არჩეულ მასალაზე გადასვლა

პარიზში იეჰოვას მოწმეებმა სპეციალური კამპანია წამოიწყეს

პარიზში იეჰოვას მოწმეებმა სპეციალური კამპანია წამოიწყეს

2015 წლის 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით პარიზში კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონფერენცია ჩატარდა (COP21). კონფერენციას დაესწრო 195 ქვეყნიდან ჩამოსული დაახლოებით 38 000 დელეგატი, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლები, მეცნიერები, გარემოს დამცველები და ბიზნესმენები. მათ იმის შესახებ იმსჯელეს, თუ როგორ არის შესაძლებელი ადამიანის გავლენის შემცირება კლიმატის ცვლილებაზე. კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გასაგებად ათი ათასობით ადამიანმა საინფორმაციო სააგენტოებს მიმართა.

მართალია, იეჰოვას მოწმეებს კონფერენციაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ გარემოს დაცვის საკითხი არ აღელვებდათ. პარიზში ასობით იეჰოვას მოწმე ჩაერთო სპეციალურ კამპანიაში და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგატებს ბიბლიურ იმედს უზიარებდა იმის შესახებ, რომ მალე ადამიანები დაუბინძურებელ დედამიწაზე ცხოვრებით გაიხარებენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ერთი იეჰოვას მოწმე ტრადიციულ სამოსში გამოწყობილ პერუელ მამაკაცს გაესაუბრა. მამაკაცმა აღნიშნა, რომ მას ძალიან აღელვებს ჩვენი პლანეტის მომავალი, მიუხედავად იმისა, რომ ულამაზეს მთიან მხარეში ცხოვრობს და კარგი ჯანმრთელობაც აქვს. ამ მამაკაცზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიურმა იმედმა და იეჰოვას მოწმის თბილმა ღიმილმა. მან სიხარულით აიღო საკონტაქტო ბარათი, რომელზეც მითითებული იყო ვებ-გვერდის jw.org მისამართი.

ორი იეჰოვას მოწმე მატარებელში გაესაუბრა ამერიკელ ეკოლოგს. ის გააოცა იმის გაგებამ, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა ორგანიზაციამ (Green Building Initiative) იეჰოვას მოწმეებს ორჯერ გადასცა უმაღლესი ჯილდო, „Four Green Globes“ უოლკილში (ნიუ-იორკი, შეერთებული შტატები) განთავსებული ფილიალის ორი ახალი შენობის ეკოლოგიური დიზაინისა და მშენებლობისთვის. მანაც სიამოვნებით აიღო საკონტაქტო ბარათი.

სხვადასხვა ქვეყნის დელეგატებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გარემოს მიმართ მოწმეების გულწრფელმა ინტერესმა, ამიტომ ბევრმა მათგანმა სურვილი გამოთქვა, გასცნობოდა ჩვენს ვებ-გვერდს. ერთმა კანადელმა დელეგატმა, რომელმაც გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებმა მთავარი სამმართველოს მშენებლობის დროს უორიკში ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სიალიას (ჩიტის სახეობა) ბუდობისთვის ხელი არ შეეშალათ, ასეთი რამ თქვა: „პროფესიით ორნითოლოგი ვარ. დღეს გარემოს დაცვის სფეროში ვმუშაობ. არ ვიცოდი, იეჰოვას მოწმეები ასე თუ უფრთხილდებოდნენ ველურ ბუნებას. აუცილებლად წავიკითხავ თქვენს ლიტერატურას და თქვენს ვებ-გვერდსაც ვეწვევი“.