ეს ნამდვილად ღვთის საჩუქარია!
კლუჟ–ნაპოკა რუმინეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, რომელსაც „საგანძურის ქალაქს“ უწოდებენ. 2016 წლის 20—24 აპრილს ქალაქში ჩატარდა წიგნის ფესტივალი, რომელზეც იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიაში ნაპოვნი „საგანძური“ წარმოადგინეს. ამ ფესტივალზე მათ თავიანთი საგამოფენო კუთხე მოაწყვეს და გაესაუბრნენ ათასობით სტუმარს, რომლებიც დაინტერესდნენ ბიბლიებით, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებითა და ვიდეოებით.
გამოფენაზე ექსკურსიით რამდენიმე სკოლიდან მოსწავლეებიც იყვნენ მისული, რომლებიც მასწავლებლებმა მოწმეების საგამოფენო კუთხესთან მიიყვანეს. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ანიმაციური ფილმი სერიიდან „დაუმეგობრდი იეჰოვას“. ბევრმა მათგანმა სურვილი გამოთქვა, აეღო წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“ და ბროშურა „ასწავლეთ შვილებს“. ერთმა ქალბატონმა, რომელიც საბავშვო ბაღში მუშაობს, ასეთი რამ თქვა: „თქვენი ვებ-გვერდის [www.pr418.com] მისამართს ჩავიწერთ, რათა ბავშვებს ყველა ეს ანიმაციური ფილმი ვაჩვენოთ“.
მოზარდები აღაფრთოვანა გრაფიკულმა ანიმაციებმა, რომლებსაც მათ პლანშეტური მოწყობილობებით უჩვენებდნენ. განსაკუთრებით მოეწონათ გრაფიკული ანიმაციები: „სიყვარული თუ გატაცება?“, „ნუ გაებმები სოციალური ქსელის მახეში!“ და „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე“.
ერთი მართლმადიდებელი მღვდელი მეუღლესთან ერთად რამდენჯერმე მივიდა მოწმეების საგამოფენო კუთხესთან და ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ და რამდენიმე ბროშურა აიღო. მან აღნიშნა, რომ ბიბლიის ამ თარგმანში ძალიან მოეწონა „ბიბლიური სიტყვების საძიებელი“ და აღფრთოვანებული დარჩა უამრავი სანდო წყაროთი, რომლებიც ბიბლიის მთარგმნელებმა გამოიყენეს. მან თავისი ტელეფონის ნომერი დაუტოვა იეჰოვას მოწმეებს და სთხოვა, დაკავშირებოდნენ, რათა ბიბლიის შესახებ კვლავ ემსჯელათ.
მღვდლის ცოლმა მოწმეებს ჰკითხა, ვებ-გვერდზე jw.org სად უნდა მოეძია ინფორმაცია ბავშვებისთვის. მოწმეებმა მას უჩვენეს განყოფილება „ბავშვები“. შემდეგ მან უყურა ანიმაციურ ფილმს „ილაპარაკე სიმართლე“, და ძალიან მოეწონა. ამ ვიდეორგოლისა და ვებ-გვერდზე განთავსებული სხვა მასალის ნახვის შემდეგ მღვდელმა ასეთი სიტყვები თქვა: „ეს ნამდვილად ღვთის საჩუქარია!“.