცხაოში. ამაში შედის 2 300 პერანგი, 650 შარვალი, წინდები, საცვლები და მაისურები, აგრეთვე 900 ცალი ისეთი სამოსი, რასაც ქიმწმენდა ესაჭიროება.
გასარეცხად აგრეთვე იგზავნება უამრავი თეთრეული — ზეწრები, პირსახოცები, ბალიშის პირები, ოფიციანტების სამუშაო ფორმები და ტილოები. ყველაფერი უნდა გაირეცხოს, გაშრეს და დაუბრუნდეს მფლობელს. ტილოები ერთად ირეცხება, თუმცა დელიკატური ქსოვილისგან, აბრეშუმისგან, დამზადებული ჰალსტუხი და ქალის ბლუზები, ცალკე ირეცხება.
სამრეცხაოს პერსონალი ამოწმებს ტანსაცმელს, სადმე ხომ არაა გარღვეული ან ღილები ხომ არ აკლია. ღილის დაკერება მანქანის მეშვეობით ან ხელით ხდება. თუ სამოსს დაკერება ან გადაკეთება სჭირდება, ამ საქმეს მკერავი ასრულებს.
თითოეულ ხელ ტანსაცმელს სპეციალური მანქანა უნიკალურ შტრიხკოდს აკრავს. ამ შტრიხკოდის წყალობით ხდება გარეცხილი და დაუთოებული ტანსაცმლისა თუ სხვა ნივთების გადარჩევა და მფლობელთან გაგზავნა.
დამწყებთ თავიანთ საქმეს სამრეცხაოში გამოცდილები ასწავლიან. მათ შესაძლოა 20 სხვადასხვა სახის საქმის სწავლაც კი მოუწიოთ. ერთი შეხედვით, ისეთი მარტივი საქმის სწავლა, როგორიცაა ლაქების ამოყვანა, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს. დამწყები კარგად უნდა გაერკვეს ქსოვილებში და იცოდეს, რომელს სჭირდება გარეცხვა და რომელს — ქიმიურად გაწმენდა.
ტაჯი, რომელიც წელიწად-ნახევარია სამრეცხაოში მუშაობს, თავის თანამშრომლებზე ამბობს: „ჩვენთან უამრავი სხვადასხვა ეროვნების და-ძმა ერთმანეთის მხარდამხარ მუშაობს. ძალიან მეგობრული და სასიამოვნო ატმოსფერო სუფევს“. შელი, რომელიც ასევე სამრეცხაოს თანამშრომელია, ამბობს: „მიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში; ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ბეთელის ოჯახის წევრები ასე სუფთად და კოხტად გამოიყურებიან“.