არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ამხნევებენ და-ძმებს რუსეთსა და უკრაინაში

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ამხნევებენ და-ძმებს რუსეთსა და უკრაინაში

„უსაზღვროდ დიდი სიყვარული ვიგრძენით!“. ასეთი სიტყვები წარმოთქვა ერთმა უკრაინელმა ქალმა მას შემდეგ, რაც მოისმინა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრის, სტივენ ლეტის მიერ წაკითხული გამამხნევებელი წერილი. ის ერთ-ერთი იყო იმ 165 000 იეჰოვას მოწმიდან, რომელმაც მოისმინა 2014 წლის 10, 11 მაისს მათ ქვეყანაში და-ძმების მონახულების დროს ძმა სტივენის მიერ წარმოთქმული სიტყვები.

ძმა სტივენ ლეტის მიერ წარმოთქმული ბიბლიაზე დაფუძნებული მოხსენებები და წერილი ხუთ ენაზე ითარგმნა და მთელი უკრაინის მასშტაბით დაახლოებით 700 სამეფო დარბაზში გადაიცა.

ამავე შაბათ-კვირას მარკ სანდერსონმა, რომელიც აგრეთვე ხელმძღვანელი საბჭოს წევრია, იგივე წერილი რუსეთში და-ძმების მონახულების დროსაც წაიკითხა. პროგრამა 14 ენაზე გადაითარგმნა და 180 413-მა და-ძმამ მოისმინა 2 500-ზე მეტი კრებიდან ბელორუსიასა თუ რუსეთში.

ხელმძღვანელი საბჭოს წერილი განკუთვნილი იყო რუსეთსა და უკრაინაში არსებული ყველა კრებისთვის. ძმა მარკმა წერილი რუსულად წაიკითხა. ამ ფაქტით აღფრთოვანებულმა რუსეთის ფილიალის წარმომადგენლებმა ასეთი სიტყვები მოიწერეს: „და-ძმებს გული გაუთბო იმან, რომ ხელმძღვანელი საბჭო ასეა დაინტერესებული მათით. თითოეულს ისეთი შეგრძნება დაგვეუფლა, თითქოს ხელმძღვანელმა საბჭომ გულში ჩაგვიკრა“.

ხელმძღვანელი საბჭოს ეს წერილი სწორედ იმ და-ძმების სანუგეშებლად და გასაძლიერებლად იყო განკუთვნილი, რომლებიც იქ ცხოვრობენ, სადაც პოლიტიკური არეულობაა. ამ წერილით და-ძმებს მოუწოდეს, რომ კვლავაც გამოეყონ ქვეყნიერებას და დარჩნენ ნეიტრალურები (იოანე 17:16).

ხელმძღვანელმა საბჭომ მიმართა და-ძმებს, რომ ლოცვების, პირადი შესწავლის და ღვთის სიტყვაზე ღრმა ფიქრის მეშვეობით იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ. დამსწრეებს აგრეთვე შეახსენეს, რომ რა გამოცდასაც არ უნდა შეხვდნენ, შეუძლიათ სჯეროდეთ, რომ ესაიას 54:17-ში ჩაწერილი იეჰოვას დანაპირები უსათუოდ შესრულდება. ამ მუხლში ვკითხულობთ: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“.

წერილი შემდეგი სიტყვებით სრულდებოდა: „ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხართ. ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ ყოველთვის ჩვენს ფიქრებში ხართ და ყოველთვის გულმხურვალედ ვევედრებით მამას თქვენ გამო“.

ამ მონახულების თაობაზე უკრაინაში იეჰოვას მოწმეების ფილიალიდან მოიწერეს: „და-ძმებისთვის დიდი სიურპრიზი იყო ის, რაც ხელმძღვანელმა საბჭომ გააკეთა. მათ ხომ ამხელა სიყვარული და მზრუნველობა გამოავლინეს?! ერთსა და იმავე კვირაში ძმა სტივენ ლეტისა და მარკ სანდერსონის ვიზიტი უკრაინასა და რუსეთში აშკარა მტკიცებაა იმისა, რომ ღვთის ხალხს შორის ერთობა სუფევს და ეს იმის მაჩვენებელია, თუ რაოდენ ზრუნავენ იეჰოვა და იესო მსოფლიო საძმოზე. ჩვენ ერთხმად ვაცხადებთ, რომ ეს მართლაც დროული ვიზიტი იყო, რამაც ძალები შეგვმატა, ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, კვლავაც გავაგრძელოთ იეჰოვას მსახურება!“.