მსოფლიო კამპანიის დროს JW.ORG-ს მრავალი გაეცნო
2014 წელს, აგვისტოში, იეჰოვას მოწმეებმა მსოფლიო მასშტაბით გაავრცელეს სპეციალური ბუკლეტი, რომელიც ფართო მასებს ვებ-გვერდს jw.org აცნობდა. შედეგად, ამ ვებ-გვერდს თითქმის 65 000 000-ჯერ ესტუმრნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 20 პროცენტით გაიზარდა. მთელ მსოფლიოში ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით თითქმის 10 000-მა ადამიანმა მოითხოვა ბიბლიის უფასო შესწავლა, რაც წინა თვესთან შედარებით 67 პროცენტით აღემატებოდა ბიბლიის შესწავლების მოთხოვნების რაოდენობას. ამ კამპანიის წყალობით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს დიდი დახმარება გაეწია.
დახმარება უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების მაძიებელთათვის
კამპანიის დროს კანადაში მცხოვრებ მადლენს ლიფტში ერთი იეჰოვას მოწმე შეხვდა, რომელმაც შესთავაზა ბუკლეტი, სათაურით „უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხები“. მადლენმა აღნიშნა, რომ წინა ღამით აივანზე მხურვალედ შესთხოვდა ღმერთს, რომ ასეთ კითხვებზე პასუხების პოვნაში დახმარებოდა. მანამდე არაერთ ეკლესიას მიმართა თხოვნით, რომ ბიბლია ესწავლებინათ მისთვის, თუმცა ამაოდ. ამ შეხვედრიდან მალევე მადლენმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო მოწმეებთან.
დახმარების აღმოჩენა მათთვის, ვინც ჯერ არ გასცნობია ბიბლიას
ფილიპინებში მცხოვრები როვენა სწრაფი კვების ობიექტთან ერთ ჩინელ მამაკაცს გამოელაპარაკა. როვენამ მას ბუკლეტი შესთავაზა და თან აუხსნა, რომ იეჰოვას მოწმეები ხალხს სრულიად უფასოდ ბიბლიის შესწავლაში ეხმარებიან.
როგორც აღმოჩნდა, ამ კაცს ბიბლია აქამდე არასდროს ენახა. მათ შორის შემდგარმა საუბარმა მას უბიძგა, იეჰოვას მოწმეების კონგრესს დასწრებოდა. კონგრესის შემდეგ მან მოწმეებს უთხრა, რომ უფრო მეტის გაგება სურდა ღვთის სიტყვის შესახებ და ბიბლიის ჩამოტვირთვას აპირებდა ვებ-გვერდიდან.
დახმარება სმენადაქვეითებულთათვის
ესპანეთში ერთი ძმა, გუილერმო, რომელიც სმენადაქვეითებულია, კამპანიის პერიოდში თავის თანასკოლელს, ხორხეს შეხვდა. ხორხემ, რომელიც ასევე სმენადაქვეითებულია, მას უთხრა, რომ სულ ახლახან დედა დაეღუპა; საუბრის დროს ისიც აღნიშნა, რომ ბევრ კითხვაზე პასუხს ვერ პოულობდა და ეჭვები გულს უღრღნიდა. გუილერმომ მას იმ თვეში გასავრცელებელი ბუკლეტი შესთავაზა და აუხსნა, თუ როგორ შეეძლო ვებ-გვერდზე jw.org ინფორმაცია ჟესტურ ენაზე მოეძია და იმ უამრავ კითხვაზე მიეღო პასუხი, რომლებიც მოსვენებას უკარგავდა. ხორხე მან სამეფო დარბაზში კრების შეხვედრაზეც დაპატიჟა. ის მივიდა სამეფო დარბაზში და იმ დღიდან მოყოლებული არცერთი შეხვედრა არ გაუცდენია მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლიდან დარბაზამდე 60 კილომეტრია გასავლელი.
დახმარება მიუვალ ადგილებში მცხოვრებთათვის
გრენლანდიაში ორი წყვილი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, საქადაგოდ ერთ პატარა დასახლებაში წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თანაც პატარა ნავით 6 საათი უნდა ემგზავრათ, ისინი მაინც მზად იყვნენ, იქ მცხოვრები 280 მოსახლის ყურამდე მიეტანათ სასიხარულო ცნობა. ქადაგების დროს მათ არაერთი ბუკლეტი გაავრცელეს და იქაურებს გრენლანდიურ ენაზე უჩვენეს ვიდეორგოლი, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდს აცნობს ხალხს. მათ აგრეთვე ბიბლიის შესწავლა დაიწყეს ერთ წყვილთან, რომელთანაც ახლა კვირაში ორჯერ ტელეფონით ატარებენ შესწავლას.
მოწმეები მხოლოდ გრენლანდიის პატარა სოფლებში როდი ქადაგებდნენ. მათ ნიკარაგუაში, კარიბის ზღვის სანაპიროსთან გაუვალ ტყეებში მცხოვრებ მაიანგნა ენაზე მოლაპარაკე ხალხსაც მიაწვდინეს ხმა და ბუკლეტები დაურიგეს. დასახლებულ პუნქტებამდე რომ მიეღწიათ, ჯერ დანჯღრეული ავტობუსით ოღროჩოღრო გზაზე 20 საათი უნდა ემგზავრათ, შემდეგ კი ფეხით 11 საათი ევლოთ გზებზე, სადაც ზოგან მუხლებამდე ტალახი იყო. მოსახლეობა გაოცებას და სიხარულს ვერ მალავდა, როცა მოწმეები მაიანგნა ენაზე ბუკლეტებს ურიგებდნენ და ვიდეორგოლს უჩვენებდნენ.
ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკული ტყის შუაგულში მდებარე ერთ პატარა დასახლებაში ერთმა მოწმემ, ესტელამ ბუკლეტი შესთავაზა მამაკაცს, რომელიც ამ სოფლის გავლით სადღაც მიდიოდა. კაცმა კი გამოართვა მას ბუკლეტი, მაგრამ მაშინვე ჯიბეში ჩაიდო და დიდი ინტერესი არ გამოუვლენია. როცა სახლში ბრუნდებოდა, მისი ნავის ძრავა მწყობრიდან გამოვიდა და ნავი შუა მდინარეში გაჩერდა. ამასობაში, სანამ დახმარებას მიიღებდა, ამ კაცმა ჯიბიდან ბუკლეტი ამოიღო და წაიკითხა. იგი მობილურის მეშვეობით მითითებულ ვებ-გვერდზე, jw.org-ზე შევიდა, სადაც რამდენიმე სტატია წაიკითხა და ვიდეორგოლებიც გადმოწერა. რამდენიმე დღის შემდეგ ეს კაცი ესტელას მეუღლეს შეხვდა და მის ცოლს მადლობა შეუთვალა ბუკლეტისთვის. მან საუბრის დროს აღნიშნა: „ამ სტატიებმა, რომლებიც მაშინ წავიკითხე, როცა ნავში ვიჯექი და დახმარებას ველოდი, ნამდვილად დიდი სიმშვიდე მომგვარა. ჩემს შვილებს ძალიან შეუყვარდათ მათეს ვიდეოები. მე კვლავაც არაერთხელ ვესტუმრები თქვენს ვებ-გვერდს“.