იტალიაში იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან სტიქიით დაზარალებულებს
2016 წლის ნოემბრის ბოლოს ჩრდილოეთ იტალიაში ძლიერი წვიმები დაიწყო. შედეგად, ქალაქ მონკალიერის სამხრეთით მდებარე რამდენიმე სოფელი დაიტბორა. ზოგ ადგილებში წყლის დონემ ნახევარ მეტრს გადააჭარბა. „სტიქიამ არავინ და არაფერი დაინდო“, — აღნიშნული იყო ერთ-ერთ გაზეთში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორგანიზება გაუწია დაახლოებით 1 500 ადამიანის ევაკუაციას. მაშველების მყისიერი რეაგირების წყალობით სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა ბევრი ოჯახი მატერიალურად დაზარალდა.
მოწმეები ეხმარებიან დაზარალებულებს
ადგილობრივი მოწმეები დაუყოვნებლივ შეუდგნენ დაზარალებული ოჯახების დახმარებას. მათ თანამორწმუნეების სახლები ტალახისა და ნარჩენებისგან გაწმინდეს. გარდა ამისა, მოწმეები დაეხმარნენ დაზარალებულთ სახლებიდან ავეჯისა და სხვა პირადი ნივთების გამოტანაში. იეჰოვას მოწმეებისგან შემდგარი სამაშველო გუნდი ხელსაწყოებითა და ცხელი კერძებით დატვირთული გაემართა დაზარალებული თანამორწმუნეების დასახმარებლად. მოწმეებს გზა გადაკეტილი დახვდათ, მაგრამ მათ მაინც მისცეს უფლება, გზა გაეგრძელებინათ და დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარება აღმოეჩინათ. მოხალისეებმა დახმარების ხელი გაუწოდეს არა მარტო თანამორწმუნეებს, არამედ სხვებსაც.
სამაშველო სამსახურმა ერთ-ერთი კორპუსის სარდაფიდან, რომელიც მთლიანად იყო დატბორილი, წყალი ამოტუმბა. მალევე სამაშველო საქმეში ჩაერთნენ იეჰოვას მოწმეები და თავიანთ თანამორწმუნეს, ანტონიოს, დაეხმარნენ სარდაფიდან ნარჩენების გატანაში. შემდეგ მოხალისეებმა კორპუსის სხვა მაცხოვრებლებსაც აღმოუჩინეს დახმარება. მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და რამდენიმე საათში ყველა სარდაფი ნარჩენებისგან გაასუფთავეს. ყველა დიდ მადლობას უხდიდა იეჰოვას მოწმეებს. ერთი მაცხოვრებელი ვივიანა აცრემლებული მივიდა ანტონიოს ცოლთან და უთხრა: „გთხოვ, მადლობა გადაეცი შენს ძმებს ამ სიკეთისთვის. თქვენ მართლაც განსაკუთრებული ხალხი ხართ!“.
ერთი სოფლის მოსახლეობა, რომელიც წყალდიდობამ ყველაზე მეტად დააზარალა, ხედავდა, როგორ ეხმარებოდნენ იეჰოვას მოწმეები სტიქიით დაზარალებულებს. ამის შემხედვარე ზოგი მათგანი თავადაც შეუერთდა მოწმეებს სამაშველო საქმეში. ისინი სიხარულით ასრულებდნენ მითითებებს, რომლებსაც მოწმეებისგან შემდგარი სამაშველო გუნდის ხელმძღვანელი აძლევდა მათ.
გაწეული დახმარებისთვის მოწმეებს მადლობას უხდიან
სტიქიის შედეგად ერთი მაცხოვრებლის სახლი სერიოზულად დაზიანდა. გარდა ამისა, მისი გარაჟი მთლიანად ტალახით დაიფარა. იგი გაოცებას ვერ მალავდა, როცა ხედავდა, რომ 8 იეჰოვას მოწმე 4 საათის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდა, რათა მისი გარაჟი ნარჩენებისგან გაესუფთავებინათ. მადლიერების ნიშნად ის გადაეხვია რამდენიმე მოხალისეს, შემდეგ კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, სადაც მადლობას უხდიდა მოწმეებს ფასდაუდებელი შრომისთვის.
ერთი იეჰოვას მოწმე ასეთ სიტყვებს ამბობს: „ჩვენ სხვა რელიგიის ადამიანებსაც დავეხმარეთ, რომელთა შორისაც ბევრი 80 წელს იყო გადაცილებული. ზოგიერთი მათგანი ცრემლებს ვერ იკავებდა, როცა გაწეული შრომისთვის მადლობას გვიხდიდა“. ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, რომელიც კათოლიკური ეკლესიის მრევლის წევრია, მოწმეებს უთხრა, რომ ძალიან აფასებდა მათ დახმარებას. იგი ამბობს: „სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ განსხვავებული რელიგიის მიუხედავად, ერთმანეთს დახმარების ხელი გავუწოდეთ“. ერთმა მამაკაცმა აღნიშნა: „სამწუხაროა, რომ ყველა მხოლოდ კარდაკარ ქადაგებით გიცნობთ და ცოტამ თუ იცის, როგორ უწვდით გასაჭირში მყოფთ დახმარების ხელს“.