არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლიები, რომლებიც იაპონიაში იბეჭდება

ბიბლიები, რომლებიც იაპონიაში იბეჭდება

იეჰოვას მოწმეებმა თავიანთ სტამბაში დაამონტაჟეს ახალი საამკინძაო კონვეიერი ებინაში (იაპონია). მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა მაგარყდიანი და მოოქრული ბიბლიების აკინძვა, რაზეც დიდი მოთხოვნილებაა.

თავდაპირველად ძმები ფიქრობდნენ, რომ ვერ შეძლებდნენ დანადგარის ამუშავებას, რადგან ქვეყანაში 2011 წლის 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის გამო დროდადრო წყდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება.

მიუხედავად ამისა, 2011 წლის სექტემბერში ძმებმა შეძლეს თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება. სამ თვეზე ნაკლებ დროში ამ ახალი საამკინძაო კონვეიერის მეშვეობით ჩინურ ენაზე მაგარყდიანი „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პირველი ეგზემპლარები აიკინძა.

ეს საამკინძაო კონვეიერი მთლიანად მექანიზებულია და დაახლოებით 400 მეტრი სიგრძისაა. როცა კონვეიერზე დაბეჭდილი მასალა ხვდება, იკინძება, ისმება ყდაში, იპრესება, მუყაოს ყუთებში ლაგდება და ბოლოს პალეტებზე იდება.

თანამშრომლობით შედეგი მიიღწევა

კარგი დაგეგმვისა და თანამშრომლობის წყალობით კარგი შედეგი მიიღწევა. მაგალითად, საამკინძაო მოწყობილობა უნდა დაეშალათ, შეეფუთათ, ჩაელაგებინათ 34 კონტეინერში და ევროპიდან იაპონიაში ჩაეტანათ.

ამერიკის შეერთებული შტატების იეჰოვას მოწმეების ფილიალის ოჯახის ათი წევრი ჩავიდა იაპონიაში, რომ ადგილობრივ ძმებს დახმარებოდნენ ამ მოწყობილობის წყობასა და ამუშავებაში. ზოგი მათგანი ექვსი თვე დარჩა იაპონიაში. ისინი იაპონელ ძმებს ასწავლიდნენ, როგორ ემუშავებინათ და მოევლოთ ამ დანადგარისთვის.

ახალმა საამკინძაო კონტეინერმა ქვეყნის სტამბების ყურადღება მიიპყრო. 2012 წლის 19 მარტს ამ სფეროში მომუშავე ასზე მეტი წარმომადგენელი ექსკურსიაზე ესტუმრა იაპონიის ფილიალს. მათზე ნანახმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ექსკურსიის ბოლოს თითოეულ მათგანს მისცეს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც ახალდამონტაჟებულ დანადგარზე აიკინძა.

იაპონიის ფილიალი შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის ფილიალთან ერთად კინძავს მაგარყდიან ბიბლიებს იეჰოვას მოწმეებისთვის.

„შემდეგ პროექტზე მუშაობა ძალიან გამიჭირდება“

მოწმეები და ქვეყნის სტამბების წარმომადგენლები ამ ახალი დანადგარის დამონტაჟებაზე სიამოვნებით თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. ერთმა მუშამ, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო, თქვა: „საკუთარი ოჯახის წევრებივით შემიყვარდით“.

პროექტის ბოლო დღეს ერთმა მუშამ, რომელიც ასევე არ იყო იეჰოვას მოწმე, თქვა: „შემდეგ პროექტზე მუშაობა ძალიან გამიჭირდება, რადგან სამუშაო პროცესი არ იქნება ისეთი სასიამოვნო, როგორიც თქვენს ფილიალში“.