მან ჭეშმარიტება პატიმრებისგან გაიგო
2011 წელს ერიტრეიდან ნორვეგიაში ერთი მამაკაცი ჩავიდა, როგორც ლტოლვილი. მას იქ იეჰოვას მოწმეები შეხვდნენ, რომელთაც უთხრა, რომ მოწმეები თავის ქვეყანაშიც ჰყავდა ნანახი. მან აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს ნახა პატიმარი მოწმეები, რომლებიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იხდიდნენ სასჯელს და გადაწყვეტილებას მაშინაც არ იცვლიდნენ, როცა სასტიკად ეპყრობოდნენ.
მოულოდნელად მოვლენები შეიცვალა და ეს კაცი თავად აღმოჩნდა ციხეში. მან იქ გაიცნო სამი მოწმე — პაულუს ეიასუ, ნეგედე ტეკლემარიამი და ისააკ მოგოსი, რომლებიც 1994 წლიდან იხდიდნენ სასჯელს რწმენის გამო.
ამ კაცმა ციხეში საკუთარი თვალით ნახა, რომ იეჰოვას მოწმეები იმ ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობდნენ, რომლებსაც სხვებს ასწავლიდნენ. მან დაინახა, რომ ისინი პატიოსანი და კეთილი ადამიანები იყვნენ და ზოგჯერ საკუთარ საჭმელსაც კი უნაწილებდნენ სხვა პატიმრებს. მან აგრეთვე შენიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები ციხეში ერთად სწავლობდნენ ბიბლიას და სხვებსაც სთავაზობდნენ, დასწრებოდნენ მათ შეხვედრებს. ისიც საკუთარი თვალით ნახა, რომ როდესაც მოწმეებს შესთავაზეს ციხიდან გათავისუფლება საკუთარ რწმენაზე უარის თქმის სანაცვლოდ, მათ უარი თქვეს ამაზე.
ამ შემთხვევამ ძალიან იმოქმედა ამ გულწრფელ ადამიანზე. ნორვეგიაში გადასვლის შემდეგ მას სურვილი გაუჩნდა, გაეგო, რატომ ჰქონდათ იეჰოვას მოწმეებს ასეთი ძლიერი რწმენა. ამიტომ მოწმეებთან პირველივე შეხვედრისთანავე დაიწყო ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე დასწრება.
2018 წლის სექტემბერში ის მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. ახლა ის ყველა შესაძლებლობას იყენებს, რომ უქადაგოს ნორვეგიაში ჩასულ ერიტრეელ და სუდანელ ლტოლვილებს და მოუწოდებს, შეისწავლონ ბიბლია, რომ ძლიერი რწმენა განივითარონ.