მოგზაურობა წარსულში
2012 წლის ოქტომბერში მსოფლიო მთავარ სამმართველოში (ნიუ-იორკი) მოეწყო გამოფენა, სადაც დამთვალიერებელს ექსკურსიამძღოლის გარეშე შეუძლია გაეცნოს იეჰოვას მოწმეთა ისტორიას. a გამოფენაზე გაიგებთ, რა ბრძოლა უწევდათ, რა საფრთხეებს ხვდებოდნენ და რა წარმატებებს აღწევდნენ ისინი, ვინც ცდილობდნენ ნამდვილი ქრისტიანები ყოფილიყვნენ.
დამთვალიერებლებს შეუძლიათ იმოგზაურონ წარსულში ახ. წ.33 წლიდან დღევანდლამდე. გამოფენა დაყოფილია ოთხ ნაწილად; თითოეულ ნაწილში განთავსებულია დროის დიაგრამა, რაც ამ ოთხივე ნაწილს აერთიანებს. თითოეულ ნაწილს ბიბლიური მუხლი აქვს წამძღვარებული და წარმოდგენილია მოკლე ვიდეორგოლი, რომლის ყურებაც შესაძლებელია ინგლისურ ენაზე. მას თან დართული აქვს სუბტიტრები ექვს ენაზე: ფრანგული, იტალიური, იაპონური, კორეული, პორტუგალიური და ესპანური.
გამოფენის ოთხი ძირითადი ნაწილი
პირველ ნაწილს წამძღვარებული აქვს სიტყვები: „ხალხმა სიბნელე შეიყვარა“. ეს სიტყვები ეკუთვნის იესო ქრისტეს და აღებულია იოანეს 3:19-დან. ბიბლია წინასწარმეტყველებდა, რომ გამოჩნდებოდნენ ბოროტები, „რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებდნენ“ (საქმეები 20:30). დროის დიაგრამაზე მოცემულია მათი სახელები, რომლებიც ასე იქცეოდნენ.
მეორე ნაწილს წამძღვარებული აქვს სიტყვები, „გამოანათოს სინათლემ“, 2 კორინთელების 4:6-დან. დროის დიაგრამის ამ ნაწილში წარმოდგენილია დროის მონაკვეთი XIX საუკუნის მიწურულიდან XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით. ეს ნაწილი იწყება იმ ერთგული მამაკაცების ისტორიით, რომლებმაც გულწრფელად დაიწყეს საღვთო წერილის გამოკვლევა. აგრეთვე მოთხრობილია, თუ როგორ გაიღრმავეს მათ ბიბლიური შემეცნება და როგორ გაიზარდნენ რიცხობრივად პირველ მსოფლიო ომამდე.
ამავე ნაწილში წარმოდგენილია ცნობილი მულტიმედიური „შემოქმედების ფოტოდრამა“. 1914 წელს ბიბლიის მკვლევრებმა (ამ სახელით იყვნენ ადრე იეჰოვას მოწმეები ცნობილნი) დაიწყეს ამ უნიკალური ფოტოდრამის ჩვენება, რომელიც შედგებოდა მოძრავი ფერადი სურათებისა თუ სლაიდებისგან და გაფორმებული იყო მუსიკით. შემდგომ წლებში მილიონებმა ნახეს ეს ფოტოდრამა. გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოდრამაში შესული ილუსტრაციის ზოგიერთი ორიგინალი. აგრეთვე მოცემულია ამ ფოტოდრამის შესავალი ნაწილის მოკლე ვიდეორგოლი და 500-ზე მეტი ფერადი სლაიდი.
მესამე ნაწილს წამძღვარებული აქვს სიტყვები, „დრაკონი განრისხდა“, გამოცხადების 12:17-დან. აქ მოთხრობილია, თუ როგორ დევნიდნენ ქრისტეს მიმდევრებს XX საუკუნის დასაწყისში, აგრეთვე იმ ქრისტიანების ისტორიები, რომლებიც ომის დროს ნეიტრალიტეტს იცავდნენ. ერთ-ერთი ვიდეორგოლი მოგვითხრობს იეჰოვას მოწმე რემიჯიო კუმინეტიზე, რომელმაც უარი თქვა იტალიური სამხედრო ფორმის ჩაცმასა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის მიღებაზე. მეორე ვიდეორგოლი კი ავსტრიელ ალოის მოზერზე მოგვითხრობს, რომელმაც უარი განაცხადა, წარმოეთქვა „ჰაილ ჰიტლერ!“, რის გამოც სამსახური დაკარგა და ბოლოს დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა.
აქვე წარმოდგენილია ნახევრად ჩაბნელებული საკნის მოდელი, სადაც გამოფენილია იმ იეჰოვას მოწმეთა სურათები, რომლებიც რწმენის გამო იყვნენ დაპატიმრებულნი იაპონიაში, პოლონეთში, საბერძნეთსა და სერბიაში.
გამოფენის ბოლო, მეოთხე ნაწილს, წამძღვარებული აქვს სიტყვები, „სასიხარულო ცნობა ყველა ხალხისთვის“, მათეს 24:14-დან. ამ ნაწილში გაეცნობით იეჰოვას მოწმეების საქმიანობას 1950 წლიდან დღევანდლამდე. ფოტოკოლაჟი ასახავს, თუ რა სწრაფად იზრდებოდნენ რიცხობრივად იეჰოვას მოწმეები, რა გულმოდგინედ ქადაგებდნენ და როგორ ავლენდნენ ერთმანეთის მიმართ ძმურ სიყვარულს — ეს ყველაფერი მათ დღესაც გამოარჩევს სხვებისგან.
დამთვალიერებელს შეუძლია ისარგებლოს ინტერაქტიული საინფორმაციო ტერმინალით და მეტი გაიგოს „ბიბლიის სახლისა“ და „ბრუკლინის კარვის“ შესახებ, რომლებითაც 100 წელზე მეტი ხნის წინ სარგებლობდნენ მოწმეები.
რატომ მოეწყო ეს გამოფენა?
გამოფენის გახსნას წინ უძღოდა ერთწლიანი მოსამზადებელი პროცესი. მოწმეებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ამ გამოფენისთვის შესწირეს ნივთები, რომლებიც სამუზეუმო ექსპონატებად გამოდგებოდა.
რატომ გახდა საჭირო ამ გამოფენის მოწყობა? როდესაც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს ერთ-ერთ წევრს ჰკითხეს, თუ რაში დაეხმარებოდა მოწმეებს ამ გამოფენის დათვალიერება, მან ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტყვებით უპასუხა: „რომ ვიცოდეთ საით მივდივართ, უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვდივართ“.
a ეს გამოფენა გაიხსნა ბრუკლინში (ნიუ-იორკი, კოლუმბია-ჰაიტსი №25). მისი დათვალიერება შეგიძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის რვიდან საღამოს ხუთ საათამდე. შესვლა უფასოა.