ტაგალურ ენაზე ჩატარებული კონგრესი რომში — „დიდი ოჯახის თავშეყრა!“
2015 წლის 24—26 ივლისს რომში, რომელიც ფილიპინებიდან 10 000-ზე მეტი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, განსაკუთრებული კონგრესი ჩატარდა. ამ კონგრესზე ტაგალურ ენაზე მოლაპარაკე ათასობით იეჰოვას მოწმე შეიკრიბა.
ერთი გამოთვლის თანახმად, დღესდღეობით ევროპაში 850 000-ზე მეტი ფილიპინელი ცხოვრობს. ამან განაპირობა ის, რომ დღეს ევროპაში იეჰოვას მოწმეების დაახლოებით 60 კრება და პატარა ჯგუფია ტაგალურ ენაზე. ამ კრებების წევრები, თავის მხრივ, თავიანთ ტერიტორიებზე მცხოვრებ ფილიპინელებთან ქადაგებენ.
რომში ტაგალურ ენაზე პირველად ჩატარდა სამდღიანი კონგრესი, რომელსაც ეს კრებები და პატარა ჯგუფები დაესწრნენ. 3 239 დამსწრე განსაკუთრებით გაახარა თითოეული დღის ბოლო მოხსენებამ, რომლებიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, მარკ სანდერსონმა, წარმოთქვა. იგი ადრე ფილიპინებში მსახურობდა.
„მოსმენილი ღრმად შეეხო ჩემს გულს“
აქვს მნიშვნელობა კონგრესის პროგრამას მშობლიურ ენაზე მოისმენ თუ სხვა რომელიმე ენაზე, რომელიც იცი? „ცოტაოდენი ინგლისური ვიცი, მაგრამ მას შემდეგ, რაც კონგრესი ტაგალურ ენაზე მოვისმინე, ბიბლიური სწავლებები უფრო ღრმად შეეხო ჩემს გულს“, — ამბობს ესპანეთში მცხოვრები მარტოხელა დედა ევა. კონგრესზე გასამგზავრებელი და უკან დასაბრუნებელი თანხის დასაზოგად მან და მისმა ორმა შვილმა გადაწყვიტეს, თვეში ერთხელ ესადილათ კაფეში, სადაც ადრე ყოველკვირა სადილობდნენ ხოლმე. „თანხის დაზოგვა ნამდვილად ღირდა, რადგან კონგრესზე მოსმენილი თითოეული სიტყვა გავიგე“, — გვიზიარებს ევა.
გერმანიაში მცხოვრები იასმინი კონგრესზე დასასწრებად წინასწარ დაეთხოვა დამსაქმებელს. ის ჰყვება: „ბოლო წუთს რაღაც საქმე გამოჩნდა და მითხრეს, რომ ვეღარ გამათავისუფლებდნენ. შევეცადე, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, იეჰოვას ლოცვით მივმართე და უფროსთან მივედი. საბედნიეროდ, შევძელით საქმე ისე დაგვეგეგმა, რომ კონგრესზე წასვლა შემძლებოდა. ენით ვერ აღვწერ იმ სიხარულს, რაც მთელი ევროპიდან ჩამოსულ ფილიპინელ და-ძმებთან შეხვედრით განვიცადე.“
ბუნებრივია, ევროპაში მცხოვრებ ფილიპინელებს არა მარტო სამშობლო, არამედ ევროპის სხვადასხვა ნაწილში ემიგრირებული მეგობრებიც ენატრებათ. ამ კონგრესმა ძველი მეგობრები კვლავ შეახვედრა ერთმანეთს, ოღონდ ახლა უკვე როგორც სულიერი და-ძმები (მათე 12:48—50). ფაბრესი, რომელიც ამ კონგრესს დაესწრო, ამბობს: „ნაცნობების ნახვამ გული სიხარულით ამივსო.“ კონგრესის ბოლოს კი ერთმა დამ თავისი სიხარული ასე გამოხატა: „ეს მართლაც რომ დიდი ოჯახის თავშეყრა იყო!“