„საგუშაგო კოშკის“ სკოლა „გალაადის“ 138-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა
2015 წლის 14 მარტს პატერსონში (ნიუ-იორკი), იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო ცენტრში „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 138-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა შედგა. პროგრამა მთლიანობაში 14 000-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა, რომელთა შორის უმეტესობა ამ განსაკუთრებულ შეხვედრას სხვადასხვა ადგილიდან პირდაპირი ტრანსლაციით ადევნებდა თვალს. პროგრამა ოთხი ახალი სიმღერის მელოდიით დაიწყო, რომლებიც დამსწრეებმა მოგვიანებით იმღერეს. a
გამოსაშვებ პროგრამას იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ჯეფრი ჯექსონი უძღვებოდა. შესავალ სიტყვებში მან მოუწოდა სტუდენტებს, თავისთვის კი არ შეენახათ სკოლაში მიღებული ცოდნა, არამედ სხვების საკეთილდღეოდ გამოეყენებინათ (2 ტიმოთე 2:2).
ძმა ჯექსონმა მოსეს მაგალითი მოიყვანა; მან აღნიშნა, რომ გარკვეული დროის მანძილზე მოსეს კარავი ღვთის თაყვანისმცემლობის ცენტრად ითვლებოდა ისრაელი ერისთვის, მაგრამ მოგვიანებით სხვა კარავი აიგო და ის გახდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი. როგორც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, ამის შემდეგ მოსე ვეღარ შედიოდა შეხვედრის კარვის წმინდათაწმინდაში, რადგან ამის უფლება მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა. თუმცა ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, რომ მოსე უკმაყოფილო იყო ამ ცვლილებით. პირიქით, ის ერთგულად უჭერდა მხარს აარონს, როცა ის მღვდელმთავრად დაინიშნა (გამოსვლა 33:7—11; 40:34, 35). რას ვსწავლობთ მოსეს მაგალითიდან? „რა პასუხისმგებლობაც არ უნდა გქონდეთ, მთელი გულით დააფასეთ, მაგრამ არასდროს შეინახოთ ეს განძი თქვენთვის, არამედ გაუნაწილეთ სხვებს!“.
„ხომ არ დაგაფრთხობს ფოთლის შრიალი?“. ამ მოხსენებით აუდიტორიის წინაშე წარდგა ხელმძღვანელი საბჭოს სასწავლო კომიტეტის დამხმარე, კენეტ ფლოდინი. მან აღნიშნა, რომ სტუდენტები სხვადასხვა სიტუაციაში აღმოჩნდებიან — ზოგჯერ შეიძლება შეავიწროონ ან რთული დავალების შესრულება მიანდონ, რამაც შესაძლოა შეაშინოს ისინი. შემდეგ ძმა ფლოდინმა ლევიანების 26:36 მოიყვანა და დაარწმუნა სტუდენტები, რომ თუ მათთვის სირთულეები ისეთივე უმნიშვნელო იქნება, როგორც ფოთლის შრიალი, მაშინ ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავენ. მან ისაუბრა პავლე მოციქულის მაგალითზე, რომელიც ყოველთვის იეჰოვაზე იყო მინდობილი და ამის წყალობით მრავალ გამოწვევას გაუძლო (2 კორინთელები 1:8, 10).
მომდევნო მოხსენებით, „რას ეძებთ?“ გამოვიდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, მარკ სანდერსონი. მან აუდიტორიის წინაშე განიხილა პრინციპი, რომელიც იგავების 13:12-ია ჩაწერილი: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“. სამწუხაროდ, ბევრი მთელი ცხოვრება იმედგაცრუებულია, რადგან ისეთ მიზნებს ისახავს, რომლებსაც შესაძლოა ვერასდროს მიაღწიოს, მაგალითად, ვერასდროს მოიხვეჭოს სიმდიდრე და სახელი.
იესოს დღეებში ზოგს იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით არასწორი მოლოდინი ჰქონდა (ლუკა 7:24—28). ისინი შესაძლოა ისეთი ფილოსოფოსის გამოჩენას ელოდნენ, რომელიც ჩაუწვდომელი სწავლებებით აამებდა მათ ყურს. თუ ეს მართლაც ასე იყო, მათ იმედგაცრუება ელოდათ, რადგან იოანე მარტივ ჭეშმარიტებას ქადაგებდა. სხვები შესაძლოა ელოდნენ, რომ ის წარმოსადეგი და მდიდრული სამოსლით შემოსილი იქნებოდა, თუმცა იოანეს ისეთი სამოსი მოსავდა, როგორიც ღარიბებს. რაც შეეხება ხალხს, ვინც წინასწარმეტყველს ელოდა, ნამდვილად არ დარჩებოდა იმედგაცრუებული, რადგან იოანე არა მარტო წინასწარმეტყველი იყო, არამედ იესოს წინამორბედიც (იოანე 1:29).
ზემოხსენებული მაგალითის გამოყენებით ძმა სანდერსონმა ურჩია სტუდენტებს, ის ეძებონ, რაც ღვთისთვისაა მოსაწონი. ნაცვლად იმისა, რომ დიდი წარმოდგენა შეიქმნან საკუთარ თავზე ან განსაკუთრებულ მოპყრობას ელოდონ თავიანთი ახალი პასუხისმგებლობების გამო, სტუდენტები უნდა ეცადონ, სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვების საკეთილდღეოდ გამოიყენონ. ისინი ამას იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ ეცდებიან, ნასწავლი და-ძმებს გაუზიარონ, რწმენა განუმტკიცონ და მათდამი სიყვარული გამოავლინონ. ბოლოს ძმა სანდერსონმა მოუწოდა კურსდამთავრებულებს: „ეძებეთ შესაძლებლობები, თავმდაბლურად მოემსახუროთ და-ძმებს. ყველაფერი გააკეთეთ იეჰოვას ნების შესასრულებლად და არასდროს დარჩებით იმედგაცრუებული!“.
შემდეგი მოხსენებით „დააპურეთ მშიერ-მწყურვალნი!“ აუდიტორიის წინაშე ჯეიმზ კაუტონი წარდგა, რომელიც თეოკრატიული სკოლების განყოფილებაში მსახურობს. ძმა ჯეიმზმა აღნიშნა, რომ დღეს ხალხი სიყვარულსა და პატივისცემასაა მონატრებული. ეს თვით იესოსაც კი სჭირდებოდა, ამიტომ ნათლობის დროს იეჰოვამ მას თბილი სიტყვებით მიმართა (მათე 3:16, 17).
იეჰოვა გვაძლევს სხვების გამხნევების ძალას და მოელის კიდეც ჩვენგან, რომ ასე მოვიქცევით (იგავები 3:27). ისწავლეთ, სხვებში კარგი ეძებოთ და შემდეგ არ დაიშუროთ მათთვის საქებარი სიტყვები. გულწრფელი შექებით და-ძმებს დავარწმუნებთ, რომ მათი შრომა ფუჭი არ არის.
შემდეგი მოხსენება „ბოლო წვეთამდე დაიღვარე!“ წარმოადგინა სასწავლო კომიტეტის დამხმარემ, მარკ ნიუმარმა. მან პავლე მოციქულის მაგალითზე ისაუბრა და სტუდენტებს მოუწოდა, არ დაკმაყოფილებულიყვნენ აუცილებელი მინიმუმით, რადგან ნამდვილ სიხარულს მხოლოდ მაშინ იგრძნობდნენ, თუ პავლეს მსგავსად ბოლომდე დაიხარჯებოდნენ სხვებისთვის (ფილიპელები 2:17, 18).
სირთულეების პირისპირ ყოფნის დროსაც კი პავლე არ ნებდებოდა და განაგრძობდა წინსვლას. ის ბოლო წვეთამდე იღვრებოდა; პავლეს თვით სიკვდილამდეც კი არ დაუზოგავს თავი. ამიტომ მას თამამად შეეძლო ეთქვა: „სარბიელი ბოლომდე გავირბინე“ (2 ტიმოთე 4:6, 7). ძმა ნიუმარმა სტუდენტები წაახალისა, პავლეს მსგავსად ერთგულად დაეჭირათ მხარი სამეფოსთვის და მთელი გულით შეესრულებინათ თავიანთი დავალება.
შემთხვევები: პროგრამის ამ ნაწილში, რომელსაც „გალაადის“ კიდევ ერთი მასწავლებელი, მაიკლ ბარნეტი წაუძღვა, მოსწავლეებმა პატერსონში სწავლის დროს მსახურებაში თავს გადამხდარი შემთხვევები გაითამაშეს.
სტუდენტები ხელიდან არ უშვებდნენ ქადაგების შესაძლებლობას. ისინი სხვებს მათი „გულის ენაზე“ ანუ მშობლიურ ენაზე უქადაგებდნენ, რასაც არაერთი კარგი შედეგი მოჰყვა. მაგალითად, ერთ სტუდენტს უთხრეს, რომ იქ, სადაც ის აპირებდა ქადაგებას, ბევრ ესპანურენოვან ადამიანს შეხვდებოდა. ამიტომ, ერთხელაც მსახურებაში გასვლამდე მან აპლიკაციის, JW ენების დახმარებით რამდენიმე სიტყვა ისწავლა ესპანურ ენაზე. სწორედ ამ დღეს ის ქუჩაში ესპანურ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცს შეხვდა და მის ენაზე გამოელაპარაკა. შედეგად, ამ მამაკაცმა და მისი ოჯახის კიდევ ოთხმა წევრმა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს.
ინტერვიუები. ხელმძღვანელი საბჭოს სამსახურებრივი კომიტეტის დამხმარემ, უილიამ ტერნერმა ოთხი სტუდენტისგან აიღო ინტერვიუ. მათ ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე, რომელიც სკოლის გავლამდე ჰქონდათ და რომელიც სკოლაში სწავლისას შეიძინეს.
მათ სასწავლო პროგრამიდან ზოგიერთი გამამხნევებელი აზრი გაიხსენეს. ერთ-ერთმა მოსწავლემ აღნიშნა, რა ისწავლა ლუკას მე-10 თავში ჩაწერილი შემთხვევიდან. როგორც ამ შემთხვევიდან ვხედავთ, იესოს მიერ გაგზავნილი 70 მოწაფე მსახურებაში მიღწეული კარგი შედეგების გამო გახარებული დაბრუნდა. მოწაფეების სიხარულს იესოც შეუერთდა, თუმცა ისიც დაანახვა, რომ მხოლოდ მიღწეული შედეგების გამო არ უნდა ეხარათ. მათი სიხარულის უმთავრესი მიზეზი ის უნდა ყოფილიყო, რომ იეჰოვა აფასებდა მათ თავდაუზოგავ მსახურებას. ეს შეგვახსენებს, რომ ნამდვილი სიხარული ამა თუ იმ გარემოებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ იმაზე, იწონებს თუ არა იეჰოვა ჩვენს მსახურებას.
ძმა ტერნერმა ფილიპელების 1:6-ში ჩაწერილი სიტყვებით დაარწმუნა სტუდენტები, რომ იეჰოვამ „კარგი საქმე წამოიწყო“ მათში და ის კვლავაც მათ გვერდით იქნება.
პროგრამის წამყვანი მოხსენება „თვალი მიაპყარით იეჰოვას!“ ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა სამუელ ჰერდმა წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ ჩვენ არ ძალგვიძს პირდაპირი გაგებით იეჰოვას დანახვა. მაშ, როგორ შეგვიძლია თვალი მივაპყროთ მას?
ერთ-ერთი საშუალება, რაც იეჰოვას დანახვაში გვეხმარება, მის შემოქმედებაზე დაკვირვებაა. უფრო მეტიც, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, იეჰოვამ გაგვინათლა „გულის თვალები“ (ეფესოელები 1:18). თუ ყოველდღე ვიკითხავთ ბიბლიას, უფრო მეტს ვისწავლით იეჰოვაზე; და რაც უფრო მეტს ვისწავლით მასზე, მით მეტად დავუახლოვდებით მას.
გვინდა, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ სახარებებს, სადაც იესოს სიტყვებიდან და საქმეებიდან კარგად იკვეთება, როგორი პიროვნებაა იეჰოვა. იესო იმდენად ზუსტად ირეკლავდა იეჰოვას თვისებებს, რომ შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9).
ძმა ჰერდმა მოუწოდა აუდიტორიას, იესოს ცხოვრებაზე დაკვირვებით არა მხოლოდ დაენახათ, როგორი პიროვნებაა იეჰოვა, არამედ მიჰყოლოდნენ კიდეც მისი ძის ნაკვალევს. როგორც იესო არ იშურებდა ძალ-ღონეს სხვების დასაპურებლად, ჩვენც ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ის სულიერი საზრდო, რომელიც მივიღეთ, სხვებსაც გავუნაწილოთ.
რა იქნება შედეგი, თუ იეჰოვას მივაპყრობთ მზერას? ჩვენც შეგვიძლია ფსალმუნმომღერალივით დარწმუნებული ვიყოთ, რომელმაც დაწერა: „ყოველთვის თვალწინ მიდგას იეჰოვა. არ წავბორძიკდები“ (ფსალმუნი 16:8).
დასკვნა. დიპლომების გადაცემის შემდეგ კლასის სახელით ერთმა კურსდამთავრებულმა მადლიერების წერილი წაიკითხა. ბოლოს ძმა ჯეფრიმ კურსდამთავრებულებს მოუწოდა, არ ეფიქრათ, რომ რაღაც ახალი და განსაკუთრებული უნდა ესწავლებინათ სხვებისთვის. ისინი, ძირითადად, იმის შეხსენებაში დაეხმარებოდნენ და-ძმებს, რაც უკვე კარგად იცოდნენ. ძმა ჯეფრიმ მათ აგრეთვე ყურადღება გაუმახვილა თავმდაბლობის გამოვლენის აუცილებლობაზე. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავზე ან „გალაადში“ მიღებულ ცოდნაზე გააკეთონ დიდი აქცენტი, კურსდამთავრებულებმა ძირითადი ყურადღება ბიბლიასა და მასზე დაფუძნებულ პუბლიკაციებზე უნდა გადაიტანონ. ამგვარად კურსდამთავრებულები გულს კი არ გაუტეხენ თანაქრისტიანებს, რომელთაც შესაძლოა „გალაადში“ სწავლის შესაძლებლობა არასოდეს მიეცეთ, არამედ გაამხნევებენ და გაუზიარებენ იმ ცოდნას, რომელიც ამ სკოლაში მიიღეს. პროგრამამ ყველა გაამხნევა და აღძრა, კვლავაც გულანთებული ემსახურონ და-ძმებს.