არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

მეგონა, ყველაფერი მქონდა, რაც ბედნიერებისთვის მჭირდებოდა

მეგონა, ყველაფერი მქონდა, რაც ბედნიერებისთვის მჭირდებოდა
  • დაბადების წელი: 1962

  • ქვეყანა: კანადა

  • წარსულში: ეწეოდა უზნეო ცხოვრებას

მოკლე ბიოგრაფია:

 დავიბადე კანადის კვებეკის ყველაზე დიდ ქალაქ მონრეალში. მე და ჩემს სამ და-ძმას მოსიყვარულე მშობლები როზმონტის წყნარ უბანში გვზრდიდნენ. მთელი ოჯახი მშვიდად ვცხოვრობდით.

 ბიბლიით ჯერ კიდევ ბავშვობაში დავინტერესდი. მახსოვს, 12 წლის ვიყავი, ახალი აღთქმის კითხვა რომ დავიწყე. ძალიან მსიამოვნებდა იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ კითხვა. ჩემზე დიდად იმოქმედა იმის გაგებამ, რომ იესო მოსიყვარულე და თანამგრძნობი იყო; ძალიან მინდოდა, მას დავმსგავსებოდი. სამწუხაროდ, როცა გავიზარდე, ეს სურვილი სადღაც გაქრა და ცუდ საზოგადოებასთან დავიჭირე საქმე.

 მამაჩემი საქსოფონისტი იყო, რომლისგანაც არა მხოლოდ ეს საკრავი მერგო მემკვიდრეობით, არამედ მუსიკისადმი უდიდესი სიყვარულიც, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა. საქსოფონის გარდა გიტარაზე დაკვრაც ვისწავლე. მოგვიანებით მე და ჩემმა მეგობრებმა როკ-ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ და რამდენიმე კონცერტი გავმართეთ. მუსიკალური ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები ჩვენი მუსიკით ძალიან მოიხიბლნენ; ერთხელაც მათ შემომთავაზეს, კონტრაქტი გამეფორმებინა სერიოზულ ხმის ჩამწერ კომპანიასთან. მეც ხელი მოვაწერე კონტრაქტს და მალე ჩემი მუსიკა საკმაოდ პოპულარული გახდა. კვებეკის სხვადასხვა რადიომაუწყებლობა მას ხშირად უშვებდა ხოლმე ეთერში.

 მეგონა, ყველაფერი მქონდა, რაც ბედნიერებისთვის მჭირდებოდა. ახალგაზრდა და პოპულარული ვიყავი; საყვარელ საქმეს ვეწეოდი, რასაც დიდი მოგება მოჰქონდა ჩემთვის. დღის მანძილზე სპორტდარბაზს ვსტუმრობდი, ინტერვიუებს ვაძლევდი, ავტოგრაფებს ვარიგებდი; გარდა ამისა, ხშირად ვჩანდი ტელეეკრანზე. ღამით კონცერტს ვმართავდი და წვეულებებზე დავდიოდი. სტრესს რომ გავმკლავებოდი, ალკოჰოლს მივეძალე. მოგვიანებით კი ნარკოტიკების მიღება და უზნეო ცხოვრება დავიწყე. არაფერი მანაღვლებდა.

 ზოგს ჩემი შურდა, რადგან ისე ჩანდა, თითქოს ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი. სინამდვილეში კი შინაგან სიცარიელეს ვგრძნობდი, რომელიც საშინლად მტანჯავდა, განსაკუთრებით, როცა მარტო ვრჩებოდი. მოსვენება მქონდა დაკარგული და დეპრესიაში ვიყავი. სამწუხაროდ, როდესაც მუსიკალური კარიერის მწვერვალზე ვიმყოფებოდი, ჩემი ორი მუსიკალური პროდიუსერი შიდსით დაიღუპა. ამან შოკში ჩამაგდო! მუსიკა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ჩემი ცხოვრების სტილმა საკუთარი თავი შემაძულა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა

 დიდი წარმატების მიუხედავად, თავს ბედნიერად არ ვგრძნობდი. ძალიან ვწუხდი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო. ვერ გამეგო, რატომ ხდებოდა ამდენი უსამართლობა და რატომ არაფერს აკეთებდა ღმერთი მდგომარეობის გამოსასწორებლად. ხშირად ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი, პასუხი გაეცა ჩემს კითხვებზე. როცა კონცერტებს არ ვატარებდი, თავისუფალი დრო მქონდა; ჰოდა ერთხელაც ბიბლიის კითხვა დავიწყე. მართალია, წაკითხულიდან ბევრი ვერაფერი გავიგე, თუმცა იმ დასკვნამდე კი მივედი, რომ ქვეყნიერების აღსასრული ახლოს იყო.

 ბიბლიიდან გავიგე, რომ ერთხელ იესო უდაბნოში წავიდა და 40 დღე იმარხულა (მათე 4:1, 2). ჩემთვის გავიფიქრე, რომ თუ მეც მსგავსად მოვიქცეოდი, ღმერთი გამომეცხადებოდა. ამიტომ დავთქვი დღე, როცა მარხვა უნდა დამეწყო. მარხვის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ორმა იეჰოვას მოწმემ ჩემს კარზე დააკაკუნა. კარი გავაღე და მოწმეები სახლში ისე შევიპატიჟე, თითქოს მათ მოსვლას ველოდი. ერთ-ერთ მოწმეს, რომელსაც ჟაკი ერქვა, თვალებში შევხედე და ვკითხე: „რა გვარწმუნებს, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ვცხოვრობთ?“. მან თავისი ბიბლია გადაშალა და 2 ტიმოთეს 3:1—5 მუხლები წამიკითხა. ამის მერე კითხვა კითხვაზე დავაყარე, მათ კი ბიბლიიდან ლოგიკური და დამაკმაყოფილებელი პასუხები გამცეს. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ აუცილებელი არ იყო, მემარხულა.

 იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას რეგულარულად ვსწავლობდი. ცოტა ხანში თმა შევიჭერი და სამეფო დარბაზში კრების შეხვედრებზე დავიწყე სიარული, სადაც ყველამ გულთბილად მიმიღო. მათ მიერ გამოვლენილმა სითბომ და სიყვარულმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტება ვიპოვე.

 ბიბლიიდან ნასწავლის თანახმად რომ მეცხოვრა, დიდი ცვლილებები უნდა მომეხდინა — ნარკოტიკების მიღება უნდა შემეწყვიტა და უზნეო ცხოვრება მიმეტოვებინა. ამასთან, საკუთარი თავის გარდა სხვებზეც უნდა მეფიქრა. როგორც მარტოხელა მშობელს, უნდა მეზრუნა ჩემი ორი შვილის ემოციურ და სულიერ მოთხოვნილებებზე. ასე რომ, მაღალანაზღაურებადი მუსიკალური კარიერა მივატოვე და ქარხანაში დავიწყე მუშაობა.

 ცვლილებების მოხდენა ძალიან გამიჭირდა. ნარკოტიკებისგან თავის შეკავების გამო აბსტინენციის აუტანელ სიმპტომებს ვებრძოდი, თუმცა ზოგჯერ თავს ვერ ვერეოდი და ნარკოტიკებს მაინც ვიღებდი (რომაელები 7:19, 21—24). ყველაზე მეტად უზნეო ცხოვრების მიტოვება გამიჭირდა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ დამქანცველ სამუშაოს ვასრულებდი, სანაცვლოდ კი მწირ ანაზღაურებას ვიღებდი. სამ თვეს ვანდომებდი იმ თანხის გამომუშავებას, რასაც ადრე, როგორც მუსიკოსი, ორ საათში ვშოულობდი.

 ლოცვა და ბიბლიის რეგულარული კითხვა დამეხმარა, ძველი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ მიმეტოვებინა. ერთ-ერთი ბიბლიური მუხლი, რომელიც განსაკუთრებით დამეხმარა, არ დავნებებულიყავი, იყო 2 კორინთელების 7:1. ეს მუხლი მოგვიწოდებს, „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“. კიდევ ერთი ბიბლიური მუხლი, რომელმაც დამარწმუნა, რომ მავნე ჩვევების დაძლევა შესაძლებელია, იყო ფილიპელების 4:13, სადაც ნათქვამია: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“. იეჰოვა ღმერთმა უპასუხა ჩემს ლოცვებს და დამეხმარა, ბიბლიური ჭეშმარიტება შემეყვარებინა და მის თანახმად მეცხოვრა. ამის შემდეგ მალევე გადავწყვიტე, თავი მიმეძღვნა იეჰოვასთვის (1 პეტრე 4:1, 2). 1997 წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.

კურთხევები

 ცხოვრების სტილი რომ არ შემეცვალა, დარწმუნებული ვარ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ! მყავს შესანიშნავი მეუღლე ელვი. ჩვენ სრული დროით ვემსახურებით იეჰოვას და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს სხვებისთვის ბიბლიის სწავლება. ნამდვილად აზრითა და სიხარულით აღსავსე ცხოვრება მაქვს! ძალიან მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომელმაც თავისკენ მიმიზიდა (იოანე 6:44).