იეჰოვას მოწმეები „ტურ დე ფრანსის“ განმავლობაში ხალხს სასიხარულო ცნობას უზიარებენ
2016 წლის 2—24 ივლისს საფრანგეთში მსოფლიოში ცნობილი რიგით 103-ე ველორბოლა „ტურ დე ფრანსი“ დაძაბულ გარემოში გაიმართა. 2015 წელს საფრანგეთში რამდენიმე ტერორისტული აქტი მოხდა, რასაც მთლიანობაში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მოგვიანებით კი 2016 წლის 14 ივლისს ნიცაში გამართულ ეროვნულ დღესასწაულზე, სადაც უამრავი ადამიანი ფეიერვერკის საყურებლად იყო შეკრებილი, ტერორისტი სატვირთო მანქანით ხალხში შეიჭრა. ამ ინციდენტის დროს 86 ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაშავდა.
იეჰოვას მოწმეებს ძალიან სურდათ, რომ შიშითა და მწუხარებით მოცული საფრანგეთის მოსახლეობა ბიბლიური იმედით ენუგეშებინათ. სწორედ ამიტომ, მოწმეებმა „ტურ დე ფრანსის“ სამარშრუტო გზის მონაკვეთებში სტენდები დადგეს. ამ სამქადაგებლო კამპანიაში მონაწილეობა 1 400-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ მიიღო. მათ მთლიანობაში 2 000-ზე მეტი ბიბლიური პუბლიკაცია გადასცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხებს ეძებდნენ.
„ყველგან თქვენ ხართ!“
ველომრბოლელთა გულშემატკივრები, რომლებიც ქალაქიდან ქალაქში გადადიოდნენ, გაოცებული იყვნენ იმით, რომ თითქმის ყველგან შეხვდნენ იეჰოვას მოწმეებს. „ტურ დე ფრანსის“ ორგანიზატორებმა არაერთხელ შეაქეს იეჰოვას მოწმეები იმისთვის, რომ ასე ორგანიზებულად ქადაგებდნენ. მათ მოწმეებს ასეთი სიტყვები უთხრეს: «როგორც ჩანს, თქვენ „ტურ დე ფრანსის“ მარშრუტის ყველა პუნქტში ხართ!». გულშემატკივრები კი გაიძახოდნენ: „იეჰოვას მოწმეები აქაც არიან!“. ერთმა ავტობუსის მძღოლმა მოწმეებისგან შეთავაზებულ ბუკლეტზე თავაზიანად თქვა უარი, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ველორბოლის განმავლობაში მას ოთხჯერ მისცეს ბუკლეტი.
იმის გამო, რომ მოწმეები ველორბოლის განმავლობაში ყოველ წელს ქადაგებენ სტენდებით, ბევრმა, ვინც მანამდე არასდროს მისულა მათთან, ახლა გადაწყვიტა სტენდიდან ლიტერატურის აღება. ასე მოხდა ერთ-ერთი სპორტული არხის თანამშრომლის შემთხვევაში, რომელმაც წინა წელსაც შეამჩნია იეჰოვას მოწმეები. ამჯერად მან გადაწყვიტა მისულიყო სტენდთან და აიღო წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, რადგან ძალიან დაინტერესდა ამ წიგნში განხილული საკითხებით. ის ჩაჯდა თავის ფურგონში და წიგნიდან რამდენიმე გვერდი წაიკითხა. შემდეგ კი სტენდის შესახებ თავის თანამშრომლებსაც უთხრა. მოგვიანებით ისინიც მივიდნენ სტენდთან და მათთვის საინტერესო თემებზე აიღეს პუბლიკაციები.
მოწმეები ხალხს იმედს უსახავენ
სტენდთან მისულმა ზოგმა ადამიანმა იეჰოვას მოწმეებს გული გადაუშალა. ერთმა ახალგაზრდა ქალბატონმა მოწმეებს უთხრა, რომ ძალიან სასოწარკვეთილი იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა, სწორედ იმ დღეს შევარდნოდა მატარებელს. მოწმეები მას ბიბლიაში ჩაწერილი დანაპირების შესახებ ესაუბრნენ და უთხრეს, რომ მალე ღვთის სამეფო მშვიდობას დაამყარებს. ბიბლიაში ჩაწერილმა სიტყვებმა ეს ქალბატონი იმდენად ანუგეშა, რომ თვითმკვლელობა გადაიფიქრა. სხვა ქალბატონმა კი მოწმეებს ასეთი რამ უთხრა: „კარგ საქმეს აკეთებთ. ასე გააგრძელეთ!“.
ყავარჯნებით მოსიარულე ერთი კაცი მოწმეებს გამოუტყდა, რომ როგორც წესი, უცხოებს არ ენდობა, თუმცა მოკრძალებულად ჩაცმული ქალბატონის მხრიდან დახმარების მიღებაზე უარი არ თქვა, როცა გაიგო, რომ ის იეჰოვას მოწმე იყო. მან ქალბატონი კარგი ჩაცმულობისთვის შეაქო და გულწრფელი ღიმილისთვის მადლობა გადაუხადა. ბოლოს კი უთხრა: „თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ნდობას!“.