ავადმყოფების ნუგეშისცემა და დახმარება
სერიოზული დაავადების მქონე პაციენტები, როგორც წესი, ადვილად ღიზიანდებიან. სტაციონარულმა მკურნალობამ შეიძლება კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედოს მათ ემოციურ მდგომარეობაზე. ერთ-ერთ ჟურნალში, რომელიც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის გამოდის, აღნიშნული იყო: „გამოკვლევები აჩვენებს, რომ ემოციურ და სულიერ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ჯანმრთელობისთვის“. a
იეჰოვას მოწმეებს ესმით ამგვარი მზრუნველობის აუცილებლობა და თანაქრისტიანებს, რომლებიც საავადმყოფოებში მკურნალობას გადიან, ნუგეშისცემასა და პრაქტიკულ დახმარებას არ აკლებენ. ინიციატივას ამ მხრივ უხუცესები იჩენენ და ინახულებენ თავიანთი კრების მაუწყებლებს. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ რომელიმე იეჰოვას მოწმე ისეთ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, რომელიც მისი სახლიდან საკმაოდ შორს არის? იეჰოვას მოწმეებმა მსოფლიოს დიდ ქალაქებში ჩამოაყალიბეს პაციენტთა მონახულების ჯგუფები. უხუცესები, რომლებიც ამ ჯგუფებში მსახურობენ, რეგულარულად სტუმრობენ საავადმყოფოებს, რათა სათანადო დახმარება აღმოუჩინონ სხვა რეგიონებიდან ან სხვა ქვეყნებიდან სამკურნალოდ ჩამოსულ იეჰოვას მოწმე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს. მთელ მსოფლიოში პაციენტთა მონახულების დაახლოებით 1 900 ჯგუფი არსებობს, რომლებშიც 28 000-ზე მეტი უხუცესი მსახურობს მოხალისედ. b
სულიერი მხარდაჭერა
უილიამი, რომელიც პაციენტთა მონახულების ჯგუფში მსახურობს, ამბობს: „პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ ზოგჯერ და-ძმებისა და მათი ოჯახის წევრების გასამხნევებლად, რომლებიც არ არიან მოწმეები, ისიც საკმარისია, რომ მათ გვერდით იყო, ესაუბრო და მოუსმინო. მათ ვარწმუნებ, რომ იეჰოვას კარგად ესმის მათი სიტუაცია და, რომ ის ზრუნავს მათზე. პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს ძალიან სიამოვნებთ, როცა ესმით, რომ მათთვის ლოცულობენ“.
მრავალმა გამოხატა მადლიერება პაციენტთა მონახულების ჯგუფების მიერ გაწეული დახმარებისთვის. ქვემოთ მოყვანილია შეერთებულ შტატებში მცხოვრები რამდენიმე ადამიანის სამადლობელი სიტყვები. მთელ შტატებში დაახლობით 7 000 უხუცესი მსახურობს პაციენტთა მონახულების ჯგუფებში.
პრისკილა ამბობს: „დიდი მადლობა, რომ მამაჩემს ინახულებდით საავადმყოფოში, რომელიც იქ ინსულტის გამო იწვა. მისთვის თქვენი სტუმრობა ბევრს ნიშნავდა. ძალიან უხაროდა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ასეთი საოცარი ღონისძიება არსებობს. ვფიქრობ, თქვენი ვიზიტების წყალობით ის უფრო მალე გამოჯანმრთელდა“.
ოფელიამ, რომლის დედაც გარდაიცვალა, ძმებს უთხრა: „დედა ძალიან ბედნიერი იყო, როცა თქვენ გხედავდათ. იცოდა, რომ იეჰოვა მას თქვენი მეშვეობით ამხნევებდა. დიდი მადლობა სიყვარულისა და მზრუნველობისთვის“.
ერთი ძმა, რომელმაც შეიტყო, რომ რამდენიმე დღის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი, განადგურებული იყო და თავს საშინლად გრძნობდა. ჯეიმზმა, რომელიც პაციენტთა მონახულების ჯგუფში მსახურობს, ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილი სიტყვებით ანუგეშა ის. ჯეიმზი ამბობს: „მეორე დღეს, როდესაც მის მოსანახულებლად მივედი, იქ სრულიად სხვა ადამიანი დამხვდა. მართალია, იცოდა, რაც ელოდა, მაგრამ იეჰოვაზე იყო მინდობილი და იმდენად დადებითი განწყობა ჰქონდა, რომ აქეთ გამამხნევა“.
პრაქტიკული დახმარება
პოლინამ, რომლის ქმარიც სიკვდილამდე იმ საავადმყოფოში იწვა, რომელიც მათი სახლიდან შორს მდებარეობდა, მოგვწერა: „დიდი მადლობა, რომ ასეთ მძიმე წუთებში მხარში გვედექით მთელ ოჯახს. ვიცოდით, რომ გვიან ღამით აუცილებლად მოხვიდოდით ჩვენ სანახავად, მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს გადატვირთული სამუშაო დღე გელოდათ. ეს ძალიან გვანუგეშებდა. თქვენ იმაზეც ზრუნავდით, რომ თერთმეტივე ჩვენგანს ღამის გასათევი გვქონოდა; მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენგან ყურადღება არ მოგვკლებია. უზომოდ ვემადლიერები იეჰოვასა და მის ორგანიზაციას ასეთი ნუგეშისა და დახმარებისთვის“.
ნიკი, გაელი და რობინი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვნენ მათი სახლიდან 300 კილომეტრით მოშორებულ ადგილზე. კარლოსი, რომელიც პაციენტთა მონახულების ჯგუფში მსახურობს, დაუყოვნებლივ მივიდა მათ სანახავად საავადმყოფოში. ის ამბობს: „ვუთხარი, რომ, რითაც შემეძლო, ყველაფრით დავეხმარებოდი. ბოლოს ისე მოხდა, რომ ხელში ნიკის პატარა ძაღლი შემრჩა, რომ თავად ნიკი ექიმთან შესულიყო და საჭირო პროცედურები გაევლო“. შემდეგ საავადმყოფოში იმავე ჯგუფის წევრი, კურტისი, მივიდა თავის მეუღლესთან ერთად. ისინი იქ რამდენიმე საათს დარჩნენ, სანამ დაზარალებულთა ოჯახის წევრები არ ჩამოვიდნენ. სამივე პაციენტი დიდად ანუგეშა ძმების მხრიდან გაწეულმა დახმარებამ. განსაკუთრებით გაოცებული დარჩა რობინი, ნიკის უფროსი და, რომელიც არაა იეჰოვას მოწმე.
a “Addressing Patients’ Emotional and Spiritual Needs,” published in The Joint Commission Journal on Quality and Patient Safety, დეკემბერი, 2003, ტომი 29, № 12, გვერდი 661.
b სხვა უხუცესების მსგავსად, ამ ჯგუფებში მომსახურე უხუცესებიც სულიერ მწყემსებად, მასწავლებლებად და მახარობლებად მსახურობენ თავიანთ კრებებში. მათ არც ერთი აღნიშნული სამსახურისთვის არ უხდიან გასამრჯელოს; ისინი ნებაყოფლობით და მთელი გულით ასრულებენ ამ მოვალეობებს (1 პეტრე 5:2).