ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
„ერთ დროს ბრაზიანი და აგრესიული ადამიანი ვიყავი“
დაბადების წელი: 1975
ქვეყანა: მექსიკა
წარსულში: ფიცხი და აგრესიული; პატიმარი
მოკლე ბიოგრაფია
დავიბადე მექსიკაში, ჩიაპასის შტატის პატარა ქალაქ სან ხუან ჩანკალაიტოში. ჩემი ოჯახი მაიას ტომის ერთ-ერთ ეთნიკურ ჯგუფს, ჩოლს, მიეკუთვნება. ჩემს მშობლებს 12 შვილი ჰყავთ, მე მეხუთე ვარ. ბავშვობაში მე და ჩემს და-ძმებს იეჰოვას მოწმეები ბიბლიას გვასწავლიდნენ. სამწუხაროდ, ახალგაზრდობაში ბიბლიურ რჩევებს არ მივყვებოდი.
13 წლის ვიყავი, როდესაც ნარკოტიკების მიღება და ქურდობა დავიწყე. სახლიდან წამოვედი და ღამეს ხან სად ვათევდი და ხან სად. 16 წლისამ მარიხუანას პლანტაციებში დავიწყე მუშაობა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა ღამით დიდი რაოდენობით მარიხუანა გადაგვქონდა ნავით, ჩვენთან დაპირისპირებული კბილებამდე შეიარაღებული ნარკოტიკებით მოვაჭრე ჯგუფი დაგვესხა თავს. მათ სროლა დაგვიწყეს, მაგრამ მე თავს ვუშველე, მდინარეში გადავხტი და შორს გავცურე. ამ შემთხვევის შემდეგ მალევე შეერთებულ შტატებში გადავედი საცხოვრებლად.
ნარკოტიკებით ვაჭრობა შტატებშიც გავაგრძელე და უფრო მეტ პრობლემებში გავეხვიე. 19 წლის ასაკში დამაპატიმრეს და ქურდობის და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გამასამართლეს. ციხეში ერთ-ერთი ბანდის წევრი გავხდი და კიდევ სხვა ბევრი დანაშაული ჩავიდინე. ამის გამო ციხის ზედამხედველებმა პენსილვანიაში, ლუისბერგის მკაცრი რეჟიმის ციხეში გადამიყვანეს.
ლუისბერგის ციხეში უარესად ვიქცეოდი. სხეულზე უკვე მქონდა რამდენიმე ისეთივე ტატუ, როგორსაც ბანდის წევრები იკეთებდნენ, ამიტომ ახალ ციხეში ადვილად შევძელი იმავე ბანდაში გაწევრიანება. კიდევ უფრო მოძალადე გავხდი და გამუდმებით ვჩხუბობდი. ერთხელ ციხის ეზოში გავმართეთ ჩხუბი; ერთმანეთს უმოწყალოდ ვურტყამდით ბეისბოლის ჯოხებსა და სავარჯიშო განტელებს. ჩვენს შესაჩერებლად მცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამის შემდეგ ციხის უფროსებმა ციხის იმ ნაწილში გადამიყვანეს, რომელიც საშიში დამნაშავეებისთვის იყო განკუთვნილი. ძალიან ფიცხი ვიყავი და ვბილწსიტყვაობდი. ადამიანის ცემა ჩემთვის ჩვეულებრივი რამ იყო; უფრო მეტიც, ამის კეთება მსიამოვნებდა და სინდისი საერთოდ არ მაწუხებდა.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა
სპეციალურ საკანში დღის უმეტესი ნაწილი მარტო ვიყავი და დროის გასაყვანად ბიბლიის კითხვა დავიწყე. ერთ დღესაც ციხის მცველმა მომცა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. a წიგნის კითხვისას გამახსენდა, რასაც იეჰოვას მოწმეები მასწავლიდნენ ბავშვობაში. ამან იმაზე დამაფიქრა, თუ როგორ აღმოვჩნდი ასეთ წუმპეში ჩემი აგრესიული ხასიათის გამო. გამახსენდა ჩემი ოჯახი. ვიცოდი, რომ ჩემი ორი და იეჰოვას მოწმე გახდა. ჩემთვის გავიფიქრე: „ისინი ხომ მარადიულად იცხოვრებენ“. შემდეგ საკუთარ თავს ვკითხე: „მე რატომ არ უნდა ვიცხოვრო მარადიულად?“. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ შევცვლილიყავი.
ვიცოდი, რომ დახმარების გარეშე ვერ შევიცვლებოდი, ამიტომ პირველ რიგში ვილოცე და იეჰოვას შევევედრე, დამხმარებოდა. შემდეგ წერილი მივწერე შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეების ფილიალს და ბიბლიის შესწავლა მოვითხოვე. ფილიალმა იზრუნა, რომ ახლომდებარე კრებიდან ჩემ სანახავად მოსულიყვნენ, მაგრამ იმ დროისთვის ოჯახის წევრების გარდა ჩემთან არავის უშვებდნენ, ამიტომ დროდადრო კრების ერთ-ერთი წევრი ფოსტით გამამხნევებელ წერილებსა და ბიბლიურ ლიტერატურას მიგზავნიდა. მისმა წერილებმა გამიძლიერა იმის სურვილი, რომ შემეცვალა ცხოვრება.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაშინ გადავდგი, როცა ბანდის დატოვება გადავწყვიტე. ბანდის ლიდერი ციხის იმავე ნაწილში ჰყავდათ, სადაც მე, ამიტომ ერთხელ ეზოში ყოფნისას მასთან მივედი და ვუთხარი, რომ მსურდა, იეჰოვას მოწმე გავმხდარიყავი. ჩემდა გასაკვირად მან მიპასუხა: „თუ ამას სერიოზულად ამბობ, ხელს არ შეგიშლი, შენსა და ღმერთს შორის ვერ ჩავდგები; მაგრამ თუ უბრალოდ ბანდის დატოვება გინდა, კარგად იცი, ამას რა მოჰყვება“.
მომდევნო ორი წლის მანძილზე ციხის პერსონალი ხედავდა, რომ ვიცვლებოდი, რის გამოც ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალეს. მაგალითად, მცველები აღარ მიკეთებდნენ ბორკილებს, როცა შხაპის მისაღებად საკნიდან გავყავდი. ერთ-ერთმა მცველმა მირჩია კიდეც, არ შემეწყვიტა ცვლილებების მოხდენა. მოგვიანებით ციხის ზედამხედველებმა ნაკლებად მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადამიყვანეს, სადაც პატიმრობის ბოლო ერთი წელი დავყავი. 2004 წელს, ათწლიანი პატიმრობის შემდეგ, გამათავისუფლეს და ციხის ავტობუსით მექსიკაში დამაბრუნეს.
მექსიკაში ჩამოსვლისთანავე მოვძებნე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი. პირველ შეხვედრაზე პატიმრის ტანსაცმლით მივედი, რადგან სხვა ნორმალური არაფერი გამაჩნდა. მიუხედავად ამისა, მოწმეებმა თბილად მიმიღეს. მათ მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა დამარწმუნა, რომ ნამდვილ ქრისტიანებს შორის ვიყავი (იოანე 13:35). შეხვედრის შემდეგ კრების უხუცესებმა იზრუნეს, რომ ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს ჩემთვის ბიბლია ესწავლებინა. ერთი წლის შემდეგ, 2005 წლის 3 სექტემბერს, მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.
2007 წლის იანვარში სრული დროით მსახურება დავიწყე; ყოველთვე 70 საათს ვქადაგებდი და ხალხს ბიბლიას ვასწავლიდი. 2011 წელს გავიარე „ბიბლიური სკოლა დაუქორწინებელი ძმებისთვის“ (ამჟამად „სამეფოს მახარობელთა სკოლა“). ეს სკოლა დიდად დამეხმარა, რომ კრებაში ჩემი პასუხისმგებლობები უკეთ შემესრულებინა.
2013 წელს ერთ შესანიშნავ ქრისტიანზე, პილარზე ვიქორწინე. პილარი იუმორით აღნიშნავს ხოლმე, რომ მისთვის დაუჯერებელია ის, რასაც ჩემს თავზე ვუყვები. წარსული ერთხელ და სამუდამოდ მივატოვე. მეც და ჩემმა ცოლმაც კარგად ვიცით, რომ გარდაქმნა მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიის დახმარებით შევძელი (რომაელები 12:2).
კურთხევები
ლუკას 19:10-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები სწორედ რომ ჩემზეა: „კაცის ძე დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად მოვიდა“. მე დაკარგულ ცხვრად აღარ ვგრძნობ თავს; არც ტკივილს ვაყენებ ვინმეს. ბიბლიამ ჩემს სიცოცხლეს აზრი შესძინა. ახლა უკვე კარგი ურთიერთობა მაქვს სხვებთან და რაც ყველაზე მთავარია, ჩემს შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან.
[სქოლიო]
a ბიბლიის შესწავლები ტარდება წიგნით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“.