მუხის ხეზე წარმოთქმული ლოცვები
დომინიკელთა რესპუბლიკაში მცხოვრები რეიჩელი გვიამბობს: „იეჰოვას მოწმეების ოჯახში დავიბადე. შვიდი წლის ვიყავი, როცა მამაჩემმა ჩვენი რელიგია მიატოვა და ჭეშმარიტების აქტიური მოწინააღმდეგე გახდა. ის ყველანაირად ცდილობდა, რომ იეჰოვასთვის არ მეცა თაყვანი. ღვთის მსახურება რომ შემეწყვიტა, ხან რით ცდილობდა ჩემს მოსყიდვას და ხან — რით. ზოგჯერ ის ტელეფონს მპირდებოდა, ზოგჯერ დისნეილენდში წაყვანას, ზოგჯერ კი — საკრედიტო ბარათს. თუმცა ზოგჯერ უკიდურეს ზომასაც მიმართავდა — მცემდა და მეუბნებოდა, რომ, თუ ლაპარაკსა და სიარულს ვეღარ შევძლებდი, ვერც კრებაზე წავიდოდი. მართალი რომ ვთქვა, მის მუქარას არასდროს შევუშინებივარ და კრების შეხვედრებზე დასწრება არ შემიწყვეტია.
მამაჩემს არასოდეს ვუცემივარ დედაჩემის თვალწინ. მან ერთხელ ისიც კი მითხრა, რომ, თუ დედას ვეტყოდი ამის შესახებ, მასაც იგივე დაემართებოდა. ის ჩემს ტანზე არსებულ დალურჯებებს ვარჯიშის შედეგად მიღებულ დაზიანებებად ასაღებდა.
პატარა ვიყავი და ძალიან მეშინოდა დედაჩემისთვის იმის თქმა, თუ როგორ მექცეოდა მამა. ამიტომ იეჰოვას ვუზიარებდი ჩემს გრძნობებს. იმ პერიოდში მერილენდში (აშშ) ვცხოვრობდით და ჩვენი სახლის უკან ხშირად ვსეირნობდი ტყეში, სადაც ერთი მუხის ხე იდგა. როცა სასეირნოდ გავდიოდი, ამ ხის ტოტზე ჩამოვჯდებოდი ხოლმე და გულწრფელად ვესაუბრებოდი იეჰოვას. ვეუბნებოდი მას, თუ რას გავაკეთებდი მისთვის მომავალში, თუ ცოცხალი გადავრჩებოდი და გავიზრდებოდი. ლოცვის დროს იმასაც ვახსენებდი, თუ რისი გაკეთება მინდოდა ახალ ქვეყნიერებაში, როგორი ოჯახი მეყოლებოდა და როგორ გავიხარებდი ტკივილისა და შიშის გარეშე ცხოვრებით.
როცა მამაჩემი სხვადასხვა ხრიკს მიმართავდა, რომ ღვთის მსახურება შემეწყვიტა, განსაკუთრებით ვგრძნობდი, როგორ მანუგეშებდა და მაძლიერებდა იეჰოვა. სწორედ ის დამეხმარა, ერთგულება და სიმტკიცე შემენარჩუნებინა.
10 წლის რომ გავხდი, მოვინათლე, 2 წლის შემდეგ კი პიონერად მსახურება დავიწყე. თავიდან მამაჩემმა ამის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ, როცა გაიგო, ისე მცემა, რომ ყბა ამომიგდო.
ზოგი მირჩევდა, არ დამეწყო პიონერად მსახურება, რადგან პატარა ვიყავი და ფიქრობდნენ, რომ არ მესმოდა ამ გადაწყვეტილების სერიოზულობა. ვხედავდი, რომ ჩემს გარშემო ახალგაზრდების უმეტესობა არ ცდილობდა, სულიერად წინ წაეწია. ისინი, მეტწილად, გართობას იყვნენ გადაყოლილი. ერთი შეხედვით ეს მიმზიდველი იყო და ზოგჯერ მეც მინდებოდა, მათსავით მოვქცეულიყავი. იმასაც კი ვფიქრობდი, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ არ ვიქადაგებდი და ჩემი თანატოლებივით გავერთობოდი. თუმცა, როცა თავში ასეთი ფიქრები მომდიოდა, მაშინვე იეჰოვას ვესაუბრებოდი.
სადღაც 15 წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთმა წამყვანმა სამოდელო სააგენტომ შემომთავაზა, მათთან კონტრაქტი გამეფორმებინა და მილანში (იტალია) მემუშავა. ძალიან მაცდური შემოთავაზება იყო, წარმოვიდგინე ჩემი სურათები ჟურნალების გარეკანზე და ჩემი თავი პოდიუმზე მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი. ამ დროს უკვე 3 წელი იყო გასული პიონერული მსახურების დაწყებიდან და ვიფიქრე, რომ ეს სამუშაო დამეხმარებოდა, ფინანსურად უფრო მოვძლიერებულიყავი და მეტხანს მემსახურა პიონერად. თანაც მამაჩემი აღარ ცხოვრობდა ჩვენთან და ვფიქრობდი, რომ დედასაც დავეხმარებოდი.
ამ საკითხზე ვილოცე და დედასაც ვესაუბრე, რომელიც არაერთი წელი უკვე პიონერად მსახურობდა. ერთ უხუცესსაც გავანდე ჩემი საფიქრალი. ჩვეულებისამებრ, მუხის ხეზეც ავედი და იქაც ვილოცე. იეჰოვამ ჩემს ლოცვას უხუცესის მიერ ამოკითხული მუხლით უპასუხა. მან ეკლესიასტეს 5:4 წამაკითხა, სადაც ნათქვამია, რომ, თუ ღმერთს აღთქმას მივცემთ, არც უნდა დავაყოვნოთ მისი შესრულება. მე იეჰოვასთვის აღთქმული მქონდა, რომ მას ვემსახურებოდი და მესმოდა, რამხელა ზიანის მოტანა შეეძლო ამ სამუშაოს ჩემი და იეჰოვას ურთიერთობისთვის. საბოლოოდ ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა გადავწყვიტე.
მიუხედავად იმისა, რაც ჩემს ბავშვობაში ხდებოდა, ცოცხალი გადავრჩი და გავიზარდე. ახლა ძალიან ბედნიერი ცხოვრება მაქვს ჩემს მეუღლესთან, ჰესირთან, და 9 წლის ვაჟთან, კონორთან, ერთად. ჰესირი უხუცესად მსახურობს, კონორი კი — მოუნათლავ მაუწყებლად. მე უკვე 27 წელია, პიონერი ვარ.
ხშირად ვიხსენებ ხოლმე, რაზე ვესაუბრებოდი იეჰოვას მუხის ხის ტოტზე მჯდომი. მას ვევედრებოდი, რომ დამხმარებოდა და თხოვნა აშკარად შემისრულა კიდეც. მან გამაძლიერა, მანუგეშა და მიხელმძღვანელა. ჩემი სიცოცხლის მანძილზე იეჰოვა მუდამ მიმტკიცებს, როგორი გასაოცარი მამაა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბრძნული არჩევანი გავაკეთე და მისადმი მსახურება ავირჩიე“.