არჩეულ მასალაზე გადასვლა

ისინი გასამრჯელოს გარეშე მუშაობენ

ისინი გასამრჯელოს გარეშე მუშაობენ

ბოლო 28 წელზე მეტი ხნის მანძილზე 11 000-ზე მეტმა იეჰოვას მოწმემ დატოვა საკუთარი სახლი და გაემგზავრა თავისი ქვეყნიდან, რათა მონაწილეობა მიეღო სამშენებლო პროექტებში, რომლებიც 120 ქვეყანაში მიმდინარეობდა. ამ საქმისთვის თითოეულმა არ დაიშურა მთელი თავისი დრო თუ ენერგია და ეს სრულიად უსასყიდლოდ გააკეთა.

ბევრმა, დანიშნულების ადგილზე რომ ჩასულიყო, თავად დაფარა მგზავრობის ხარჯები. ზოგმა ამისთვის თავისი შვებულება გამოიყენა, ზოგმა კი დროებით დატოვა სამუშაო, რის გამოც საკმაოდ კარგი შემოსავალი დაკარგა.

მათთვის არავის დაუტანებია ძალა, რომ ასეთი მსხვერპლი გაეღოთ. პირიქით, მათ ნებაყოფლობით დაუჭირეს მხარი ღვთის სამეფოს შესახებ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლას (მათე 24:14). ამ და-ძმებმა ააშენეს საოფისე და საცხოვრებელი შენობები და სტამბები, სადაც ბიბლია და მასზე დაფუძნებული ლიტერატურა იბეჭდება. იეჰოვას მოწმეები აგრეთვე აშენებენ საკონგრესო დარბაზებს, რომლებიც 10 000 კაცს იტევს, და სამეფო დარბაზებს, რომელთაგანაც ზოგი 300 კაცზეა გათვლილი.

სამშენებლო პროექტები დღესაც მიმდინარეობს. როდესაც მშენებლები ჩადიან სამშენებლო ობიექტზე, ადგილობრივი ფილიალი ზრუნავს მათ დაბინავებაზე, კვებასა თუ სხვა ყოველდღიურ საჭიროებაზე. მათთან ერთად მშენებლობაში ადგილობრივი მოწმეებიც იღებენ მონაწილეობას.

საერთაშორისო სამშენებლო პროგრამას 1985 წელს ჩაეყარა საფუძველი. ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღება 19-დან 55 წლამდე იეჰოვას მოწმე მოხალისეებს შეუძლიათ, რომლებიც, სულ მცირე, ერთ ხელობას მაინც ფლობენ. როგორც წესი, თითო პროექტზე მშენებლები ორი კვირიდან სამ თვემდე მუშაობენ, თუმცა ხანდახან ზოგი მშენებელი ერთ წელს ან მეტხანსაც მუშაობს.

მშენებლების ცოლებმაც ისწავლეს ისეთი სამუშაოს შესრულება, როგორიცაა არმატურის მავთულებით შეკვრა, მეტლახის დაგება, კაფელის გაკვრა, გალესვა და შეღებვა. ზოგი მშენებლებს უმზადებს საჭმელს და მათ საცხოვრებელ ოთახებს ალაგებს.

სახლში დაბრუნებული მშენებლები წერილებს აგზავნიან და თავის მადლიერებას გამოთქვან იმისთვის, რომ სამშენებლო პროექტში მიიღეს მონაწილეობა. აი, რა დაწერა ერთმა წყვილმა: „გვსურს, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ბუდაპეშტის ფილიალის მშენებლობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მოგვეცა. უნგრელი მოწმეები დიდ სითბოსა და მადლიერებას ავლენდნენ ჩვენ მიმართ! ერთი თვის თავზე მათთან განშორება ძალიან გაგვიჭირდა. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე კიდევ მიგვიწვევენ რომელიმე პროექტზე. ყოველთვის, როცა ასეთ პროექტებში ვმონაწილეობთ, ტკბილად გვახსენდება იქ გატარებული ერთი თვე“.