ფოტოგალერეა, ბრიტანეთი (2017 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, ნაწილი 4)
ამ ფოტოგალერიიდან შეიტყობთ, როგორ მიმდინარეობდა იეჰოვას მოწმეების ფილიალის მშენებლობა ბრიტანეთში 2017 წლის მარტიდან აგვისტოს ჩათვლით.
2017 წლის 28 მარტი — ფილიალის სამშენებლო ტერიტორია
ამწის მეშვეობით შუშებიან კონტეინერს დგამენ უსაფრთხო, შემაღლებულ ადგილზე, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს მთელი სამშენებლო ტერიტორია. 2017 წლის მაისიდან დამთვალიერებლებსაც შეეძლოთ სამშენებლო ტერიტორიის დათვალიერება და ამ ადგილიდან გადახედვა. მაისიდან აგვისტოს ჩათვლით 17 000-ზე მეტი ადამიანი ჩაეწერა ექსკურსიაზე.
2017 წლის 29 მარტი — საცხოვრებელი შენობა F
ამწეკრანით ბეტონის ფილას ადგამენ პირველ საცხოვრებელ შენობა F-ს. შენობების ირგვლივ არსებული დიდი სივრცის გამო შესაძლებელია მასიური ბეტონის ფილების ადვილად და სწრაფად გადაადგილება.
2017 წლის 7 აპრილი — საცხოვრებელი შენობები
ერთდროულად მიმდინარეობს ხუთი საცხოვრებელი შენობის მშენებლობა. ბეტონის ჩასხმამდე საცხოვრებელ შენობა B-ს საძირკველში წნავენ ფოლადის არმატურას. უკანა ფონზე, მარჯვნივ, ჩანს, რომ მშენებლები საცხოვრებელ შენობა D-ს საძირკველში ასხამენ ბეტონს. ხოლო მარცხნივ ჩანს ამწეკრანი, რომელიც ბეტონის ფილებს აწყობს ლიფტის შახტისთვის და მრავალსაფეხურიანი კიბეებისთვის შენობა E-ში.
2017 წლის 19 აპრილი — ფილიალის სამშენებლო ტერიტორია
ტექნიკური ჯგუფიდან ერთ-ერთი მოხალისე სახანძრო ონკანის პლასტმასის მილებს ერთმანეთს აბამს სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით. ეს ორი ნაწილი შედუღაბებულია ერთმანეთთან. ბოლოს მოწმდება, რამდენად კარგად და ხარისხიანად არის გადაბმული ეს ადგილები. მთლიანობაში გაყვანილ იქნა ოთხი კილომეტრი სიგრძის სახანძრო ონკანის მილები.
2017 წლის 25 აპრილი — საცხოვრებელი შენობები
მოხალისე ასუფთავებს ახალ გაყვანილ სადრენაჟო არხს. სადრენაჟო არხების მეშვეობით წვიმის წყალი სპეციალურ ჭებში ჩაედინება; ასეთი სახით თავიდან იქნება არიდებული ტერიტორიის დატბორვა.
2017 წლის 28 აპრილი — საცხოვრებელი შენობა F
არქიტექტურის ჯგუფში მომსახურე ცოლ-ქმარი პირველ სართულზე ნიშნავს იმ ადგილებს, სადაც უნდა აღიმართოს დერეფნის კედლები.
2017 წლის 5 მაისი — საცხოვრებელი შენობები
სურათზე ჩანს 5 საცხოვრებელი შენობის მშენებლობის პროცესი. სექტემბრისთვის ბეტონის კარკასი უკვე დასრულებული იყო, მიმდინარეობდა F საცხოვრებელი შენობის (უკან მარჯვნივ) შიდა კედლების მშენებლობა და ლესვითი და სამღებრო სამუშაოები. ამავდროულად, მოხალისეებმა დაიწყეს E საცხოვრებელი შენობის გარე კედლების ამოყვანა და ფანჯრების ჩასმა (უკან მარცხნივ). ამასთანავე, ამ დროისთვის B, C და D საცხოვრებელი შენობები უკვე მზად იყო, რომ იქ არქიტექტურული, ელექტრო, ტექნიკური და ფასადის სამუშაოები დაწყებულიყო.
2017 წლის 18 მაისი — დროებითი მთავარი შენობა
რობერტ ლუჩიონი, რომელიც ხელმძღვანელი საბჭოს საგამომცემლო კომიტეტის დამხმარედ და მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილების ზედამხედველად მსახურობს, ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებით ამხნევებს მშენებლებს. მსოფლიო საპროექტო-სამშენებლო განყოფილება ზედამხედველობას უწევს ახალი ფილიალების მშენებლობას და თვალყურს ადევნებს ყველანაირი საქმის ეფექტიანად და სახსრების გონივრულად გამოყენებით შესრულებას.
2017 წლის 25 მაისი – ფილიალის სამშენებლო ტერიტორია
მშენებლები ამზადებენ ბეტონის ფილებს საკომუნიკაციო კომპლექსისთვის, საიდანაც განაწილდება გაზი, ელექტრობა და კომპიუტერული ქსელი. მარჯვნივ ნაჩვენებია, როგორ იყენებენ მშენებლები ბეტონის მოძრავ ტუმბოს, რათა ჩაასხან საძირკველი აკუსტიკური ღობისთვის, რომელიც ჩაახშობს გამანაწილებელი დანადგარების მიერ გამოცემულ ხმებს.
2017 წლის 7 ივნისი — E საცხოვრებელი შენობა
საპროექტო ჯგუფი განიხილავს ნახაზებს, სანამ იატაკი მოინიშნება ფოლადის ჩარჩოების დასამაგრებლად.
2017 წლის 13 ივნისი — F საცხოვრებელი შენობა
მშენებელი გარეთა კედლებზე ამაგრებს ფოლადის ჩარჩოებს.
2017 წლის 22 ივნისი — E საცხოვრებელი შენობა
E საცხოვრებელი შენობის ირგვლივ აყენებენ ხარაჩოებს, რათა უფრო მოხერხებულად შეასრულონ ფასადის სამუშაოები.
2017 წლის 11 ივლისი — F საცხოვრებელი შენობა
მოხალისე სპეციალურ დამცავ სითხეს უსვამს ახლად დაყენებულ ფანჯრებს. სითხე გაშრობის შემდეგ თხელ ფენად იქცევა, რომელიც მშენებლობის პერიოდში იცავს ფანჯრებს ზიანისგან. სამუშაოს დასრულების შემდეგ ადვილად ხდება მისი მოშორება.
2017 წლის 13 ივლისი — F საცხოვრებელი შენობა
ტექნიკური ჯგუფი ამოწმებს იატაკქვეშა გათბობას საცხოვრებელ შენობაში. საჭირო შესწორებების შეტანის შემდეგ, იატაკზე დაასხამენ ბეტონის საბოლოო ფენას, რითაც დაიფარება გათბობის სისტემა.
2017 წლის 19 ივლისი — სამშენებლო ტერიტორია
ფილიალის მთავარი შესასვლელის ტერიტორიაზე გამწვანებაზე მომუშავე მოხალისე ჭრის მიწის იმ ფენას, სადაც ველური მცენარეებია ამოსული. კორდი ხელს უშლის ნიადაგში ველური მცენარეების გაზრდას და აადვილებს მთავარ შესასვლელთან გამწვანებული ტერიტორიის მოვლას, სადაც ბევრი ხალხი მოძრაობს.
2017 წლის 1 აგვისტო — ადმინისტრაციული შენობა
GPS დასათვალიერებელი მოწყობილობის გამოყენებით ძმა ნიშნავს ადგილს, რომელიც ადმინისტრაციული კომპლექსის შესასვლელი იქნება, ამ ადგილას ამაგრებს ბოძს და ღებავს მას, რათა ადვილი შესამჩნევი იყოს. ამ შენობაში განთავსდება სამზარეულო, სასადილო ოთახი და დარბაზი. უკანა ფონზე აგრეთვე მოჩანს საცხოვრებელი შენობები.
2017 წლის 8 აგვისტო — საცხოვრებელი შენობები
წყვილი ამზადებს სანიაღვრე სისტემისთვის განკუთვნილ ბეტონის კონსტრუქციას. უკან მოჩანს საცხოვრებელი შენობები E და F, რომლებიც დაფარულია პლასტიკატის ფილებით, რათა ფასადმა ყველანაირ ამინდს გაუძლოს ზამთრის პერიოდში.
2017 წლის 9 აგვისტო — ფილიალის სამშენებლო ტერიტორია
მოხალისე სწავლობს ვაკუუმის შლანგის ამწის გამოყენებას. ამ ამწის მეშვეობით გადააქვთ ბორდიურის ქვები, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 70 კილოგრამს იწონის. მას შემდეგ, რაც ამ ქვებს ადგილს მიუჩენენ, დასამაგრებლად გარშემო ბეტონს ასხამენ.
2017 წლის 16 აგვისტო — ფილიალის სამშენებლო ტერიტორია
სათანადოდ დალაგებულ წყლის მილებს ტექნიკური ჯგუფის წევრი საჭირო კუთხეებში ამაგრებს. მთლიანობაში ხუთი კილომეტრი სიგრძის წყლის მილების გაყვანაა საჭირო ახალი ფილიალის ტერიტორიაზე.
2017 წლის 22 აგვისტო — E საცხოვრებელი შენობა
გარე სამუშაოებზე მომუშავე ჯგუფის წევრი ელექტრო ხერხის მეშვეობით ჭრის აგურებს. ნახევარ-ნახევარი აგურებით ამზადებენ ლამაზ კონსტრუქციას საცხოვრებელი შენობების დეკორაციისთვის. აგურების ეს წყობა ფლამანდური სტილის სახელითაა ცნობილი. საცხოვრებელი შენობები, მთლიანობაში, 300 000-ზე მეტი აგურით იქნება დაფარული.