არჩეულ მასალაზე გადასვლა

ტაქსიდოში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

ტაქსიდოში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

ტაქსიდოში (ნიუ-იორკი) მშვენიერი დილა გათენდა. შვიდს თხუთმეტი წუთი აკლია. ცა ლაჟვარდისფრად კამკამებს; ტბას ყინულის თხელი ფენა გადაჰკვრია. იქვე ოთხსართულიანი შენობა დგას. შენობაში ჯან-ღონით სავსე მამაკაცები და ქალები შედიან, რომლებსაც სამუშაო ტანსაცმელი აცვიათ. ისინი ადგილობრივ სასტუმროებსა თუ სახლებში ცხოვრობენ. ზოგი მათგანი შტატის სხვადასხვა ნაწილიდან — პატერსონიდან, უოლკილიდან და ბრუკლინიდან ჩამოვიდნენ; ზოგს დაახლოებით 80 კილომეტრის გავლა მოუწია, ტაქსიდოში რომ ჩამოსულიყვნენ.

ეს მოხალისეები სხვადასხვა შტატიდან და ქვეყნიდან არიან ჩამოსული. ზოგი ერთი კვირითაა ჩამოსული, ზოგი — თვე-ნახევრით, ზოგიც უფრო მეტი ხნით. მათ თავად დაფარეს თავიანთი მგზავრობის ხარჯები და ტაქსიდოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობენ. მოხალისეებს ძალიან ახარებთ აქ ყოფნა.

ამ მშვენიერ დილას სამშენებლო ობიექტზე 120 მოხალისე იკრიბება. მათი რაოდენობა მომდევნო თვეებში უეჭველად გაიზრდება. ისინი სასადილო ოთახში იყრიან თავს, 10-კაციან მაგიდებთან სხდებიან და ყავას სვამენ. სამზარეულოდან ლორის მადისაღმძვრელი სუნი გამოდის. ზუსტად 7 საათზე სასადილოში ბრუკლინიდან ბიბლიური მუხლის განხილვის პირდაპირი ტელეტრანსლაცია ირთვება. 15 წუთის შემდეგ საუზმე იწყება. ოფიციანტებს ლორთან ერთად პური, კვერცხი და შვრიის ფაფა გამოაქვთ. საკვები მართლაც უხვადაა.

დამამთავრებელი ლოცვის შემდეგ ყველა სამუშაოდ მიემართება. და-ძმები უსაფრთხოების ჩაფხუტებს, სათვალეებს, სამუშაო ქამრებსა და შუქამრეკლავ ჟილეტებს ირგებენ და თან ერთმანეთს ემუსაიფებიან.

ამ მოხალისეებმა ყოფილი ქაღალდის გადამამუშავებელი ფაბრიკის შენობა უნდა გადააკეთონ საცხოვრებელ ოთახებად და ოფისებად, ასევე სახელოსნოებად და საწყობებად, რომელსაც ტაქსიდოდან რამდენიმე კილომეტრში, უორიკში, იეჰოვას მოწმეთა ახალი მთავარი სამმართველოს ასაშენებლად გამოიყენებენ. 2013 წლის 12 მარტს, სამშაბათს, ადგილობრივმა საქალაქო სამსახურმა ნებართვა გასცა ტაქსიდოში დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყების თაობაზე.

როგორ ხვდებიან მოხალისეებს ტაქსიდოში? უილიამი, რომელიც ნიუ-ჯერზიდან არის, ამბობს: „ძმები ბეთელის მისაღებშივე გვხვდებიან და გვიხსნიან, როგორ მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე, სად ვიცხოვრებთ, და როგორ გამოვიყენებთ გასაღებებს. ტაქსიდოში ჩასულებს საუზმის შემდეგ ზედამხედველი გვაძლევს დავალებებს“.

რას გრძნობენ მოხალისეები? იაჰაირა და მისი ქმარი, რომლებიც ტაქსიდოში პუერტო-რიკოდან ჩავიდნენ, ხესა და თაბაშირ-მუყაოზე მუშაობენ. იაჰაირა ამბობს: „ყოველდღე დილის 5-ის ნახევარზე ვიღვიძებთ, ვალაგებთ ოთახს, ყავას ვიმზადებთ და გავრბივართ ავტობუსისკენ, რომელსაც ობიექტზე მივყავართ. მართალია, დღის ბოლოს დაღლილები ვართ, მაგრამ სახე ყოველთვის სიხარულისგან გვიბრწყინავს. ირგვლივ ყველა ბედნიერია“.

უორიკი ტყით გარშემორტყმული ტერიტორიაა. ზაკი და მისი მეუღლე ბეტი, რომლებიც მინესოტას შტატიდან არიან, იმ მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობენ, რომელიც უორიკში მიმდინარეობს. კითხვაზე, თუ რატომ ჩავიდნენ ტაქსიდოში, ბეტი პასუხობს: „ჩვენ გვჯერა, რომ ცხოვრებაში ყველაზე ღირებული მიზანი იეჰოვასთვის მსახურებაა. გვინდა, რომ ჩვენი ნიჭი თუ უნარი მის მსახურებაში გამოვიყენოთ“.