იეჰოვას მოწმეებმა ქალაქ ლვოვის მახლობლად ტყის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა
2017 წლის 6 მაისს დაახლოებით 130 იეჰოვას მოწმე უკრაინის ქალაქ ლვოვთან ახლოს მდებარე ბრიუხოვიჩის ტყის დასუფთავებაში ჩაერთო. ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ იეჰოვას მოწმეების უკრაინის ფილიალში, რომელიც ტყესთან ახლოს მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ დასუფთავებაში 22-დან 80-წლამდე ასაკის მოწმეებმა მიიღეს მონაწილეობა. მოხალისეებმა 50 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია დაასუფთავეს. მათ სულ რაღაც სამ საათში დაახლოებით 600 კილო ნარჩენი შეაგროვეს.
ლვოვის სატყეო მეურნეობის მთავარმა ინჟინერმა მიხაილო სპლავინსკიმ აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეები პირველები ჩაერთნენ ტყის დასუფთავებაში. 2014 წლიდან მოყოლებული ისინი ყოველ წელს იღებენ მონაწილეობას ამ საქმეში“.
რატომ სჭირდება ტყეს დასუფთავება?
„ტყეში ნაგავი ორი მიზეზის გამო გროვდება — ზოგჯერ ადამიანები ტოვებენ თავიანთ ნაგავს ტყეში, ზოგჯერ კი სამშენებლო მასალები მიაქვთ სატვირთო მანქანებით და ტყეში ყრიან“, — ამბობს მიხაილო სპლავინსკი.
ნარჩენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ტყეს. მიხაილო სპლავინსკი აღნიშნავს: „ნაგვის გახრწნას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ის აბინძურებს გრუნტის წყლებს, რაც საბოლოოდ ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს. ტყეში დაგდებულმა შუშის ნატეხმა, რომელიც მზის სხივებს ირეკლავს, შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს. გარდა ამისა, მინის ნამსხვრევები და შპრიცები დიდ საშიშროებას წარმოადგენს ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. ამ პრობლემებს თავიდან იმ შემთხვევაში ავირიდებთ, თუ ტყიდან ნაგავს გავიტანთ“.
3 300 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყის დასუფთავება იოლი საქმე არ არის. „ჩვენ მხოლოდ ხუთი ტყის მცველი გვყავს. ამიტომ ამხელა ტერიტორიის დასუფთავება ჩვენს ძალებს აღემატება. იმისათვის, რომ ტყე დავასუფთაოთ, ყოველ წელს მოსახლეობას ვთხოვთ დახმარებას“, — ამბობს მიხაილო სპლავინსკი.
ნარჩენების შეგროვება, დახარისხება და გადაყრა
ხელთათმანებით, პოლიეთილენის პარკებითა და ფოცხებით აღჭურვილი იეჰოვას მოწმეები აგროვებენ მანქანის საბურავებს, შუშის ნამსხვრევებს, ქაღალდებს, შპრიცებს და ლითონისა და პლასტმასის ნარჩენებს. მეტყევე იგორ ფედაკი აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეები ტერიტორიას ყოველთვის ხარისხიანად ასუფთავებენ“.
მოხალისეები იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე მოეთხოვებათ. ისინი ნაგავს ახარისხებენ — შუშის, ქაღალდისა და პლასტმასის ნარჩენებს ცალ-ცალკე აგროვებენ და გადასამუშავებლად ამზადებენ. შემდეგ ნაგვის გატანაზე ადგილობრივი დასუფთავების სამსახური ზრუნავს. თუმცა 2016 წლიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეებს საკუთარი ხარჯებით გააქვთ მათ მიერ შეგროვილი ნაგავი. აი რას ამბობს მოწმეებზე იგორ ფედაკი: „დიდ მადლობას ვუხდი იეჰოვას მოწმეებს გაწეული შრომისთვის. ისინი მართლაც დიდ დახმარებას გვიწევენ“.
„დასუფთავებაში მონაწილეობა ღირსებას არ მილახავს“
ყოველწლიურად იეჰოვას მოწმეები სიხარულით მონაწილეობენ ტყის დასუფთავებაში. ისინი დიდი სიამოვნებით ირჯებიან საზოგადოების საკეთილდღეოდ და ბუნების დასაცავად. ერთ-ერთი მოხალისე, სახელად ვოლკერი, აღნიშნავს: „დასუფთავებაში მონაწილეობა ღირსებას არ მილახავს. ჩემთვის დიდი პატივია სხვებისთვის სიკეთის კეთება. ეს დიდ კმაყოფილებას მანიჭებს“. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ სხვა იეჰოვას მოწმეებსაც, რომლებმაც დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა.
კიდევ ერთი მოხალისე ანჟელიკა ამბობს: „ჩემთვის მთავარი გარემოს დასუფთავებაა და დიდ ყურადღებას არ ვაქცევ იმას, თუ ვინ ანაგვიანებს ტყეს“. 78 წლის ლოისი, რომელიც მოხალისეთა რიგებს შეუერთდა, გვირჩევს: „თუ ტყეში სეირნობისას ნაგავს წააწყდები, ნაცვლად იმისა, რომ გაბრაზდე, აიღე და ნაგავში ჩააგდე“.
სხვა მოხალისე ვიესლავი ამბობს: „ხალხი ხშირად გვხედავს, რომ ლამაზად ჩაცმულები და შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილები სხვებს საკუთარი მრწამსის შესახებ ვესაუბრებით. თუმცა ჩვენ იმისთვისაც მზად ვართ, რომ ხელები ავიკაპიწოთ და ტყე დავასუფთაოთ ან ნებისმიერი სხვა საქმე შევასრულოთ, რაც საზოგადოების კეთილდღეობას მოემსახურება“.