წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“ სკოლაში ისწავლება
წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“, რომელიც პანგასიანურ ენაზე 2012 წელს გამოიცა, ფილიპინებში დიდ დახმარებას უწევს სკოლის მოწაფეებს, რომლებიც ამ ენაზე ლაპარაკობენ. ფილიპინების განათლების სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც, დაწყებით კლასებში მასწავლებლებმა ბავშვებს მათ მშობლიურ ენაზე არსებული მასალით უნდა ასწავლონ. ამ მხრივ წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“ სრულიად აკმაყოფილებს განათლების სამინისტროს მოთხოვნებს.
ფილიპინებში 100-ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ. ამიტომ, ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა იმის თაობაზე, თუ რომელი ენა გამოეყენებინათ დაწყებით კლასებში. 2012 წელს განათლების სამინისტროს მიერ გამოცემული დადგენილება ითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ „თუ პედაგოგები ბავშვებს იმ ენაზე ასწავლიდნენ, რომელზეც ისინი სახლში საუბრობენ, ბავშვები უფრო უკეთ და სწრაფად აითვისებდნენ შესასწავლ მასალას“. შედეგად, შემუშავდა „მრავალენოვანი ქვეყნისთვის განკუთვნილი სპეციალური სასწავლო პროგრამა მშობლიურ ენაზე“.
არჩევანი შეჩერდა პანგასიანურ ენაზე. მაგრამ საქმეს ერთი გარემოება ართულებდა. მოწოდებული ცნობების თანახმად, ერთ-ერთმა სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ პანგასიანურ ენაზე ძალიან მწირი საკითხავი მასალა არსებობდა. ასე რომ, იეჰოვას მოწმეებმა ნამდვილად დროულად გამოსცეს „ბიბლიური მოთხრობები“ პანგასიანურ ენაზე, რის შესახებაც 2012 წლის საოლქო კონგრესებზე გამოცხადდა.
კონგრესებზე ამ წიგნის დაახლოებით 10 000 ეგზემპლარი დარიგდა. მშობლები და ბავშვები სიხარულისგან ცას ეწივნენ, როცა წიგნი თავიანთ მშობლიურ ენაზე მიიღეს. ერთმა წყვილმა თქვა: „ჩვენს შვილებს ძალიან უყვართ ეს წიგნი, რადგან ყველაფერს თავისუფლად იგებენ“.
მას შემდეგ, რაც კონგრესებმა ჩაიარა, ქალაქ დაგუპანში რამდენიმე მოწმემ წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“ სკოლაში წაიღო. მასწავლებლები, რომლებსაც ძლიერ სურდათ, პანგასიანურ ენაზე ჰქონოდათ საკითხავი მასალა, ძალიან გაახარა ამ სიახლემ. ჩვენმა პატარა მოწმეებმა 340-ზე მეტი წიგნი გაავრცელეს სკოლაში. მასწავლებლებმა უმალვე დაიწყეს ამ წიგნით სარგებლობა და სწორედ მისი მეშვეობით ასწავლიდნენ ბავშვებს კითხვას მშობლიურ ენაზე.
იეჰოვას მოწმეებს ახარებთ ის ფაქტი, რომ ამ პუბლიკაციას თავისი წვლილი შეაქვს ბავშვების განათლებაში. ერთი მთარგმნელი, რომელმაც წიგნის „ბიბლიური მოთხრობები“ თარგმნაში მიიღო მონაწილეობა, ამბობს: „უკვე დიდი ხანია, კარგად ვაცნობიერებთ იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა მშობლიურ ენაზე მიიღონ ლიტერატურა, რადგან წაკითხული მათ გულამდე აღწევს. სწორედ ამიტომ იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ ბიბლია და მასზე დაფუძნებული ლიტერატურა ასობით ენაზე თარგმნონ“.