არჩეულ მასალაზე გადასვლა

მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში სამეფო დარბაზების მშენებლობა დაჩქარდა

მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში სამეფო დარბაზების მშენებლობა დაჩქარდა

1999 — 2015 წლებში ცენტრალურ ამერიკასა a და მექსიკაში იეჰოვას მოწმეებმა 5 000-ზე მეტი სამეფო დარბაზი ააშენეს. თუმცა ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ერთი მილიონი იეჰოვას მოწმისთვის და მათთვის, ვინც კრების შეხვედრებს ესწრება, კიდევ 700-ზე მეტი სამეფო დარბაზია ასაშენებელი.

წარსულში მსოფლიოს ამ ნაწილში მოწმეებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა სამეფო დარბაზების აშენება. მექსიკაში წლების განმავლობაში მოწმეთა უმეტესობა კრების შეხვედრებს თავიანთ სახლებში ატარებდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ კანონის თანახმად რელიგიურ ორგანიზაციებს არ გააჩნდათ საკუთრების უფლება. თუმცა 1990 წელს კანონი შეიცვალა და იეჰოვას მოწმეებმა დაიწყეს სამეფო დარბაზების შენება, რასაც ისინი ხშირ შემთხვევაში თვეებს ანდომებდნენ.

დარბაზების მშენებლობა დაჩქარდა

მას შემდეგ, რაც 1999 წელს მოწმეებმა შეიმუშავეს სამეფო დარბაზების მშენებლობის ახალი პროგრამა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის და ჩამოაყალიბეს სამეფო დარბაზების სამშენებლო ჯგუფები, დარბაზების მშენებლობა საგრძნობლად დაჩქარდა. 2010 წლიდან მოყოლებული მექსიკის ფილიალი ზედამხედველობას უწევს მთელ რეგიონში მიმდინარე სამშენებლო პროექტებს.

მშენებლები დიდ სირთულეებს ხვდებიან ცივილიზაციას მოწყვეტილ ტერიტორიებზე მუშაობის დროს. მაგალითად, პანამაში მათ სამი საათი უნდა ემგზავრათ ნავით სამშენებლო ობიექტამდე. მექსიკაში, ჩიაპასის შტატში, სამშენებლო ბრიგადას პატარა თვითმფრინავით ჩაჰქონდა სამშენებლო მასალა ერთ მიუვალ ადგილამდე.

სამეფო დარბაზების მშენებლობას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა

ხშირად მოწმეების გარდა სხვებიც დიდი ინტერესით ელიან თავიანთ ტერიტორიაზე ახალი სამეფო დარბაზის აშენებას. მაგალითად, ჰონდურასში მცხოვრებმა მამაკაცმა თქვა, რომ მის საცხოვრებელთან ახლოს ღამის კლუბის აშენებას აპირებდნენ, რაც მას ძალიან არ მოსწონდა, მაგრამ როცა გაიგო, რომ იმ ადგილზე კლუბის ნაცვლად იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი აშენდებოდა, მან სიხარულით წამოიძახა: „რა ბედნიერებაა!“.

ბევრ ქვეყანაში ხალხს აოცებს იეჰოვას მოწმეების გულმოდგინე შრომა. გვატემალაში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა აღნიშნა: „ჩვენს კულტურაში ქალები მხოლოდ სამზარეულოში ტრიალებენ. მაგრამ დარბაზების მშენებლობაზე ქალებიც იმავე სამუშაოს ასრულებენ, რასაც კაცები; მაოცებს იმის დანახვა, თუ როგორ აწყობენ ისინი რკინის კარკასებს და ლესავენ კედლებს. ეს მართლაც რომ გასაოცარია!“. ამ ყველაფერმა ზოგი მეზობელი იმისკენაც კი აღძრა, მშენებლებს საკვებითა და ტკბილეულით გამასპინძლებოდა.

ბევრს ხიბლავს სამეფო დარბაზების დიზაინი. ნიკარაგუაში მცხოვრებმა ერთმა ინჟინერმა ქალაქის მერს უთხრა, რომ მოწმეებმა საუკეთესო მასალით დიდებული შენობა ააგეს. მისი სიტყვები ფაქტობრივად იმას ნიშნავდა, რომ იეჰოვას მოწმეების დარბაზი ქალაქის ყველა ნაგებობას ჯობდა.

იეჰოვას მოწმეები ხარობენ, რომ აქვთ ლამაზი სამეფო დარბაზები. ამასთან, მათ ისიც ახარებთ, რომ ბიბლიის შემსწავლელები უფრო აქტიურად ესწრებიან კრების შეხვედრებს ახალ სამეფო დარბაზებში. მექსიკაში ერთ-ერთი კრების წევრებმა, რომლებმაც მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა, მადლიერება შემდეგი სიტყვებით გამოხატეს: „მადლობას ვუხდით იეჰოვას, რომ წილად გვარგუნა პატივი, მონაწილეობა მიგვეღო სამეფო დარბაზის მშენებლობაში, რომელიც მისი სახელის განდიდებას ემსახურება“.

a ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად, ცენტრალური ამერიკა აერთიანებს გვატემალას, სალვადორის, ჰონდურასის, ნიკარაგუას, კოსტა-რიკას, პანამისა და ბელიზის რესპუბლიკებს (Merriam-Webster’s Collegiate Dictionary, XI გამოცემა).