არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას განსადიდებელი სიმღერები მრავალ ენაზე

იეჰოვას განსადიდებელი სიმღერები მრავალ ენაზე

სიმღერის ტექსტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნა საკმაოდ რთულია. კიდევ უფრო რთულია სიმღერების წიგნის თარგმნა, რომელიც 135 სიმღერას აერთიანებს.

იეჰოვას მოწმეები არ შეეპუენ ამ რთულ ამოცანას და სამ წელიწადში 116 ენაზე თარგმნეს ახალი სიმღერების წიგნი, სახელწოდებით „უმღერეთ იეჰოვას“. გარდა ამისა, 55 ენაზე ხელმისაწვდომია სიმღერების კრებულის ნაწილი, რომელშიც 55 სიმღერაა შესული. ამასთანავე, ამ კრებულის თარგმნა ბევრ ენაზე მიმდინარეობს.

სიმღერის ტექსტის თარგმნა

იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ ლიტერატურას დაახლოებით 600 ენაზე თარგმნიან, აქედან პუბლიკაციები დაახლოებით 400 ენაზე ინტერნეტშია განთავსებული. მაგრამ სიმღერების წიგნის, „უმღერეთ იეჰოვას“, თარგმნა საკმაოდ რთულია. მიზეზი ისაა, რომ სიმღერების მელოდიები უცვლელი რჩება, მაშინ როცა ტექსტი უამრავ სხვადასხვა ენაზე ითარგმნება.

სიმღერის ტექსტის თარგმნის პროცესი განსხვავდება ჟურნალის ტექსტის თარგმნის პროცესისგან. როდესაც მთარგმნელები ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ თარგმნიან სხვა ენაზე, ცდილობენ, რომ არც ერთი აზრობრივი ნიუანსი არ გამორჩეთ და ფეხდაფეხ მიჰყვნენ ორიგინალს. მაგრამ სიმღერის ტექსტის თარგმნის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა.

თარგმნის პროცესი

მთარგმნელები განსხვავებულად უდგებიან სიმღერის ტექსტის ორიგინალს, რადგან უფრო მეტ მნიშვნელობას აქცევენ იმას, რომ ტექსტი აზრიანი, ლამაზი და ადვილად დასამახსოვრებელი იყოს.

იეჰოვას განსადიდებელი სიმღერის სიტყვები უნდა იყოს მარტივი, რათა შემსრულებელს არც ერთი ფრაზის მნიშვნელობის გაგება არ გაუჭირდეს. თითოეულ ენაში სიტყვები და მელოდია ჰარმონიულად და ბუნებრივად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს, თითქოსდა სიტყვები შემსრულებელს ეკუთვნის.

როგორ აღწევენ მთარგმნელები ამ მიზანს? ნაცვლად იმისა, რომ ორიგინალიდან ტექსტი სიტყვასიტყვით თარგმნონ, მთარგმნელობითი ჯგუფები სპეციალურ ინსტრუქციებს მისდევენ იმისათვის, რომ შექმნან ახალი ლექსი, რომელიც შეძლებისდაგვარად სრულყოფილად გამოხატავს ორიგინალში მოცემულ აზრს. ისინი ცდილობენ, ყურადღების მიღმა არ დარჩეთ ის ბიბლიური ციტატები, რომელიც საფუძვლად უდევს ტექსტს, და, ამავე დროს, თავიანთ ენაზე ბუნებრივი ფრაზებით გამოხატონ სათქმელი ისე, რომ ლექსი ადვილი გასაგები და დასამახსოვრებელი იყოს.

ტექსტის შექმნის პირველ ეტაპზე მთარგმნელს ინგლისურიდან სიტყვასიტყვით გადმოაქვს ტექსტი თავის ენაზე. შემდეგ იმ მოწმეს, რომელსაც აქვს ლექსის წერის ნიჭი, აძლევენ სიტყვასიტყვით თარგმანს და სთხოვენ, რომ ტექსტი ლექსად გარითმოს და თანაც ისე, რომ არ დაირღვეს აზრობრივი თანმიმდევრობა. მთარგმნელები ყოველთვის ცდილობენ, რომ ნათარგმნი ტექსტი ზუსტად შეესაბამებოდეს ბიბლიურ მუხლებს, ბოლოს კი მთარგმნელები და კორექტორები პოეტის მიერ გარითმულ ლექსს ამოწმებენ, რამდენად ფეხდაფეხ მისდევს ბიბლიურ სწავლებას.

მთელ მსოფლიოში ბევრმა იეჰოვას მოწმემ ძლიერ გაიხარა, როცა ახალი სიმღერების წიგნი მიიღო; კიდევ ბევრი იეჰოვას მოწმე მოელის, რომ სიმღერების ახალი კრებული მათ ენაზეც გამოვა.