არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ყრუ-მუნჯებს „ეკვატორის ზურმუხტად“ წოდებულ ინდონეზიაში

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან ყრუ-მუნჯებს „ეკვატორის ზურმუხტად“ წოდებულ ინდონეზიაში

ინდონეზიაში, რომელსაც ეკვატორის ზურმუხტს ეძახიან, მილიონობით ყრუ-მუნჯი და სმენადაქვეითებული ადამიანი ცხოვრობს. მათ დასახმარებლად იეჰოვას მოწმეები ბიბლიაზე დაფუძნებულ სხვადასხვა სახის მასალას ამზადებენ და ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო პროგრამას უწევენ ორგანიზებას ინდონეზიურ ჟესტურ ენაზე. აღსანიშნავია, რომ მათი შრომა შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

კონგრესი ჟესტურ ენაზე

2016 წელს ქალაქ მედანში (ჩრდილოეთ სუმატრას პროვინცია) იეჰოვას მოწმეებმა კონგრესი ჩაატარეს ინდონეზიურ ჟესტურ ენაზე. კონგრესს დაესწრო იმ რეგიონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შეაქო მოწმეები იმისთვის, რომ სრულიად უსასყიდლოდ უწევენ ორგანიზებას ასეთ საგანმანათლებლო პროგრამას. მასზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ნანახმა, რომ სიმღერის დროს დამსწრეებს შეუერთდა და ცდილობდა მათი ჟესტებისთვის მიებაძა.

მოგვიანებით კომპლექსის მენეჯერმა აღნიშნა, რომ კონგრესმა „უსაფრთხოდ და წარმატებით ჩაიარა“. მან თქვა: „ვიმედოვნებ, რომ იეჰოვას მოწმეები კვლავაც გააგრძელებენ ასეთი სასარგებლო ღონისძიებების ჩატარებას ყრუ-მუნჯი მოსახლეობის დასახმარებლად“. მან მოგვიყვა, რომ, როცა კომპლექსის მეპატრონემ გაიგო კონგრესის შესახებ, რომელიც ყრუ-მუნჯებისთვის ტარდებოდა, სურვილი გაუჩნდა, მოწმეებისთვის რაღაც სიკეთე გაეკეთებინა. ამიტომ მან მენეჯერს დაავალა, კონგრესის 300-ვე დელეგატს სადილით გამასპინძლებოდა.

მადლიერნი ჟესტურენოვანი ვიდეოებისთვის

იეჰოვას მოწმეები ყრუ-მუნჯ მოსახლეობას სახლებშიც აკითხავენ და პირადად უზიარებენ ბიბლიურ ცნობას. მოწმეები ხშირად იყენებენ ინდონეზიურ ჟესტურენოვან ვიდეოებს, რომლებიც იმ მიზნით მზადდება, რომ დაეხმაროს ამ ხალხს, უფრო სრულფასოვანი და კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება ჰქონდეთ.

«ქებას იმსახურებთ იმისთვის, რასაც ყრუ-მუნჯი ადამიანების დასახმარებლად აკეთებთ. ძალიან მომწონს ვიდეო „თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა“. მადლიერები ვიქნებით, თუ კვლავაც გააგრძელებთ ამ საქმის კეთებას», — აღნიშნა მაჰენდრა ტეგუ პრისვანტომ, ინდონეზიის ყრუ-მუნჯთა დახმარების ასოციაციის რეგიონალური დირექტორის მოადგილემ ცენტრალურ იავაში, ქალაქ სემარანგში.

ისინი „სიყვარულს ავლენენ“

ერთ ყრუ-მუნჯ ქალბატონზე, იანტიზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მოწმეების დაუღალავმა შრომამ. ის გვიზიარებს: „ხალხი ხშირად დასცინის ყრუ-მუნჯებს, იეჰოვას მოწმეები კი სიყვარულს ავლენენ მათ მიმართ. ბევრი მათგანი სწავლობს ჟესტურ ენას იმ მიზნით, რომ ყრუ-მუნჯებს შემოქმედის გაცნობაში დაეხმარონ და მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. მათმა ასეთმა გულწრფელმა მცდელობამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე“.

დღეს უკვე იანტი იეჰოვას მოწმეა და იმ მთარგმნელობითი ჯგუფის წევრია, რომელიც ინდონეზიურ ჟესტურ ენაზე ამზადებს ვიდეოებს. ის გვიზიარებს: „ჩვენი ვიდეოები ეხმარება ყრუ-მუნჯებს, დახვეწონ ჟესტური ენა. ამასთანავე ისინი სწავლობენ, როგორ იცხოვრონ უფრო ბედნიერად და აზრიანად“.