არჩეულ მასალაზე გადასვლა

„თქვენი ვიდეოები მხატვრულ ფილმებს მირჩევნია!“

„თქვენი ვიდეოები მხატვრულ ფილმებს მირჩევნია!“

ყოველ წელს იეჰოვას მოწმეები კონგრესებისთვის ამზადებენ ვიდეოებს, რომელთა უმრავლესობაც ინგლისურ ენაზე იწერება. მაგრამ რა კეთდება იმისთვის, რომ ასობით სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებმა, რომლებიც კონგრესებს ესწრებიან, მშობლიურ ენაზე უყურონ ამ ვიდეოებს? ამისათვის ისინი სხვადასხვა ენაზე ითარგმნება. რა გრძნობებს იწვევს გახმოვანებული ვიდეოები მსმენელებში?

შთაბეჭდილებები

მოდი გავიგოთ, რას ფიქრობენ ნანახ ვიდეოებზე ის დელეგატები, რომლებიც მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში გამართულ კონგრესებს დაესწრნენ.

  • „ფილმი ადვილი გასაგები იყო. მეტიც, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მეც ერთ-ერთი გმირი ვიყავი. ნანახი ძალიან შეეხო გულს“ (პოპოლუკურ ენაზე ჩატარებული კონგრესის დელეგატი, ვერაკრუსი, მექსიკა).

  • „ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს ქალაქში ვიყავი და ახლო მეგობარი მშობლიურ ენაზე მელაპარაკებოდა. ყველაფერი კარგად გავიგე. თქვენი ვიდეოები მხატვრულ ფილმებს მირჩევნია!“ (ნაუატლი ენაზე ჩატარებული კონგრესის დელეგატი, ნუევო-ლეონი, მექსიკა).

  • „ვუყურებდი ვიდეორგოლებს და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მე მელაპარაკებოდნენ“ (ჩოლი ენაზე ჩატარებული კონგრესის დელეგატი, ტაბასკო, მექსიკა).

  • „თქვენი ორგანიზაცია ზრუნავს, რომ ადამიანებმა საკუთარ ენაზე მოისმინონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მსგავსი ორგანიზაცია არსად მეგულება“ (კაკჩიკელი ენაზე ჩატარებული კონგრესის დელეგატი, სოლოლა, გვატემალა).

აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეები არ ქირაობენ გახმოვანებაზე მომუშავე სპეციალისტებს და ხშირ შემთხვევაში ჩაწერის პროცესი უბრალო და მოკრძალებულ პირობებში მიმდინარეობს. მაშ, როგორ ახერხებენ ისინი ვიდეოების ასე ხარისხიანად გახმოვანებას?

„ყველაზე სასიამოვნო საქმე“

გასულ წელს იეჰოვას მოწმეების ცენტრალური ამერიკის ფილიალმა ორგანიზება გაუწია იმას, რომ კონგრესის ვიდეოები ესპანურის გარდა კიდევ 38 ადგილობრივ ენაზე გახმოვანებულიყო. ამ საქმეში დაახლოებით 2 500 მოხალისე ჩაერთო. ტექნიკურმა პერსონალმა და ადგილობრივმა მთარგმნელობითმა ჯგუფებმა ვიდეოების გახმოვანებაზე იმუშავეს ფილიალში, მთარგმნელობით ოფისებსა და სხვა ადგილებში, სადაც და-ძმებმა დროებითი ჩამწერი სტუდიები მოაწყვეს. საერთო ჯამში, ვიდეოების გახმოვანება მიმდინარეობდა 20-ზე მეტ ადგილას ბელიზში, გვატემალაში, ჰონდურასში, მექსიკასა და პანამაში.

ცენტრალური ამერიკის ფილიალის ჩამწერი სტუდია

დროებითი ჩამწერი სტუდიების მოწყობას დიდი ძალისხმევა და მოხერხებულობა სჭირდებოდა. ხმის ჩასახშობად და-ძმებმა ყველაფერი გამოიყენეს, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ, მათ შორის საბნები და ლეიბები.

ბევრმა ხელმოკლე და-ძმამ, ვისაც ვიდეოები ადგილობრივ ენაზე უნდა გაეხმოვანებინა, დიდი მსხვერპლი გაიღო უახლოეს ჩამწერ სტუდიამდე მისასვლელად. ზოგიერთ მათგანს 14 საათი მოუწია მგზავრობა. იყო შემთხვევა, როცა მამა-შვილმა დაახლოებით 8 საათი იარა ფეხით სტუდიამდე.

ნაომი იზრდებოდა ოჯახში, რომელიც დროებით ჩამწერ სტუდიებს აწყობდა. ის სიამოვნებით იღებდა მონაწილეობას ამ საქმეში. ნაომი იხსენებს: „ერთი სული გვქონდა, როდის დაიწყებოდა ვიდეოების ჩაწერა. მამა მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ ყველაფერი მზად ყოფილიყო. დედა კი დაახლოებით 30-კაციანი ჯგუფებისთვის სადილს ამზადებდა ხოლმე“. დღეს ნაომი მექსიკაში ერთ-ერთ მთარგმნელობით ოფისში მოხალისედ მუშაობს. ის ამბობს: „უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ მთელ ჩემს დროს ვუძღვნი ღირებულ საქმეს; ვეხმარები ადამიანებს, რომ ბიბლიური ცნობა საკუთარ ენაზე მოისმინონ. ეს ყველაზე სასიამოვნო საქმეა, რაზეც კი ოდესმე შემეძლო მეოცნება“.

იეჰოვას მოწმეების ყოველწლიური კონგრესები მთელ მსოფლიოში ტარდება. მათზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ-გვერდის განყოფილება „კონგრესები“.