ლაპლანდიაში ჩატარებული კამპანია წარმატებული აღმოჩნდა
ფინეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ საამები — ადგილობრივი მკვიდრები, რომელთაც თავიანთი კულტურა, ტრადიციები და ენები აქვთ. იეჰოვას მოწმეებმა, ორი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ საამი ხალხისთვის ბიბლიური ცნობა გადაეცათ.
თავდაპირველად, 2015 წლის შემოდგომაზე მოწმეებმა საამი ენაზე ბიბლიური ლიტერატურისა და ვიდეოების გამოცემა დაიწყეს. a შემდეგ, 2016—2017 წლებში, მათ ორი სპეციალური კამპანია მოაწყვეს შორეულ ლაპლანდიაში — სადაც უამრავი ირემი ბინადრობს — რათა საამი ხალხისთვის მათ ენაზე ნათარგმნი ბიბლიური ლიტერატურა შეეთავაზებინათ.
„ფასდაუდებელი შრომა“
2017 წლის მაისში, სპეციალური კამპანიის დროს, ფინეთიდან, ნორვეგიიდან და შვედეთიდან 200-ზე მეტი მოხალისე გაემგზავრა ლაპლანდიის პატარა სოფლებში, რომლებიც ათასობით კვადრატულ კილომეტრზეა გაშლილი. ზოგიერთმა იეჰოვას მოწმემ საამი ენაზე რამდენიმე ფრაზა ისწავლა, რითაც საამი ხალხის გული მოიგო. დენისი, რომელიც კარიგასნიემში ერთ-ერთი მოხალისე იყო, აღნიშნავს: „ადგილობრივები ძალიან გაახარა იმის დანახვამ, რომ ვცდილობდით მათ ენაზე რამდენიმე სიტყვა მაინც გვეთქვა; მათ დაინახეს, რომ გულწრფელად ვიყავით მათით დაინტერესებულები“.
საამი ხალხს ძალიან უყვარს ბუნება და ცხოველები. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბიბლიაში ჩაწერილმა დაპირებამ, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება (ფსალმუნი 37:11). მაგალითად, როცა ერთმა საამი ქალბატონმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო ბროშურიდან „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ და გაიგო, თუ რას გააკეთებს ღმერთი ადამიანებისთვის მომავალში, გაოცდა, რადგან დედამიწაზე სამოთხის შესახებ მის მღვდელს არასოდეს არაფერი უთქვამს.
ბევრმა გამოთქვა მადლიერება იეჰოვას მოწმეების მიმართ. ერთმა მაღაზიის პატრონმა ორი მოწმე შეაქო და უთხრა, რომ ისინი იქ მცხოვრები ხალხისთვის ფასდაუდებელ შრომას ეწეოდნენ. მან აგრეთვე მოწმეები თავის მაღაზიაში დაპატიჟა და საჭირო საკვები უფასოდ გაატანა.
კამპანიის დროს მოწმეებმა საამი ხალხს დაახლოებით 180 ვიდეო უჩვენეს და 500-ზე მეტი პუბლიკაცია დაურიგეს. ხშირად ადგილობრივები თავიანთ ენაზე არსებულ ყველა პუბლიკაციას ითხოვდნენ. 14-მა მათგანმა სურვილი გამოთქვა, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაეწყო.
„თარგმანი პროფესიონალების შესრულებულია“
საამი ენაზე მოლაპარაკე რამდენიმე ადამიანმა, რომლებმაც თავიანთ ენაზე წაიკითხეს პუბლიკაციები, აღნიშნეს, რომ ისინი ძალიან კარგად იყო ნათარგმნი. ნილა ტაპიოლა, რომელიც სკოლის მასწავლებელი და საამის პარლამენტის აღმასრულებელი საბჭოს წევრია, აღნიშნავს: „თქვენი პუბლიკაციები უდავოდ მაღალ დონეზეა ნათარგმნი; ისინი ადვილად გასაგები და ლინგვისტურად გამართულია“. ერთმა საამი მამაკაცმა, რომელიც ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს, თქვა: „თარგმანი პროფესიონალების შესრულებულია“.
ფინეთისა და ნორვეგიის საზღვართან კარიგასნიემში მოწმეებმა ერთ საამი მასწავლებელთან განიხილეს ბროშურის „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ პირველი გაკვეთილი. თარგმანის ხარისხით გაოცებულმა მასწავლებელმა მოწმეებს სთხოვა, თუ შეეძლო, რომ ბროშურა სკოლაში გამოეყენებინა, რათა სხვებისთვის საამი ენა ესწავლებინა.
საამი ენაზე რამდენიმე ვიდეო, ბუკლეტი და ერთი ბროშურა გადაითარგმნა. ხოლო 2016 წლის 29 თებერვალს ვებგვერდს JW.ORG საამი ენა დაემატა. ყოველთვიურად საამი ენაზე მოლაპარაკე ხალხი ამ ვებგვერდს დაახლოებით 400-ჯერ სტუმრობს და 350-მდე ვიდეო და აუდიო ფაილებს ტვირთავს.
სპეციალურმა კამპანიამ დიდი სიხარული მიანიჭა არა მარტო საამი ენაზე მოლაპარაკე ხალხს, არამედ იმ მოხალისეებსაც, ვინც ამ კამპანიაში მონაწილეობა მიიღო. ჰენრიკმა და ჰილჯა-მარიამ, რომლებიც უცჯოკში მოხალისედ გაემგზავრნენ, აღნიშნეს: „ადგილობრივებმა დაინახეს, რომ ბიბლია მრავალმხრივ პრაქტიკული წიგნია“. ლაურიმ და ინგამ, რომლებმაც იმავე ტერიტორიაზე იმსახურეს, თქვეს: „ამ კამპანიამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ღმერთი მიუკერძოებელია. გვიხარია, რომ ასეთ დაშორებულ ტერიტორიაზე შევძელით ხალხისთვის ღვთის სიყვარულის შესახებ მოგვეთხრო“.
a საამი (აგრეთვე ცნობილია, როგორც სამი) ენა რამდენიმე ჯგუფად იყოფა. „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ აღნიშნულია, რომ „ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ჩრდილოეთ საამის ენა, რომელზეც საამი ხალხის ორი მესამედი საუბრობს“. იეჰოვას მოწმეები თავიანთ ლიტერატურას სწორედ ჩრდილოეთ საამი ენაზე თარგმნიან. ამ სტატიაში გამოვიყენებთ სიტყვას „საამის“, იმ ენის აღსანიშნავად, რომელზეც უმრავლესობა საუბრობს.