არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიას ასობით მკითხველი ახმოვანებს

ბიბლიას ასობით მკითხველი ახმოვანებს

„მართლაც დამატყვევებელი, დამაფიქრებელი და დინამიურია!“.

„შენ თვალწინ ცოცხლდება წაკითხული სიუჟეტები“.

„გასაოცარია! თითქოს სულ სხვა ელფერს სძენს იმას, რაც არაერთხელ მაქვს წაკითხული“.

ასეთი კომენტარები გააკეთეს მათ, ვინც მათეს სახარების აუდიოჩანაწერი მოისმინა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე jw.org ინგლისურ ენაზე.

იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის პირველი აუდიოჩანაწერი 1978 წელს გამოსცეს. დროთა განმავლობაში ეს ჩანაწერი მთლიანად თუ ნაწილობრივ 20 ენაზე გახდა ხელმისაწვდომი.

ვინაიდან 2013 წელს გადამუშავდა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, საჭირო გახდა მისი აუდიოჩანაწერის განახლება. მაგრამ წინა აუდიოჩანაწერისგან განსხვავებით, რომელშიც ბიბლიის ტექსტს სამი ადამიანი კითხულობდა, ამჯერად ბიბლიის 1 000-ზე მეტ პერსონაჟს სხვადასხვა ხმა გაახმოვანებს.

ეს სიახლე დაეხმარება მსმენელს, გონებაში გააცოცხლოს ბიბლიური ისტორიები. მართალია, ეს განსხვავდება ბიბლიის მხატვრული კითხვისგან, რომელსაც თან ახლავს მუსიკა და ხმის ეფექტები, მაგრამ საკმაოდ ცოცხლად წარმოგვიდგენს ბიბლიურ ისტორიებს.

ეს პროექტი, რომელშიც ამდენი მკითხველია ჩართული, კარგ დაგეგმვას მოითხოვს. თავდაპირველად ამ პროექტის რამდენიმე მონაწილეს დაევალა, დაედგინა წასაკითხ მონაკვეთში ბიბლიის რომელ პერსონაჟს ეკუთვნოდა ესა თუ ის სიტყვები და აგრეთვე ის, თუ რა აზრი იდო ამ სიტყვებში ან რა ემოციით იყო გადმოცემული. მაგალითად, თუ მათეს სახარების ამა თუ იმ მონაკვეთში რომელიმე მოციქულის სიტყვები იყო მოყვანილი, მაგრამ კონკრეტულად არ იყო მოხსენიებული, რომელ მოციქულზე მიდიოდა საუბარი, საინტერესოა, ამ შემთხვევაში ვისი ხმა უნდა გამოეყენებინათ? თუ ამ სიტყვებში ეჭვის მარცვალი ერია, მაშინ შესაძლოა ისინი მას წაეკითხა, ვინც თომას პერსონაჟს ახმოვანებდა, მაგრამ თუ იმპულსურობა იგრძნობოდა, მაშინ მას, ვინც პეტრეს პერსონაჟს ახმოვანებდა.

ჩაწერის დროს ასაკიც გაითვალისწინეს. მაგალითად, თუ ციტატა ახალგაზრდა მოციქულ იოანეს ეკუთვნოდა, მას ახმოვანებდა ახალგაზრდა მამაკაცი, მაგრამ თუ სიტყვებს ხანდაზმული იოანე წარმოთქვამდა, შესაბამისად მის სიტყვებს ხანდაზმული მამაკაცი ახმოვანებდა.

გარდა ამისა, საჭირო იყო კარგი მკითხველების პოვნა. უმეტესობა მათგანი იეჰოვას მოწმეების შეერთებული შტატების ფილიალიდან აირჩიეს. საინტერესოა, როგორ ხდება მკითხველის არჩევა. მკითხველის შერჩევამდე ხდება მისი მოსმენა; მას წინასწარ სთხოვენ, მოამზადოს და წაიკითხოს ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-იდან კონკრეტული აბზაცი. მან აგრეთვე ბიბლიიდან უნდა წაიკითხოს კონკრეტული დიალოგი, საიდანაც გამოსჭვივის გაბრაზება, მწუხარება, სიხარული ან იმედგაცრუება. ეს ყველაფერი საშუალებას იძლევა, დაადგინონ, რა შესაძლებლობები აქვს მკითხველს და გადაწყვიტონ, ბიბლიის რომელ მონაკვეთს წაიკითხავს საუკეთესოდ.

მას შემდეგ, რაც აირჩევენ მკითხველებს და მისცემენ დავალებას, იბარებენ ბრუკლინის ან პატერსონის ერთ-ერთ ჩამწერ სტუდიაში, რათა მათი ხმა ჩაიწერონ. რეპეტიტორი უნდა დარწმუნდეს, რომ მკითხველს ხმაში არანაირი ხარვეზი არა აქვს და ხმის ტონიც სათანადო აქვს. რეპეტიტორი და მკითხველი იყენებენ წინასწარ გამზადებულ ტექსტს, რომელშიც მოცემულია მითითებები, სად უნდა გაკეთდეს პაუზა და სად უნდა დაისვას აქცენტი. რეპეტიტორი აგრეთვე ხელმძღვანელობს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წინა აუდიოჩანაწერით.

ჩანაწერი ნაწილობრივ მუშავდება სტუდიაში ჩაწერის პროცესში. მაგრამ ჩანაწერის დასახვეწად ზოგჯერ ისინი, ვინც ჩანაწერის დამუშავებაზე ზრუნავენ, იმ სიტყვებიდან და ფრაზებიდან, რომლებიც რამდენიმეჯერ ჩაიწერეს, საუკეთესოს ირჩევენ და ასე აძლევენ ჩანაწერს საბოლოო სახეს.

უცნობია, როდის დასრულდება „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 2013 წლის გადამუშავებული ვერსიის აუდიოჩანაწერის მომზადება. მაგრამ ბიბლიის თითოეული წიგნის აუდიოჩანაწერი მისი ჩაწერის დასრულებისთანავე აიტვირთება ვებ-გვერდზე jw.org; გვერდზე, სადაც მოცემულია ბიბლიის წიგნების ჩამონათვალი, თითოეული ბიბლიის წიგნის გვერდით იქნება სპეციალური ნიშანი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შეგიძლიათ მოისმინოთ ამ წიგნის აუდიოჩანაწერი.