არჩეულ მასალაზე გადასვლა

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 136-ე კლასის გამოშვება

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 136-ე კლასის გამოშვება

2014 წლის 8 მარტს, შაბათს, ხუთთვიანი ინტენსიური სწავლების კურსის დასრულების შემდეგ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 136-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა გაიმართა. ეს სკოლა მსახურებაში გამოცდილ იეჰოვას მოწმეებს ამზადებს იმისთვის, რომ უფრო კარგად გაართვან თავი თავიანთ დავალებებს და თანაქრისტიანების რწმენაც განამტკიცონ. პროგრამა მთლიანობაში 11 548 კაცმა მოისმინა. ეს პროგრამა იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო ცენტრში, პატერსონში (ნიუ-იორკი) ჩატარდა; ამერიკის სხვა ქალაქებსა თუ შტატებში, კანადაში, იამაიკაზე და პუერტო-რიკოში კი პროგრამის ვიდეოტრანსლაცია მიმდინარეობდა.

„ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს!“ იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, დეივიდ სპლეინმა, რომელიც პროგრამას უძღვებოდა, თავისი შესავალი სიტყვა ფილიპელების 2:5—7-ზე დააფუძნა, სადაც ვკითხულობთ: „ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“. დედამიწაზე ყოფნის დროს იესო თავის მდგომარეობაზე კი არ ფიქრობდა, არამედ თავმდაბლად ასრულებდა ღვთის დავალებას.

მაგალითად, თითოეულ შემთხვევაში, როცა ეშმაკი იესოს შეცდენას ცდილობდა, ღვთის ძე ასე პასუხობდა: „დაწერილია“ და შემდეგ ციტირებდა იმ სიტყვებს, რომლითაც მოსემ მიმართა ისრაელ ერს (მათე 4:4, 7, 10; კანონი 6:13, 16; 8:3). იესოს, როგორც ღვთის ცხებულ ძეს, თავისუფლად შეეძლო არ მოეშველიებინა მოსეს სიტყვები და თავად გაეცა სატანისთვის საკადრისი პასუხი, მაგრამ მან თავმდაბლობა გამოიჩინა და ასეთი მოქმედებით ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი საქმე შეასრულა მოსემ. მსგავსად ამისა, ჩვენც უნდა შეგვეძლოს სხვისი ნიჭისა თუ უნარის დანახვა და არ უნდა დავიშუროთ მათთვის საქებარი სიტყვები.

ძმა სპლეინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ იესომ დედამიწაზე თავისი მსახურების ბოლომდე სწორი ხედვა შეინარჩუნა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან ზეციერ მამას ასეთი სიტყვებით მიმართა: „მე განგადიდე დედამიწაზე, დავასრულე საქმე, რომლის გაკეთებაც დამავალე. ახლა კი, მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც შენთან მქონდა ქვეყნიერების შექმნამდე“ (იოანე 17:4, 5). იესო საკუთარ დიდებას არ ეძებდა და გულშიც არ გაუვლია იმაზე მეტის მიღება, რაც დედამიწაზე მოსვლამდე ჰქონდა. ერთადერთი, რაც მას სურდა, ის იყო, რომ როდესაც ზეცაში დაბრუნდებოდა, ღმერთს მისთვის თავდაპირველი მდგომარეობა დაებრუნებინა. „გალაადის“ კურსდამთავრებულებმა უნდა მიჰბაძონ იესოს და თავიანთ მდგომარეობაზე კი არ უნდა იფიქრონ, არამედ მთელი ყურადღება დავალების შესრულებაზე გადაიტანონ; ამასთან, კმაყოფილები უნდა იყვნენ მაშინაც კი, თუ კვლავაც ძველი დავალების შესრულება მოუწევთ და დამატებით პასუხისმგებლობებს არ მიიღებენ.

„გაიღე მსხვერპლი სინანულის გარეშე!“ უილიამ მალენფანტმა, რომელიც ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტთან თანამშრომლობს, კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ პავლე მოციქულის მსგავსი თავგანწირული სულისკვეთება გამოევლინათ. პავლე წარსულს არ მისტიროდა და ასეთ სიტყვებს ამბობდა: „ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა, და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის, ვისწრაფვი მიზნისკენ“ (ფილიპელები 3:13, 14).

თუ კურსდამთავრებულები ყოველთვის სინანულის გარეშე გაიღებენ მსხვერპლს, ისინი როგორც ძველ, ისე თანამედროვე დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებს მიჰბაძავენ. ძმა უილიამმა ერთი დის, კლარა გერბერ-მოიერის სიტყვები გაიხსენა, რომელიც პატარაობიდან ემსახურებოდა ღმერთს. ეს და ასეთ რამეს წერდა: „ღვთის მსახურებაში 80 წელი გავლიე. წარსულზე ფიქრისას გული სიხარულით მევსება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს ვნანობ! ცხოვრების ახლიდან დაწყება რომ შემეძლოს, კვლავ ამ გზას ავირჩევდი!“.

„ვქადაგებთ ანგელოზებთან ერთად და მათსავით მაცნეებად ვმსახურობთ“. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა გერიტ ლოშმა კურსდამთავრებულების საყურადღებოდ აღნიშნა, რამხელა პატივი ხვდათ წილად მათ, ვინც სამქადაგებლო საქმეშია ჩაბმული. ისინი ანგელოზების მსგავსად, ღვთის მაცნეებად მსახურობენ და ხალხს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უზიარებენ, რადგან როგორც ვიცით, ბიბლიაში „ანგელოზად“ ნათარგმნ ებრაულ და ბერძნულ სიტყვას „მაცნის“ მნიშვნელობაც აქვს. ისიც აღინიშნა, რომ ისინი სასიხარულო ცნობას სულიერი ქმნილებების, ანგელოზების ხელმძღვანელობით ქადაგებენ, როგორც ამას მოწაფე ფილიპეს შემთხვევაც ადასტურებს (საქმეები 8:26—35).

ძმა ლოშმა რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, რომელიც იეჰოვას მოწმეებს მსახურების დროს გადახდათ თავს. მაგალითად, ერთი მექსიკელი იეჰოვას მოწმე, გაბინო, ჩვეულებრივ, ქადაგების დროს კარზე მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ აკაკუნებს, მაგრამ ერთხელ, როცა ორჯერ დაკაკუნების შემდეგ არავინ გააღო კარი, მან კიდევ ორჯერ დააკაკუნა. ამის შემდეგ კარი ერთმა კაცმა გააღო, რომელმაც გაბინოს უთხრა, რომ ზუსტად იმ მომენტში სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებას აპირებდა. „კარზე მეოთხედ რომ დამიკაკუნეთ, — თქვა მან. — თავი ყულფში მქონდა გაყოფილი. მაგრამ თქვენი დაჟინებულობის გამო კარის გაღება გადავწყვიტე. დიდი მადლობა, რომ არ შეწყვიტეთ კაკუნი. ასე რომ არ მოქცეულიყავით, ახლა ცოცხლებში აღარ ვიქნებოდი“.

შეიძლება ზოგჯერ ასეთი სიტუაციები შემთხვევითობას მივაწეროთ, მაგრამ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტწილად ეს ასე არ არის. ასეთი შემთხვევები იმის დასტურია, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას ღვთის ანგელოზები ხელმძღვანელობენ (გამოცხადება 14:6).

„ღირსეულთ კურთხევები არ მოაკლდებათ!“ „გალაადის“ სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა მაიკლ ბარნეტმა იაბეცის მაგალითი მოიყვანა, რომელიც იუდას შთამომავალი იყო და „თავის ძმებზე პატივდებულად“ ითვლებოდა. იაბეცი ღმერთს ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „თუ მაკურთხებ, თუ განავრცობ ჩემს მიწას, თუ შენი ხელი იქნება ჩემთან, თუ დამიფარავ უბედურებისგან ... “ (1 მატიანე 4:9, 10).

კურსდამთავრებულებს შეუძლიათ მიჰბაძონ ღირსეულ მამაკაცს, იაბეცს და მასავით კონკრეტულად ილოცონ; განსაკუთრებით კი იმაზე უნდა ილოცონ, რომ შეძლონ „გალაადში“ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება. მათ შეუძლიათ ისიც სთხოვონ ღმერთს, რომ დაიცვას ისინი უბედურებისგან; თუმცა ასეთ დროს იმას კი არ უნდა ელოდნენ, რომ ღმერთი მათ საერთოდ აარიდებს თავიდან განსაცდელებს, არამედ იმას, რომ მისცემს ძალას, რათა დარდმა არ შთანთქას ისინი და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნენ. როგორც იაბეცის ლოცვა არ დატოვა უპასუხოდ ზეციერმა მამამ, ასევე არ დატოვებს უპასუხოდ „გალაადის“ კურსდამთავრებულთა ლოცვას.

„მუდამ ანთებულები იყავით!“ შემდეგი მოხსენებით აუდიტორიის წინაშე წარდგა „გალაადის“ კიდევ ერთი მასწავლებელი მარკ ნიუმარი, რომელიც აგრეთვე სასწავლო კომიტეტს ეხმარება. მან მოხსენება 1 თესალონიკელების 5:16—19-ზე დააფუძნა. როგორც მან აღნიშნა, ცეცხლი რომ არ ჩაქრეს, საწვავი ნივთიერება, ჟანგბადი და სიმხურვალეა საჭირო. მსგავსად ამისა, კურსდამთავრებულებსაც სამი რამ სჭირდებათ იმისთვის, რომ არ ჩაქრნენ და კვლავაც ანთებულებმა იმსახურონ.

პირველ რიგში, მათ ამაში 1 თესალონიკელების 5:16-ში ჩაწერილი სიტყვების გათვალისწინება დაეხმარებათ. ამ მუხლში ვკითხულობთ: „ყოველთვის ხარობდეთ“. სიხარული საწვავითაა და თუ კურსდამთავრებულები კარგად გააცნობიერებენ, რამხელა ბედნიერებაა იეჰოვას კეთილგანწყობის დამსახურება, ეს უდავოდ დიდ სიხარულს მოუტანს მათ, რაც დაეხმარებათ, აენთონ მსახურებაში და მთელი გულით იქადაგონ. გარდა ზემოხსენებულისა, აუცილებელია „განუწყვეტელი ლოცვაც“ (1 თესალონიკელები 5:17). ლოცვა ჟანგბადივითაა, რომელიც ცეცხლს აალებს. ჩვენც გვჭირდება „ჟანგბადი“, რომ არ ჩავქრეთ და ყოველთვის ანთებულები ვიყოთ ღვთის მსახურებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი დრო უნდა დავუთმოთ ლოცვას და გული გადმოვუღვაროთ იეჰოვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია მადლიერების გამოვლენაც, რადგან ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს: „ყველაფრისთვის მადლობლები იყავით“ (1 თესალონიკელები 5:18). მადლიერებით აღვსილი გული გვაახლოებს იეჰოვასთან და და-ძმებთან; შედეგად, ჩვენსა და მათ შორის ურთიერთობა თბება. ძმა ნიუმარმა ყველას მოუწოდა: „ნურასდროს იქნებით კრიტიკული, არამედ ყოველთვის იყავით მადლიერები და განიმსჭვალეთ თბილი გრძნობებით, რასაც ვერასდროს გაანელებს კრიტიკით მონაბერი ცივი ჰაერი“.

„ზეცა ღვთის დიდებას აუწყებს, შენც განადიდე ღმერთი!“ სემ რობერსონმა, რომელიც თეოკრატიული სკოლების განყოფილებაში მსახურობს, შესავალი სიტყვები ბიბლიურ მუხლებზე დააფუძნა, სადაც საუბარია, რომ მზე, მთვარე და ვარსკვლავები ხოტბას ასხამენ და განადიდებენ იეჰოვას, თავიანთ შემოქმედს (ფსალმუნი 19:1; 89:37; 148:3). მან აღნიშნა, რომ კურსდამთავრებულებსაც არაერთხელ მიეცათ იმის შესაძლებლობა, რომ განედიდებინათ იეჰოვა. ამის შემდეგ მან სთხოვა მათ, რომ ინსცენირებების სახით წარმოედგინათ ის შემთხვევები, რომლებიც სკოლაში სწავლის პერიოდში ჰქონდათ. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანს ასეთი შემთხვევა ჰქონდა: ერთხელ, მანქანით რომ მიდიოდა, ერთ მამაკაცს, რომელიც ინვალიდის სავარძელში იჯდა და ქუჩაზე გადადიოდა, გზა დაუთმო. ამ მამაკაცმა მადლობა გადაუხადა ჩვენს ძმას. მისმა ასეთმა ჟესტმა არც ძმა დატოვა გულგრილი. შედეგად, მათ შორის საინტერესო საუბარი შედგა და ბოლოს მამაკაცი ჩვენს ძმას ბიბლიის შესწავლაზეც დასთანხმდა. შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ძმა ამ მამაკაცთან შესწავლაზე რომ მიდიოდა, მის რამდენიმე ახლობელსაც უქადაგა. საბოლოოდ, კიდევ შვიდმა ადამიანმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა.

„ღვთიური განათლება ძალას შეგმატებთ!“ დონალდ გორდონმა, რომელიც საგამომცემლო კომიტეტს უწევს დახმარებას, ინტერვიუ აიღო ორი კურსდამთავრებული წყვილისგან. ერთმა ძმამ გაიხსენა, რომ სწავლის პერიოდში არაერთხელ გაესვა ხაზი ეფესოელების 3:16—20-ში ჩაწერილ აზრებს. ეს მოსწავლეებს დაეხმარა იმის დანახვაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, იყვნენ თავმდაბლები, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სხვებმა მათთან თავისუფლად იგრძნონ თავი და კარგად გააცნობიერონ, რომ იეჰოვას თითოეული თავისი მოწმისთვის ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს; თუ ისინი ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ, სულიერად უფრო გაძლიერდებიან. ერთმა დამ გაიხსენა, როგორ გაამხნევა მოსწავლეები „გალაადის“ ერთმა მასწავლებელმა. მან ისინი თევზებს შეადარა; დიდ თევზს პატარა აკვარიუმში არანაირი გასაქანი არ ექნება, რომ გაიზარდოს, ამიტომ მან მოსწავლეებს მოუწოდა, ყოფილიყვნენ პატარა თევზებივით და, ასე ვთქვათ, თვალუწვდენელ ოკეანეში ეცურათ, სადაც ყოველთვის ექნებოდათ ზრდის შესაძლებლობა. ამ დამ აღნიშნა: „ამ შედარებამ ის მასწავლა, რომ თუ იეჰოვას ორგანიზაციაში უმცირესი ვიქნები, იეჰოვა სულიერ ზრდაში დამეხმარება“.

„სასიკეთოდ გამიხსენე, იეჰოვა“. ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, მარკ სანდერსონი აუდიტორიის წინაშე მთავარი მოხსენებით წარდგა. მან თავისი მოხსენება იმ სიტყვებზე დააფუძნა, რომლებიც ნეემიამ ლოცვის დროს წარმოთქვა: „სასიკეთოდ გამიხსენე, ჩემო ღმერთო“ (ნეემია 5:19; 13:31). ნეემიას იოტისოდენა ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვა არ დაივიწყებდა მას ან მის მიერ გაწეულ ღვაწლს ღვთის მსახურებაში. პირიქით, ის სთხოვდა ღმერთს, რომ სიყვარულით გაეხსენებინა და ეკურთხებინა.

ნეემიას მსგავსად, კურსდამთავრებულებსაც ეჭვი არ უნდა შეეპაროთ, რომ იეჰოვა მათაც სასიკეთოდ გაიხსენებს, თუ გამოიყენებენ „გალაადის“ სკოლაში ნასწავლს. მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ პირველ რიგში იეჰოვასადმი სიყვარული უნდა აღძრავდეთ, რომ ღმერთს სცენ თაყვანი და მას ემსახურონ (მარკოზი 12:30). აბრაამს მთელი გულით უყვარდა იეჰოვა და სწორედ ამით დაამახსოვრა ღმერთს თავი. მისი სიკვდილიდან საუკუნეების შემდეგაც კი ღმერთი აბრაამს თავის მეგობრად მოიხსენიებდა (ესაია 41:8).

ამის შემდეგ ძმა სანდერსონმა კურსდამთავრებულებს შეახსენა, რომ ჰყვარებოდათ მოყვასი, განსაკუთრებით კი ქრისტიანი და-ძმები (მარკოზი 12:31). კეთილი სამარიელის მსგავსად, რომელიც „ყაჩაღების ხელში ჩავარდნილისთვის“ მოყვასი გახდა, მათაც უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და დახმარების ხელი გაუწოდონ ყველას (ლუკა 10:36). ამ აზრის უკეთ დასანახვებლად მან ერთი ჩვენი ძმის, ნიკოლას კოვალეკის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ერთ დროს „გალაადის“ სკოლაში სწავლობდა და საოლქო ზედამხედველადაც კი მსახურობდა. ძმა კოვალეკმა ყველას იმით დაამახსოვრა თავი, რომ საოცრად თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. მან ერთხელ ერთ სარაიონო ზედამხედველსა და მის მეუღლეს, კვლავაც შემართებით რომ ემსახურათ, ასეთი რამ ურჩია: „ყოველთვის დილით ადრე, კვირის დასაწყისში, თვის პირველ რიცხვებში და წლის დასაწყისში დაიწყეთ მსახურება!“. რამდენიმე დღის მანძილზე ძმა ნიკოლასი ამ სარაიონო ზედამხედველის მეუღლეს აკვირდებოდა, რის შემდეგაც უთხრა: „დაივიწყე, რაც გითხარი; შენ ისედაც მძიმედ შრომობ! ცოტა ტემპი შეანელე, რომ კვლავაც გეყოს ძალა ღვთის მსახურებისთვის“. დიდი სითბოთი და თანაგრძნობით მიცემული ეს რჩევა დაეხმარა ამ დას, რომ კიდევ ათწლეულების მანძილზე ემსახურა სრული დროით.

ბოლოს ძმა მარკმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა, რომ არასდროს დავიწყებოდათ, თუ რას ემსახურებოდა ეს სასწავლო კურსი — ნასწავლი მათ სხვებისთვისაც უნდა გადაეცათ და ისინი ღირებული საქმეებისთვის მოემზადებინათ (2 ტიმოთე 2:2). როგორც ძმა მარკმა აღნიშნა, როდესაც ისინი თავიანთი დავალებების შესრულებას შეუდგებიან, მათი სულისკვეთება ყველასთვის გადამდები იქნება, ისინი გაამხნევებენ თანაქრისტიანებს და დაარწმუნებენ, რომ იეჰოვა სასიკეთოდ გაიხსენებს მათ (ფსალმუნი 20:1—5).

დასკვნა. მას შემდეგ, რაც კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ, ერთ-ერთმა მათგანმა კლასის სახელით მადლიერების წერილი წაიკითხა. თხუთმეტმა კურსდამთავრებულმა პროგრამის დასასრულს ხმებში იმღერა 123-ე სიმღერა „მწყემსები — ძღვენი ადამიანთა სახით“ წიგნიდან „უმღერეთ იეჰოვას“.