„იეჰოვამ სიცოცხლე შეგვინარჩუნა“
2005 წელს ინდოეთში მცხოვრებ ერთ ქალს, საუბაგიას, ქმარი დაეღუპა, რომელიც ოჯახის მარჩენალი იყო. საუბაგიას სამი წლის ქალიშვილი დარჩა და ძალიან გაუჭირდა ოჯახის საჭიროებებზე ზრუნვა.
მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მას მხარში არავინ დაუდგა. ოჯახის წევრებიც კი საუბაგიას და მის ქალიშვილს, მეგანას, ხშირად ახსენებდნენ, რომ ისინი მათთვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენდნენ. ნუგეში რომ ეპოვა, საუბაგიამ ადგილობრივ ეკლესიაში დაიწყო სიარული, თუმცა სიღარიბის გამო მრევლის მხრიდან იქაც დამცირებას შეხვდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, საუბაგიამ ვერც სამუშაოს პოვნა შეძლო.
ის იხსენებს: „იმდენად გადამეწურა იმედი, რომ თავის მოკვლა გადავწყვიტე. მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ჩემი შვილი ჩემ გარეშე ბევრ რამეს თავს ვერ გაართმევდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, თუ ორივენი დავასრულებდით სიცოცხლეს“. ასეთ უიმედო მდგომარეობაში მყოფი ღირსებაშელახული საუბაგია ერთ დღეს საწამლავის საყიდლად წავიდა.
მატარებლით სახლში რომ ბრუნდებოდა, საუბაგიას ერთი იეჰოვას მოწმე, ელიზაბეთი, გამოელაპარაკა. როცა ელიზაბეთმა გაიგო, რომ საუბაგია სამსახურს ეძებდა, მას დახმარება შესთავაზა. ელიზაბეთმა საუბრისას ახსენა, რომ ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად მიდიოდა ერთ ქალთან. ამან საუბაგია ძალიან გააოცა, რადგან ის არაერთ ეკლესიაში იყო ნამყოფი, მაგრამ არსად ჰქონდა გაგონილი იმ ხალხის შესახებ, რომლებიც სხვებს ბიბლიას ასწავლიდნენ. ელიზაბეთმა საუბაგიას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა.
სახლში რომ დაბრუნდა, ის კვლავ ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. თუმცა მისი ქალიშვილი იმ დროს ნათესავთან იყო, ამიტომ საუბაგიამ გადაწყვიტა, მისი დაბრუნების შემდეგ მოეყვანა სისრულეში თავისი გეგმა.
ამასობაში საუბაგია ელიზაბეთს ესტუმრა. ელიზაბეთმა მას აჩვენა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. რახან მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, საუბაგიას ყურადღება მიიპყრო ერთმა თავმა, რომლის სათაურიცაა „რა ხდება სიკვდილის შემდეგ?“. საბოლოოდ მან ბიბლიის შესწავლის დაწყება გადაწყვიტა.
ელიზაბეთმა ის კონგრესზეც დაპატიჟა, რომელიც მომდევნო კვირას უნდა გამართულიყო. საუბაგია იმდენად მოიხიბლა პროგრამით, რომ მაშინვე გადაწყვიტა, იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. კონგრესიდან სახლში რომ დაბრუნდა, მას სამსახურიც კი შესთავაზეს.
მართალია, მას საკუთარი სიცოცხლის მოსპობა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ისეთი რამ იპოვა, რაც მის სიცოცხლეს აზრს სძენდა. მოგვიანებით ისიც და მისი ქალიშვილიც მოინათლნენ. დღეს ორივე პიონერია. მეგანა ინდოეთში ერთ-ერთ მთარგმნელობით ოფისში მსახურობს.
ეს დედა-შვილი მადლიერნი არიან, რომ ელიზაბეთმა თავი არ შეიკავა და გამოელაპარაკა საუბაგიას, გამოავლინა გულწრფელი ინტერესი და ჭეშმარიტება გააცნო მათ. თუმცა ყველაზე მეტად ამისთვის ისინი იეჰოვას ემადლიერებიან. მეგანა აღნიშნავს: „ძალიან ბედნიერი ვარ. ჭეშმარიტება რომ არ გაგვეგო, ახლა, ალბათ, ცოცხლები აღარ ვიქნებოდით. მე და დედას ერთი სული გვაქვს, როდის ჩავეხუტებით მამას, გავაცნობთ ჩვენს ძვირფას ღმერთს და მოვუყვებით, რომ იეჰოვამ სიცოცხლე შეგვინარჩუნა“.