არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„აღარ ვარ ძალადობის მონა“

„აღარ ვარ ძალადობის მონა“
  • დაბადების წელი: 1956

  • ქვეყანა: კანადა

  • წარსულში: თავზეხელაღებული და ძალადობის მოყვარული

მოკლე ბიოგრაფია

 დავიბადე ქალაქ კალგარში, ალბერტას პროვინციაში (კანადა). ჯერ კიდევ ჩვილი ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედა თავის მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად და მეც თან წამიყვანა. პაპა-ბებიას მე და დედა ძალიან ვუყვარდით, ამიტომ ბედნიერი ბავშვი ვიყავი. დღემდე მახსოვს, რა ტკბილი და მშვიდი ბავშვობა მქონდა იქ.

 შვიდი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები შერიგდნენ, ამიტომ საცხოვრებლად სენტ-ლუისში, მისურის შტატში გადავედით (შეერთებული შტატები). იმ დღიდან ყველაფერი აირია. მალე მივხვდი, რომ მამაჩემი სასტიკი კაცი იყო. ახალ სკოლაში პირველივე დღეს მცემეს, მაგრამ მე ხელი არ შემიბრუნებია. ამის გამო მამაჩემი ისე გამწარდა, რომ იმ ბავშვებზე მაგრად მცემა. ეს ჩემთვის ჭკუის სასწავლებელი იყო. იმ დღიდან სიტყვას აღარავის ვარჩენდი.

 მამის ცუდი ხასიათი დედასაც გადაედო. ჩვენი სახლიდან სულ ლანძღვა-გინების ხმა გადიოდა. მშობლები ხშირად ხელითაც ეხებოდნენ ერთმანეთს. 11 წლისამ უკვე ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს გავუსინჯე გემო. თანდათან მეც აგრესიული გავხდი და ქუჩურ გარჩევებში ვიღებდი მონაწილეობას. სკოლა რომ დავამთავრე, უკვე ჩამოყალიბებული მოძალადე ვიყავი.

 18 წლისა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეით ჯარში ჩავირიცხე. წვრთნების დროს გვასწავლიდნენ ბრძოლას და ადამიანის მოკვლის მეთოდებს. ხუთი წლის შემდეგ საზღვაო ჯარიდან წამოვედი. გადავწყვიტე, ფსიქოლოგია შემესწავლა იმ იმედით, რომ ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში დავიწყებდი მუშაობას. სწავლა შეერთებული შტატების უნივერსიტეტში დავიწყე და კანადაში გავაგრძელე.

 უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში საზოგადოების შემყურეს ცხოვრებაზე ამიცრუვდა გული. ვხედავდი, რა ეგოისტები იყვნენ ადამიანები და როგორი უგულო და ცივი იყო მსოფლიო. კაცობრიობის პრობლემების მოგვარების არანაირი შანსი არ არსებობდა. იმედი, რომ ადამიანებს შეეძლოთ მსოფლიო უკეთეს ადგილად ექციათ, მხოლოდ ილუზია იყო.

 ვერაფერში ვხედავდი სიცოცხლის აზრს, ამიტომ ალკოჰოლსა და ნარკოტიკს მივეძალე; ფული და აღვირახსნილი ცხოვრება გახდა ჩემი მთავარი მიზანი. დღედაღამ გართობაზე და იმაზე ვფიქრობდი, რომელ ქალთან გამეტარებინა ღამე. სამხედრო წვრთნების გამო საკუთარ ძალაზე ძალიან ვიყავი დაიმედებული, რის გამოც ხშირად ვებმებოდი ფიზიკურ დაპირისპირებებში. სამართლიანობაზე ჩემებური შეხედულება მქონდა და უსამართლობას არავის ვპატიობდი. სინამდვილეში კი, თავიდან ბოლომდე ძალადობის მონა ვიყავი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

 ერთხელ, როცა ერთ მეგობართან ერთად ჩემი სახლის სარდაფში მარიხუანას ვამზადებდი სარეალიზაციოდ, მეგობარმა მკითხა, მწამდა თუ არა ღმერთი. მე ვუპასუხე: „თუ ღმერთის ბრალია, ამდენი უბედურება რომ ხდება მსოფლიოში, მაშინ ნაღდად არ მინდა, რაიმე კავშირი მქონდეს ასეთ ღმერთთან“. მეორე დღეს ახალ სამსახურში წავედი. იქ ერთმა თანამშრომელმა, რომელიც თურმე იეჰოვას მოწმე ყოფილა, მკითხა: „როგორ ფიქრობ, ღმერთის ბრალია, მსოფლიოში ამდენი უბედურება რომ ხდება?“. ამ დამთხვევამ გამაოცა და ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო. ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით რელიგიურ თემებზე და ის მაჩვენებდა ბიბლიიდან იმ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც ყველაზე მეტად მაწუხებდა.

 ჩემი საცოლე, ვისთან ერთადაც იმ პერიოდში ვცხოვრობდი, არ მისმენდა, როცა ბიბლიურ თემებზე ვესაუბრებოდი. ერთ დღეს ვუთხარი, რომ ჩვენთან სტუმრად უნდა მოსულიყვნენ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც ბიბლიის შესწავლაში დაგვეხმარებოდნენ. მეორე დღეს, სამსახურიდან რომ დავბრუნდი, ჩემი საცოლე შინ აღარ დამხვდა; ბარგი ჩაელაგებინა და წასულიყო. გარეთ გავედი და ავტირდი. ლოცვა დავიწყე და ღმერთს ვემუდარებოდი, დამხმარებოდა. ამ დროს ლოცვაში პირველად ვახსენე ღვთის სახელი იეჰოვა (ფსალმუნი 83:18).

 ორი დღის შემდეგ, დაპირებისამებრ, იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარი მესტუმრა და ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მათი წასვლის შემდეგ გავაგრძელე შესწავლაში დამხმარე წიგნის, „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“, კითხვა და იმავე ღამეს დავამთავრე. a ჩემზე ძალიან იმოქმედა იმან, რაც ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ გავიგე. დავინახე, როგორი თანამგრძნობი ღმერთია იეჰოვა და რამდენად ახლოს მიაქვს გულთან ჩვენი გაჭირვება (ესაია 63:9). ჩემზე განსაკუთრებით იმ აზრმა იმოქმედა, რომ იეჰოვამ მეც შემიყვარა და ჩემთვისაც გაიღო მსხვერპლად საკუთარი ძე (1 იოანე 4:10). მივხვდი, რომ იეჰოვა მომთმენი იყო ჩემდამი, „რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9). ვიგრძენი, რომ იეჰოვა თავისკენ მიზიდავდა (იოანე 6:44).

 იმ კვირიდანვე დავიწყე კრების შეხვედრებზე სიარული. გრძელი თმა მქონდა, საყურეები მეკეთა და საშიში შესახედავი ვიყავი. მაგრამ მოწმეები ისე მეპყრობოდნენ, როგორც დიდი ხნის უნახავ ნათესავს. ისინი ისე იქცეოდნენ, როგორც ნამდვილ ქრისტიანებს შეეფერებოდათ. ასე მეგონა, პაპა-ბებიასთან დავბრუნდი; სიმართლე გითხრათ, აქ უკეთესი გარემოც კი იყო.

 ვატყობდი, რომ ნასწავლი ნელ-ნელა მცვლიდა: თმა შევიჭერი, შევწყვიტე ამორალური ცხოვრება, ნარკოტიკსა და ალკოჰოლსაც შევეშვი (1 კორინთელები 6:9, 10; 11:14). მინდოდა, იეჰოვას გული გამეხარებინა. თუ გავიგებდი, რომ იეჰოვას არ მოსწონდა რაღაც, რასაც მე ვაკეთებდი, საკუთარ თავს გამართლებას არასდროს ვუძებნიდი; პირიქით, დიდი სინანულის გრძნობა მეუფლებოდა. „ასე აღარ უნდა მოვიქცე“, — ვეუბნებოდი საკუთარ თავს და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვიწყებდი ცვლილების მოხდენას. მალევე ვხედავდი სასიკეთო შედეგებს, რაც ღვთის მცნებების დაცვას მოჰყვებოდა. 1989 წლის 29 ივლისს — ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან ექვს თვეში — მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.

კურთხევები

 ბიბლიამ რადიკალურად შემცვალა. ადრე, თუ ვინმე შემეწინააღმდეგებოდა, მუშტით ვუსწორდებოდი. მაგრამ დღეს ყველანაირად ვცდილობ, მშვიდობიანი ვიყო ყველასთან (რომაელები 12:18). ეს ჩემი დამსახურება ნამდვილად არ არის. იეჰოვას სიტყვამ და მისმა წმინდა სულმა შემცვალა, რისთვისაც დიდ მადლობას ვწირავ ღმერთს (გალატელები 5:22, 23; ებრაელები 4:12).

 თავი დავაღწიე ნარკოტიკების, ძალადობისა და უზნეო სურვილების მონობას. ახლა მთელი გულით ვცდილობ, გავახარო იეჰოვა და საუკეთესო გავიღო მისთვის. ამაში ისიც შედის, რომ სხვებს ღმერთის გაცნობაში დავეხმარო. მონათვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიოს სულ სხვა კუთხეში გადავედი, რადგან იქ მქადაგებლების დიდი საჭიროება იყო. წლების განმავლობაში არაერთ ადამიანს ვასწავლიდი ბიბლიას და დიდ სიხარულს განვიცდიდი, როცა ვხედავდი, მათ ცხოვრებასაც როგორ ცვლიდა ბიბლია. ბედნიერი ვარ, რომ დედაჩემიც გახდა იეჰოვას მსახური — ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩემს აზროვნებასა და საქმეებში დიდი ცვლილებები დაინახა.

 1999 წელს ელ-სალვადორში გავიარე ბიბლიური სკოლა, რომელიც დღეს „სამეფოს მახარობელთა სკოლის“ სახელითაა ცნობილი. სკოლამ მომამზადა სამქადაგებლო საქმიანობისთვის ზედამხედველობის გასაწევად, აგრეთვე მასწავლებლად და სამწყემსო საქმიანობისთვის კრებაში. იმავე წელს დავქორწინდი ევგენიაზე. დღემდე ჩემს ძვირფას მეუღლესთან ერთად სრული დროით ვქადაგებ გვატემალაში.

 ცხოვრებაზე აღარ ვარ გულაცრუებული, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ. ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ უზნეობისა და ძალადობის მონობისგან გამათავისუფლა და ნამდვილი სიყვარულისა და მშვიდობის გემო გამაგებინა.

a ამჟამად იეჰოვას მოწმეები შესწავლის დროს უმეტესწილად იყენებენ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია?“.